Litclub.ge

აღდგომა
შუაღამე გადავიდა,
ასტყდა, ასტყდა ზარის რეკა,
დიდი ზარიც ბოხს ხმას აძლევს,
ზარბაზანმაც დაიჭექა!..
ადექ გიგო, ადე, ადე!
ხალხი მიდის საყრდისკენა,
ადე ჩქარა, ტანთ ჩავიცოთ,
დავგვიანდით მარტო ჩვენა...
ყველა ახლით მოკაზმულა,
ხელთ უჭირავთ კელაპტრები;
ადე, ბიჭო, ტანთ ჩაიცვი,
მაგ საბანში რაღას ძვრები?!
აგერ ზარებს მოუხშირეს,
ხალხი იყრის მეტანიას,
საყდრები სულ ლაპლაპებენ,
გარს უვლიან ლიტანიას!..
მოვიკაზმეთ და გავსწიეთ,
ეკლესია მხიარულობს,
ყველას ტუჩზედ ღიმი უქრის,
მღვდელი გალობს და ლოცულობს!..
აგერ მღვდელმა შეიძახა:
,,ქრისტე აღდგა!” და ჩვენც ცქვიტად
ვუპასუხეთ სუყველამა:
,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”
ქრისტე აღდგა!_ მიყვარს ეს დღე_
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს დიდად;
მოდი, გიგო, გადაგკოცნო!
,,ქრისტე აღდგა!”_ ,,ჭეშმარიტად!..”
მოდი, კვერცხი კვერცხსა დავკრათ,
მაგრა იყავ და კირკიტად...
,,ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა!”_ 
,,ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!..”