Litclub.ge

მემატიანე სპერისაი (ლევან გოთუა)
1905 წლის 10 მარტს დაიბადა დიდი ქართველი მწერალი ლევან გოთუა. 
ბავშვობაში, ალბათ, ყველა ჩვენგანს ღამეები გვითენებია “გმირთა ვარამის” კითხვისას. რომანის დიდტანიანობა არა თუ დამღლელი, პირიქით სასიხარულო და სასიამოვნო იყო, იმიტომ, რომ უფრო დიდხანს “ვცხოვრობდით” გმირებთან ერთად ძველ, გაჭირვებულ, ვარამიან და მაინც გაუტეხელ საქართველოში, კახეთის სამეფოში და საქმით თუ ვერა, ოცნებით მაინც გვინდოდა გვეშველა ალექსანდრე მეფისათვის თუ დავით ჯანდიერისთვის. 
მომავალი მწერალი დაიბადა თბილისში, ცნობილი პუბლიცისტის, მწერლის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, პართენ გოთუასა და სოფიო კემულარიას ოჯახში. წერა-კითხვა დედამ შეასწავლა. 1925 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკური ფაკელტეტი.
1918 წელს ლევან გოთუა მოხალისედ წავიდა ფრონტზე, თუმცა გულანთებულმა ყმაწვილმა ბრძოლა ვერ მოახერხა. საქართველოს ანექსიის შემდეგ ბოლშევიკებმა მათ ოჯახს სახლის დიდი ნაწილი და ქონება ჩამოართვეს და მეთვალყურეები მიუჩინეს.
1921 წელს ლევან გოთუა ძმასთან და თანამოაზრეებთან ერთად ჩაება ანტისაბჭოთა საქმიანობაში. თუმცა აჯანყება დამარცხდა. პართენ და ლევან გოთუები დააპატიმრეს. 7 თვე მოუწიათ ციხეში ყოფნა. 1925 წელს ლევან გოთუა ისევ დააპატიმრეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს სოლოვეცკის ბანაკში. 1926 წელს გაათავისუფლეს ბანაკიდან და გადასახლებაში გაუშვეს  ვლადიკავკაზში. ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მალე გადასახლების ვადაც გაუგრძელეს. 
მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა გაქცეოდა აუტანელ რეჟიმს. “ღირსეული მამულიშვილები გვინდოდა ვყოფილიყავით, სამშობლოში ამის საშუალება კი “ჩეკამ” ყოველმხრივ დაგვიხშო”. მდინარე ჭოროხის გადაცურვისას დააკავეს, აწამეს და სამი წლით საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს. არც უცდიათ მისი დამუშავება და “დავერბოვკება”, იცოდნენ მრწამსით და საქმით ეროვნულ-დემოკრატი იყო.
გადასახლებიდან დაბრუნებულს თბილისში ცხოვრება აუკრძალეს და წალკაში დაიწყო მუშაობა ეკონომისტად. მალე ბოლნისში გადაიყვანეს. წალკაში დაწერა თავისი პირველი პიესა “ჩაძირული სოფელი”. პიესის დადგმა აკაკი ხორავამაც ვერ მოახერხა. 
იმ პერიოდში დაიწერა მისი პიესა “მეფე ერეკლე”. პიესამ საკავშირო კონკურსში მეორე პრემია მიიღო (პირველი პრემია არ გაცემულა). “მეფე ერეკლე” დაიდგა მარჯანიშვილის თეატრში. მწერალს მისცეს უფლება თბილისში ცხოვრებისა, თუმცა მუდმივად უთვალთვალებდნენ. შემდეგ ლევან გოთუამ დაწერა “ავით აღმაშენებელი”, “უძლეველნი” და სხვა.
1946 წელს ისევ დააპატიმრეს და 10 წლით ვორკუტის ბანაკში გააგზავნეს. 
“ეს ვერ გამიგია, სამშობლო იმიტომ მიყვარს, რომ ასე შორსა ვარ, თუ იმიტომ ვარ ასე შორს, რომ ასე ძლიერად მიყვარს სამშობლო” - წერდა გადასახლებაში ყოფნისას. 
გადასახლებაში ძალიან ძნელი იყო შემოქმედებითი მუშაობა, მაგრამ სხვა ქართველების დახმარებით ამას ახერხებდა. ერთ-ერთი ყოფილი ქართველი პატიმარი, რომელიც მასთან ერთად იყო გადასახლებაში, მერე იხსენებდა: “ორმოცდაათი ქართველი ვიყავით ვორკუტის ბანაკში. მე წერა-კითხვა ძლივს ვიცოდი, მაგრამ ამ ქართველებში ბევრი იყო განათლებული, მათ შორის ერთი ჯაფარიძე, რომელმაც გვითხრა, - ჩვენთან ძალიან დიდი მწერალი იხდის დაუმსახურებელ სასჯელს, როგორმე ვუპატრონოთ ამ კაცს, მივცეთ მუშაობის საშუალებაო. 
ყველა ერთხმად დაეთანხმა. მაღაროში ორ თვეში ერთხელ გვიწევდა მის მაგივრად ჩასვლა – იმ დღეს ორ ცვლაში ვმუშაობდით. ლევან გოთუას კი უნდა ეწერა, მაგრამ რაზე? რითი? არც ქაღალდი ჰქონდა, არც საწერ-კალამი. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა: მუყაოს ნაჭერი, ხის კარის ნატეხი, ფიცრები... მელანი ტექნიკურ სპირტში გაცრილი ქვანახშირის შერევით დაუმზადეს, კალამი გამოუქლიბეს. “გმირთა ვარამის” წერა ამ “ფურცლებზე” დაიწყო...
1951 წელს ვიღაცამ მოუტანა “პრავდისა” თუ “იზვესტიის” შეკვრები ურიკით და გაზეთის არშიებზე შეუდგა წერას...
1953 წელს, სტალინის გარდაცვალების მერე, ბანაკში ქაღალდის შოვნა შესაძლებელი გახდა”. დიდმა მწერალმა მთელი ნაშრომი გადაწერა. მერე ხელნაწერი მორებში ჩამალეს და ძლივს გამოიტანეს ბანაკიდან. ასე დაიწერა ქართველების არა ერთი თაობის აღმზრდელი რომანის – “გმირთა ვარამის” პირველი ნაწილი. ამ ისტორიის მოსმენისას შეიძლება ითქვას, რომ “გმირთა ვარამი” ქართველების კოლექტიური ეროვნული თვითშგნებისა ნაყოფია. ასე უყვართ ქართველებს ლიტერატურა, ქართველი მწერლები და საქართველო! 
1960 წელს გადასახლებიდან გაათავისუფლეს. დიდი მწერალი სამშობლოში დაბრუნდა და არმაზში დასახლდა ცოლ-შვილთან ერთად.
თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში: “,სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად. . . ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.”
ლევან გოთუა შესანიშნავად იცნობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. ხშირად მოგზაურობდა და აკვირდებოდა ბუნებას. ძალიან კარგად შეისწავლა საქართველოს ისტორია, რაც მის ნაწარმოებებში კარგად ჩანს. ის გახლდათ ქართული სიტყვის დიდი ოსტატი. შესანიშნავი მთხრობელი. 
როცა ლევან გოთუას მოთხრობებს კითხულობ და ორიგინალური კომპოზიტი შეგხვდება, რაც ძალიან ხშირია, მისივე სიტყვები გაგახსენდება “საუკუნო სავალიდან”: “დიდება შენდა სიტყვავ-ნაპოვნო!.. სახედ ნახულო, ნიშანში ამოღებულო და ყოვლის შემძლევ!”
მან დიდი კვალი დაამჩნია ქართულ ლიტერატურას და ქართველი ერის აზროვნებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ეროვნული იდეოლოგია, რომელიც ყველა ნაწარმოებში დიდი ძალით შეიგრძნობა. სამშობლოს განცდა უფრო მეტად გიმძაფრდება, როდესაც ლევან გოთუას ნაწარმოებებს კითხულობ.
 
ზოგჯერ მისი დადებითი გმირები, შეიძლება, მეტად დადებითნი ან უნაკლონი არიან, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს იდეაა უნაკლო, რომ საქართველოსთვის თავდადებულებს ნაკლი არ ემჩნევათ...
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი დაუსრულებელი ნაწარმოები “მითრიდატე”. ამ რომანში ბრწყინვალედაა გადმოცემული ქართული ტომების თუ თემების გაერთიანების იდეა, დიდი ტრადიცია, ცოდნა ქართველი ტომების უძველესი ცივილიზაციიდან წარმომავლობისა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შუმერისა (ძველი ქალდეასი) და ახალი საქართველო-კავკასიის ერთიანობის იდეა ასე დახვეწილად, კარგად, გააზრებულად, ვრცლად, დამაჯერებლად, მხატვრულ ნაწარმოებში იშვიათადაა წარმოდგენილი.
გავიხსენოთ “მითრიდატედან” “ქართუ ასოებით” ნაწერი “მატიანე სპერისაი”.
“პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ შუმერ იყო დედათა დედა და მამათა მამა და კერა დიდი უძველე და უპირველე ყოველთა ნათესავთა და მათგან წარმოდგნენ ტომნი და ტომნი, ნათესავნი - ქართუხ - ტაოხნი, ხალდ-ხალიბნი, კულხა-მაკრონ-ეგრისნი, აფხ-ჩერქ-ქაშაგნი, სპერ-გურ-იბერნი, ჯავახ-გოგარ-კლარჯნი, კახ-ჰერ-კამბეჩოვანნი, ბეხირ-ბიძენნი, მუსკ-მოსინკ-მესხნი, დრილ-გენიოხნი, თობელ-ტუბალ-ტიბარნი, ლაზ-ჭან-სვანნი, ჯიქ-ძურძუკ-ალვანნი, მარდ-აფშილ-სანიკნი და სხვანიცა მრავალნი.
... და ჰქონდათ ენა-დედა ერთი და წეს-ღმერთნი ერთობლივი ოდითგანვე...» 
“მითრიდატეში” შესანიშნავადაა გადმოცემული ოცნება, თუ როგორ ზრდიან ტომთა ბერიკაცები მითრიდატეს, ერთიანი, ახალი ქალდეას იმედს, დიდი წარსულის საფუძვლით.
ეს ნაწარმოები დაწერამდეც აქტუალური იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, და დღესაც აქტუალურია. სწორედ ლევან გოთუასეული იდეაა განსახორციელებელი, “რომ ჩაგონებას შთაგონება მოჰყვეს და დიდი თვითშეგნებაც გამომწიფდეს... რაღაც უფრო დიდი, ვიდრე სურვილი და საერთო სულისკვეთება!”
დიდი მწერალი ლევან გოთუა გარდაიცვალა 1973 წლის 30 იანვარს. დაკრძალეს არმაზში, თავის ეზოში (სამწუხაროს ის ეზო მისი ოჯახის საკუთრება აღარაა). 2005 წელს გადაასვენეს მცხეთის სამთავროს ეზოში.