Litclub.ge

შეყვარებულნი ოდეს ქარები...
იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...
1954შემოდიოდა ჩვენში კალანდა
და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს...
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია...
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა...
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა...
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან...
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა...