Litclub.ge

გაპარსვის შემდეგ აღარ
გაპარსვის შემდეგ აღარ ისმევ აღარც ლოსიონს
გზებიც გრძელია... რომ ამ გზებზე მარტომ იარო.
შეყვარებული?... შეხვედრები?... რაღა დროსია!
მხოლოდ საკუთარ მარტოობის ხარ მოზიარე.

ფიქრი ბუხართან, სავარძელში, ფანჯრის რაფაზე
ეძებ ნაკვალებს, იქნებ სულაც აღარ არსებობ
დროის ფილტვებში ჩალექილი ერთი ნაფაზი
სულ რომ დაეძებ და პოულობ რაღაც მსგავსებას

შენსა და ტოტებ-ჩამოსხეპილ აკაციებში...
არის უთუოდ! არის რაღაც მსგავსი, ისე რომ
გაგაჟრჟოლებს და გაგრიყავს და გაგაციებს და!
გინდა ვენები სამართებლით გადაისერო

ოღონდ არავინ გაგიმეტოს გადასარჩენად
ისე არ გწყალობს, არც ეს არის გამორიცხული,
გინდა შერისხო არსებობა და შეაჩვენო,
სიცოცხლე სისხლად ვენებიდან გამორიყული.