Litclub.ge

იერუსალიმში
შენ უნდა გევლო ამ ქუჩებში, 
მოგცემდა ნიშანს _
ათრთოლდებოდა შენი სისხლი, მუნჯი მისანი,
მე კი არაბულ სავაჭროთა ლაბირინთებში
გოლგოთა ისე გავიარე, ვერ შევიცანი.
თქვენ უნდა გევლოთ ამ ქუჩებში, 
ერთგული დედის, 
ასული ჩვენი ითრთოლებდა ტაძრის კარებთან,
ჩაიღვრებოდა მის თვალებში ცა იუდეის
და წრფელი სულით 
მაცხოვრის კვალს იგუმანებდა.
და მე კი, ასე უცაბედად გოლგოთაგავლილს,
შემხვდა ტაძარი უეცარი, ვით საოცრება,
მაცხოვრის წმინდა მისტერია ჯვარცმის, 
განბანვის
და თვით საფლავი, წინაპართა ჩემთა ოცნება.
გასხივოსნება ჩემი ასე ცოდვილი შუბლის,
ლოცვა გულწრფელი, 
ანგარებით შეუბღალავი
და მაინც ვგრძნობდი, 
შენი ლოცვა სინათლეს უფლის
მეტად იგრძნობდა, უფრო წრფელი, 
უფრო მაღალი.
რა მსურდა მეტი, 
თითქოს ღმერთმა შემინდო ბრალი,
ჩემთვისაც იშვა იუდეას ღვთიური ჩვილი.
ნაკურთხი ზეთი, იორდანეს ნაკურთხი წყალი
უბით მომქონდა თქვენთვის, 
როგორც მტრედების წყვილი.