Litclub.ge

ტერენტი გრანელს
ზღვაზე ფეხით მინდა გავიარო ახლა,
უკან მომყვებოდეს შენი ორეული,
სულში უსახელო სევდა ჩაესახლა,
ასე ნაცნობი და ასე შორეული.

გული ჩამომწყვიტე როგორც ჩოხას ღილი,
ჩემი მწვალებელი მკვდარი მზის ფონია,
ისე მწუხარეა შენი მოძახილი,
როგორც განწირული ქვეყნის სიმფონია.

სული საყდარია, მკერდი რა ფიქალი,
სხივთა ელვარება გადაენთო ლოყებს,
მხოლოდ შენ გესმოდა ჩემი ნაფიქრალი,
ლექსად გაწყობილი ჰგვანდა ნეკროლოგებს.

ევას ნაშიერო, როგორ განდო სული?
გზებმა დაგზაფრეს და სხვასთან დაიცადე,
ასე შორეული, ასე მარტოსული, 
ასე დაისრული მივალ დაისამდე.

ვარდად ხელმეორედ აღარ გავიშლები,
ზეცას დავიწყნია ჰანგი სამაჟორე,
მკვდარი თევზებივით ყრია კლავიშები,
ღმერთო მომკალი და მიწას გამაშორე.