Litclub.ge

არაგვთან ახლოს
მიბჯენილია რა ხანია მკერდზე ისარი,
შორს მიაქვს არაგვს თეთრი მთების ფაფუკი რიდე,
რას ლაპარაკობს ჩემი სისხლის მკაცრი მისანი,
რა საიდუმლოს მიმზადებს კიდევ.
დამემუქრება, ატირდება წითელი თვალით,
თავს დაიპურებს შეღამების მწირი საგზალით,
თმებს გამიწეწავს საუკუნის წვიმით და ქარით,
უბეს ჩამიჭრის და სიკვდილთან მაცნედ მაგზავნის.
მიდის ბარბაცით, შეღამება მინდვრებს ანაზებს,
შეხვდება დევი ხევხუებში, სადაც ჯანღი ჩანს,
ცხრათავიან ტანს მორჩილებით გადებს არაგვზე,
გაიღიმებს და საალერსოდ ცხრა პირს დაღრიჯავს.
არაგვთან ახლოს, მაწანწალა, ღატაკ ნისლებთან,
ვარსკვლავს ჰკიდია მომავალი, როგორც აკიდო,
აღიღინდება ჩემი სისხლის შლეგი მისანი,
ცდილობს, რომ შავი ავგაროზი გულზე დაგკიდოს,
მაგრამ ბილიკზე მოქანავე წარსული შეშლის,
მაგრამ ბილიკზე მშვენიერი ოქროს მახეა,
არაგვთან ახლოს ავგაროზი აგდია მტვერში
და აკრძალული სახელებიც მტვერში მარხია.
რას ლაპარაკობს ჩემი სისხლის შლეგი მისანი,
გაწბილებული იმეორებს ნაცნობ სახელებს,
როგორც მოსისხლის შხამიანი, ბასრი ისარი,
მიახლოვდება ყოველწამს და შიშით მახელებს.
გადუფრენია უკვე ცაზე არწივს ნებიერს,
გადაყვავილდა თურმე ვარდიც უკვე სალხენი,
ქართლის მინდვრებში ყვავილები წინაპრებია
და ნაზ ფურცლებზე აწერიათ ყველას სახელი.
და ჩემი სისხლიც ჩაქცეული მომავლის პეშვში,
დაუქცეველი, კარგად ვიცი, ჩემი მახეა,
არაგვთან ახლოს ავგაროზი აგდია მტვერში
და აკრძალული სახელებიც მტვერში მარხია.