Litclub.ge

ეს აფიშები
ეს აფიშები...
ეს აფიშები...
ეს აფიშები ნაცნობი გვარით,
თითქოს მბოჭავენ, არ მეშვებიან,
გულს მიშიშვლებენ, სულს მიშიშვლებენ,
ან თავს მოვიკლავ,
ან გავგიჟდები.
აუტანელი, როგორც ტკივილი _
კვალდაკვალ მომდევს აფიშების უხმო კივილი;
აფიშებიდან გადმოაბიჯა
და წინ დამიდგა მოგონება გარდასულ დღეთა.
ის ამ მყივარი აფიშებით მოვიდა ჩემთან
და ჩემს იდუმალ ტკივილებს ამხელს;
ძალით მახსენებს მივიწყებულ
საყვარელ სახელს;
სად გაექცევი ამ აფიშებს ანდა მათ კივილს?
სად გაექცევი საკუთარი ჭრილობის ტკივილს?
სევდას, უძილო ღამეებით ბევრჯერ აწონილს...
საკუთარ აჩრდილს, მლიქვნელივით
ფეხქვეშ გაწოლილს...
მოვრბივარ, მაგრამ...
ვეცემი, მაგრამ...
კვლავ ვდგები, მაგრამ...
ისევ გავრბივარ, გავრბივარ, მაგრამ
აუტანელი, როგორც ტკივილი,
უკან მომყვება აფიშების
უხმო კივილი.