Litclub.ge

ბეღურები
შენ ახლა ისე შორს იყურები, 
რომ ვერ შემამჩნიო, სულ არ მიკვირს. 
სხედან ანტენაზე ბეღურები, 
ჰგვანან დაშინებულ ჟურნალისტებს... 

შენ კი მთების იქით იყურები, 
მაჯებმორყეული აივნიდან. 
თმაში ჩაბნეული სინგურები 
ხელის შეხებაზე გაირინდნენ... 

იქნებ დარდებისგან დავიცალოთ, 
წამყე გოჩგოჩანა მდინარესთან, 
ჩრდილში ოცნებები გაგიცვალო, 
მერე გაგეპარო მძინარეს და 

მინდვრად გაძებნინო სიყვარული, 
იქვე დამალულმა_ჭრიჭინებთან, 
შიში, ხმის ქვიტკირში შეპარული 
როცა თვალებიდან იჭყიტება, 

უნდა მივუხურო დარაბები, 
(ცოტა დამიმდუღრავს ხელისგულებს...) 
მერე თვალდახუჭულს ქარაფები_ 
საგულდაგულოდ რომ შევიგულე, 

უნდა აგატარო დაისამდე... 
მზეს აქ არაფერი დარჩენია, 
მე კი უშენობით დავისაჯე! 
იცი, უშენობა სასჯელია! 

შენ კი მთების იქით იყურები, 
მაჯებდამტვრეული აივნიდან. 
ნახე, - დატუქსული ბეღურები 
სულ სხვა ანტენაზე გადაფრინდნენ...