Litclub.ge

ჟიულ ვერნი – მარადიული მოგზაური...
ჟიულ ვერნი – მარადიული მოგზაური, რომელსაც არ უმოგზაურია და მეცნიერი, რომელმაც პროგრესი აღმოაჩინა თავის რომანებში
1828 წლის 8 თებერვალს საფრანგეთში, ნანტში დაიბადა დიდი ფრანგი მწერალი ჟიულ ვერნი (Verne). 
ჟიულ ვერნი ითვლება სერიოზული სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ერთ-ერთ პიონერად და ფუძემდებლად.
მამა ადვოკატი იყო. ამიტომ ახალგაზრდა ვერნი პარიზში გაემგზავრა იურისპრუდენციის შესასწავლად, მაგრამ ლიტერატურის სიყვარულმა გადასძლია და გადაწყვიტა თავი დრამატურგიისათვის მიეძღვნა. თავიდან ის ჯერ კომედიებსა და ვოდევილებს წერდა.
შემდეგ მეცნიერული რომანის დაწერა გადაწყვიტა.
ჯიულ ვერნიმ სწორედ ამ მიმართულიებით, ფანტასტიკურ-სამეცნიერო, სათავგადასავლო რომანებზე მუშაობისას შეძლო და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი მწერალი.
საინტერესოა, რომ მწერალი თავად არ მოგზაურობდა. ყველა რომანში აღწერილი ადგილები სამეცნიერო ხასიათის წიგნებიდან აქვს აღებული.
ამის გამო, ზოგიერთ წიგნში უნებლიედ შეცდომაც კი მოუვიდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგალითად, ანდებში მოგზაურობისას ("კაპიტან გრანტის შვილები"), გიგანტური ფრინველი, კონდორი მოიტაცებს რობერტ გრანტს.
კონდორს ესვრის თოფს ინდიელი ტალკავი, მოგზაურების მომავალი გამყოლი და მეგობარი, ფრინველი კლანჭებიდან გაუშვებს პატარა რობერტს და ის გადარჩებს.
სინამდვილეში კონდორი ისეთი აღნაგობის არ არის, რომ კლანჭებით აიტაცოს 12 წლის ბავშვი. ასეთი ზღაპრული წარმოდგენა ამ ფრინველზე მაშინდელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. შემდგომმა სამეცნიერო აღმოჩენებმა კონდორზე გავრცელებული გადმოცემები არ დაადასტურა.
აღსანიშნავია, ჟიულ ვერნის სამწერლო ენის სისადავე და უბრალოება, ის ადვილი სათარგმნი გახდა მსოფლიოს ათეულობით ენაზე და მალე დაიპყრო მკითხველთა გულებიც მთელ მსოფლიოში.
ჟიულ ვერნი შესანიშნავი მწერალია, ის ბრწყინველედ ახერხებს დააინტრიგოს ნებისმიერი ასაკის მკითხველი.
თუ სხვა მწერლებს, კლასიკოსებად აღიარებულებს, პირველივე გვერდებიდან გაურბის ბევრი მკითხველი, მით უმეტეს ახალგაზრდობა, ჟიულ ვერნი, პირიქით, წიგნის კითხვის მოწინააღმდეგე ყმაწვილებსაც კი აჯადოებს პირველივე სტრიქონებიდან და თავის გმირებთან ერთად მიჰყავს სამოგზაუროდ. 
პირადად გვინახავს ლიტერატურასთან მწყრალად მყოფი ადამიანები, რომლებსაც ჟიულ ვერნის ნაწარმოებები რამდენჯერმეც კი აქვთ წაკითხული.
ჟიულ ვერნი ბრწყინვალედ აღწერს, როგორც ვთქვით, უნახავ ლანდაშაფტებს, ასევე, შესანიშნავად წარმოადგენს დიალოგებს და ზალდაუტანებელი იუმორით მოგვითხრობს.  
რაც მთავარია, მისი გმირები სიკეთესა და ადამიანთა შორის ურთიერთგაგებას ემსახურებიან. 
ალბათ, ყველას უნერვიულია კაპიტან ნემოს ცოლ-შვილის გამო. ბევრი გამწარებულა ბრიტანელი დამპყრობლების ქმედებებით, ბევრსაც ცრემლი მოსდგომია, როდესაც გრანტის ბავშვები გაუცვნია, რომელთაც მამა დაეკარგათ და საშველად მივიდნენ ლორდი გლენერვალის ციხე-სიმაგრეში, გულკეთილ ელენთან და მის კეთილშობილ მეუღლესთან. 
ვერნი შესანიშნავად ხატავს, როგორც კეთილშობილ მამაცებს, ისე უცნაურ მეცნიერებს, მოსიყვარულე და ერთგულ მეუღლეებს.
ყველა მოიხიბლებოდა ჟიულ ვერნის გმირებით. მისი წიგნების კითხვით არ დაიღლები, არ მოგბეზრდება, არ მიატოვებ, რადგან შესანიშნავად ვითარდება სიუჟეტი.
ჟიულ ვერნი მხარს უჭერს ერების თავისუფლებას, სამართლიანობას, მთლიანად გამსჭვალულია მეცნიერების განვითარების აუცილებლობის იდეით.
ჟიულ ვერნმა შეურწყა ერთმანეთს XIX საუკუნის მეცნიერებების მიღწევები და ფანტასტიკური სიუჟეტებიც დაუმატა. თუმცა, მის წიგნებში წარმოდგენილი ბევრი სამეცნიერო იარაღი თუ სხვა რამ, შემდგომ გახდა კაცობრიობის მონაპოვარი. მაგალითად, წყალქვეშა ნავი, აკვალანგი, ტელევიზია და ფრენა კოსმოსში, სწორედ ჟიულ ვერნმა "იწინასწარმეტყველა" თავის რომანებში.
პირველი რომანი “ხუთი კვირა აეროსტატით” 1863 წელს გამოქვეყნდა "განათლებისა და მოგზაურობის ჟურნალში". პირველივე რომანმა წარმატება მოუტანა. იმავე წელს რომანი სხვადასხვა ენებზე თარგმნეს და გამოსცეს.
წარმატებამ აღაფრთოვანა ჟიულ ვერნი. მალე, 1864 წელს გამოვიდა “მოგზაურობა დედამიწის ცენტრისაკენ”... 
სიცოცხლის ბოლო წლებში მან მხედველობა დაკარგა, მაგრამ წიგნების წერა და გამოცემა არ შეუწყვეტია.
შემოქმედების მეორე პერიოდში ის მიხვდა, რომ მეცნიერების მიღწევები შეიძლება ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებულიყო და ამის აღწერაც სცადა.
1892 წელს საფრანგეთის მთავრობამ ჟიულ ვერნი გამოაცხადა საპატიო ლეგიონის კავალერად.
ზოგიერთი მისი ნაწარმოები სიკვდილის მერე გამოაქვეყნეს.
ჟიულ ვერნი გარდაიცვალა 1905 წლის 24 მარტს, ამიენში.
მწერლის გარდაცვალების მერეც მისი წიგნები ძალიან პოპულარობით სარგებლობს. უამრავ ენაზე დღესაც ისტამბება ჟიულ ვერნის რომანები.
ამ რომანების საფუძველზე ბევრ ქვეყანაში გადაიღეს მხატვრული ფილმები, რომლებიც დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობს დღემდე და ასე იქნება, სანამ კაცობრიობას რომანტიკოსები ეყოლება.