Litclub.ge

მარტოხე
ხევ მრუდე და ხევ მართალო,
ხეო, ერთი ციდა...
გოგლა

რა ვიცი, 
იქნება ასე სჯობს, მარტოხე,
იდგე და გრიგალებს ელოდო, ჩემფერო!
იქნება შენს მკლავზე გამოყრილ ბოლო კვირტს
აღარც კი ეფერო...
იქნება სიმშვიდე სჯობია ყველაფერს,
რომ ქარში მორჩილად ტოტები დახარო,
ოდესმე გაახმობს ყველა ხეს –
ასეა შექმნილი სამყარო.
დრო იყო – ფოთლებზე გიბნევდნენ ალმასებს,
გითქვამდნენ სურვილებს ნაფლეთით მანდილის,
დაფიქრდი, დაფიქრდი, მატოხე, ამაზე –
შენი სილამაზე არ იყო ადვილი...
და როცა ოქტომბრის ქარებმა დაგფანტეს,
ვინც ადრე – სათუთად გფურცლავდა,
რატომ გეშინია, რომ უნდა დაღამდეს,
არ იცი?
ხანდახან ხმებიან ფუჭადაც...
შენ კი, ღირსეულად დაისხი ნაყოფი
და უნდა წახვიდე ახლა ამ ბაღიდან,
შენი ყვავილები ფერგადასულია
და ალბათ,
თავიდან გადაშლად არც ღირდა.
რა ვიცი, იქნება ასე სჯობს, მარტოხე,
მარადი ყოფისგან პირჯვარი გეწეროს,
შენ თითქოს ბებერო,
და მაინც ლამაზო,
მარტოხე!
მარტოხე!
შე მართლა ჩემფერო!