Litclub.ge

ბევრ ბავშვს გავაჩენდი ...
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
კიკინებიან გოგონებს, კიკინებიან გოგონებს და
ერთ ბუთხუზა ბიჭსაც _
რომ შემეძლოს, შეველიო შენთან ერთად ქალაქ-ქალაქ სირბილს,
თეატრებს და საგამოფენო დარბაზებს და
გვიან ღამემდე ვაკის პარკში ყურსვას.
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე რომ არ ვაღმერთებდე მარტოობას და
დღეში ასი გვერდის კითხვის რიტუალის მოშლა
შემზარავ პერსპექტივად არ მესახებოდეს.
ბევრ ბავშვს გაგიჩენდი _
მხოლოდ და მხოლოდ შენ გაგიჩენდი, _
რომ არ ვთრთოდე
შემდგარი რომანტიკის დამღუპავი
შენი წინდების რეცხვის წარმოსახვისას.
დამიჯერე,
ბევრ, მართლა ძალიან ბევრ ბავშვს გავაჩენდი _
ასე ვიწრო მენჯი რომ არ მქონდეს და
სამშობიარო ტკივილების წინაშე
არ ვძრწოდე ასე.
და ო, მაინც, იცი,
უზომოდ ბევრ ბავშვს გავაჩენდით,
და ვიქნებოდით ბედნიერი, ტანჯული ოჯახი,
ასე უნაყოფო რომ არ იყო,
ჩემო გ.,
ასე უიმედოდ უნაყოფო.