Litclub.ge

ციფერბლატი
ჰო
ყოველთვის ასეა...
ხშირად მაგვიანდება
ერთი წამი,
ერთი წუთი,
ერთი საათი,
ერთი დღე.
ჰო,
ყოველთვის ასეა,
ხშირად ვაგვიანებ
ერთი წამით,
ერთი წუთით,
ერთი საათით,
ერთი დღით.
და ეს ერთი თავდაყირა აყენებს ყველაფერს.
არ ვიცი რატომ
მაგრამ ყოველთვის მრჩება
საყვარელი ნივთი იქ,
სადაც ვიყავი და
ისევ უნდა დავბრუნდე.
და რატომღაც
ყოველთვის ვკარგავ ადამიანს
რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
არ ვიცი რატომ
მაგრამ ჩემი ოცნებები
ყოველთვის სრულდება
ერთი წამის,
ერთი წუთის,
ერთი საათის,
ერთი დღის დაგვიანებით.
და ხშირად ეს ერთი
ძალიან გვიანია.
არ ვიცი რატომ მაგრამ ახლა
შენ - ყველაფერი ხარ ჩემთვის,
ის - უკვე არაფერი.
და ეს ყველაფერი დღეს ხდება
არცერთი წამის,
არცერთი წუთის,
არცერთი საათის,
არცერთი დღის
დაგვიანებით.
და ჩემი სადღაც დარჩენილი საყვარელი წიგნი
ახლა შენთანაა უკანდასაბრუნებლად.
იქნებ იმიტომ, რომ
აღარ დამაგვიანდეს,
ოცნებები დაგვიანებით აღარ ასრულდეს
და ციფერბლატმა 
აღარ მამცნოს ჩემი დროის დაგვიანება. 
ჰო
ყოველთვის ასეა...
ხშირად მაგვიანდება.
დაბადებით კი
თურმე ზუსტად
ერთი თვით,
ერთი დღით,
ერთი საათით,
ერთი წუთით და
ერთი წამით ადრე დავიბადე.