Litclub.ge

ლექსად (ყვირილი)"
როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ,
გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში,
და სიკვდილამდე მომავალსაც უნახავ მანძილს,
ისევ სამშობლოს დაისიზმრებ ქაოსურ ძილში.

და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო,
და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის,
არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს,
ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი,

რეკლამა ქუჩის, ფასადების, ლამპიონების,
გაშარჟებული სტრიქონები ნაგვის ურნებზე,
ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები,
უპირველესად საკუთარი ამაოების

უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტი
გასცდა ყოველგვარ უკიდურეს უკეთურებას,
დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის,
უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.

სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი,
გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში,
როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს,
როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.

ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა,
გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე,
თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან,
და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს