Litclub.ge

მიმიღე
რომ არ შეგაწუხო ჩემი მონატრებით, 
ჩემი მოფერებით და ჩემით- საერთოდ, 
ჩუმად გაგეცლები, ჩუმად მოგაკლდები, 
ჩემს მთებს მივაშურებ და სანთლებს აგინთებ. 

რომ არ მომენატრო ასე გაგიჟებით- 
როცა მეზობლები სინანულს მალავენ, 
როცა სასთუმალთან დედა დამიჯდება 
და როცა პატრონი მის მეტი არავინ 

არ ჩანს. და ჯერ თვალებს სარკესაც ვუმალავ. 
(თვალები დიდ გრძნობებს ადვილად ჰყიდიან.) 
მარტში ადიდდება პატარა დუმალაც 
და შენი ამური ცალ ხიდზე ჰკიდია... 

ჯერ კი ეს თოვლია- თებერვლის არჩივი, 
შეცივნულ მწვერვალებს ეტყობათ სიბერე. 
მოთოვოს, მოთოვოს, მოთოვოს! არ ვჩივი! 
რომ მერე ერთბაშად ავზვირთდე იმერეთს 

და შენი კლდიანი ნაპირი წავლეკო, 
და შენი მერცხლები ტალღებზე გავიკრა, 
მაგრამ თუ მაგ სულის დანგრეულ სამრეკლოს 
ზარები ჩამოვხსნა,- მარჯვენა გამიხმეს! 

პირიქით! მე ზამთრის ღამეებს მოწყენილს 
შენს ხატთან ვათენებ და ღმერთებს ვარისხებ... 
მიმიღე, ვით ერთი უბირი მლოცველი! 
მიმიღე და შენი სიუხვე მაღირსე!