Litclub.ge

ღამე ტიციანთან
ორნი შემოვრჩით ღამისპურობას...
არ წაგვთვლემია წამით წუხელი;
არ გვიჩხრეკია სადაურობა,
გამოხსნილ ლექსის გვედგა უღელი!

--თუ ვიაზატეთ ამ "ზაოტობას"...
თქვი და მიხაკზე შეითბე ხელი.
უთხელდებოდა ნისლი ობობას,
იბადებოდა ალაზნის ველი!

- უნდა სასწაულს აქ ეზიარო,
აქ ჩაიქოლო ლექსი-მეწყრებით!
მთლად საიქიოც რომ დაიარო,
ამ დარ-თენებას ვერ შეესწრები.

- ვერც სხვა სამოთხეს ნახავ, ურიაც
რომ აპირჯვარო ხატებს ამ დილით.
- ეს ალავერდი... ჩემი სულია --
ლექსის ყელიდან ამოვარდნილი!..

- პოეტის ბედი... ურა კვიცია,
ითქარათქუროს უნდა უბელომ!..
კი გაგეცინა, ძმაო, ტიციან, --
მოუწვიმარო მუზის ღრუბელო.

მერმე ვიშიშვლეთ მეტაფორები:
ხოხბის ელვაო... წვიმის წელიო...
რა საჭიროა, ნეტავ, ფორმები,
თუ არწივულად ყივის ყელიო!..

ვერ გაგიბედე გაკამათება,
წამოვუმოკლე ღვინოს ღვედები...
- შეხე, ცისკარი კაკანათდება --
უკვე გაბმულან ნისლის მტრედები!..

--ჩახე, ჩაბალხეთს: მთვარეგვიანმა
ყამარს საბედო დაუდო თეფში
და თრიმლის ცრემლით მთვრალმა ნიავმა
ტყე სავარცხელი გაივლო თმებში.

"ღვინოკახურთან" ერთად ვთენდებით:
შენ --ორპირელი, მე -- მუხურელი
და ღამის უბის ამომთეთრები --
აღზევანიდან მოწუხს ურემი...

ახლა უღვინოდ მინდა თრობაო! --
მიბარბაცებ და... ჯამში აბოდებ;
აქ ფიროსმანიც დაიხრჩობაო!..
- თუ ჩემი ძმა ხარ, მკლავი გამომდე.

--ახლა სიღნაღი აზღუდს მოირღვევს,
წამო, მუხლებზე დავარდნა გველის;
ალაზანი რომ წელს წამოიღებს...
ლეკის წარბივით გაწყდება გველი!