Litclub.ge

პროლეტარიატი
(თეთრი ლექსი) 

ჩვენ ყველგანა ვართ!
უთვალავნი და უძლეველნი!
ჩვენი ლაშქარი - 
ლაშქარია ბრწყინვალე შრომის!
ჩვენ აღვაშენეთ ქალაქები
უზარმაზარნი,
აუარებელ სიმდიდრით და
საკვირველებით!
ჩვენ ყველგანა ვართ:
მიწის გულში -
მაღაროებში,
მის ზედაპირზე -
დიდ ქარხნებში,
დიდ ფაბრიკებში,
ცაზე და ზღვაზე,
განუზომელ მთელ სამყაროზე!
უმძიმეს ბორბალს
ჩვენ ვაბრუნებთ ინდუსტრიისას!
ჩვენი გაფიცვა მკვდარ უდაბნოდ
აქცევს ქვეყანას,
ვით სასაფლაოს,
დაყრუებულს მუდმივ ძილქუშით!
სამრეკლო ჩვენი აზიდული
ცას ებჯინება!
ამ სამრეკლოზე დაკიდული
ფოლადის ზარი
გუგუნებს ქვეყნად!
ორხმოვანია გუგუნი მისი:
ერთია ხსნისა,
ძლევამოსილ გამარჯვებისა,
ხოლო მეორე -
მტრის დაღუპვის,
დამარცხებისა!
პირველში ისმის
გაყვლეფილთა ხმა აღდგომისა,
მეორეში კი -
გლოვის ზარი მყვლეფელებისა!
და ეს ორი ხმა
ორი ქვეყნის არსებობისა
კიდითი კიდეს ეფინება
ცის გრგვინვასავით;
ის მოუწოდებს
ყველა ქვეყნის პროლეტარიატს
შეერთებისკენ,
ბრძოლისკენ და გამარჯვებისკენ!
თრთიან ღმერთები
მიწიერნი,
შიშით დამფრთხალნი,
ციებ-ცხელებით ცახცახებენ
ოქროს კერპები!
ნაცვლად ჯვარისა
სამრეკლოზე ფრიალებს დროშა,
დროშა წითელი,
დაცხრილული ტყვიის სეტყვაში,
ბრძოლის ალმურში გამოვლილი
სისხლით ნაფერი!
ხისა როდია ტარი მისი -
ძმათა ძვლისაა,
იმ ნეტარ ძმათა,
რომელნიც ამ
დროშას ემსხვერპლნენ!
გინდათ გაიგოთ
მათი რიცხვი,
რაოდენობა?
მაშ, დაითვალეთ
ზღვათა ქვიშა,
ცათა ფრინველი,
ანდა ვარსკვლავნი,
მათს თვალებს რომ
მოგვაგონებენ!
გვიყვარს მშვიდობა,
გვიყვარს ზავი,
აღმშენებლობა,
მაგრამ თუ ვინმემ
არ დაგვზოგა
და თავს დაგვესხა, -
არც ჩვენ დავინდობთ,
გააფთრებულნი ვეკვეთებით
და ისე დავფლეთთ,
როგორცა ფლეთავს
მონადირეს
დაჭრილი ვეფხვი!
ორივე ვიცით:
სიძულვილიც
და სიყვარულიც!

რევოლუცია! -
აი ის ძალა,
ჩვენში რომ გუზგუზებს,
ვულკანს რომ აჩაღებს!
მას ქვეყნის მეფენი
პირქვე დაუცია
და ისვე დაამხობს
მსოფლიოს ყაჩაღებს!

იხრწნება,
ჩირქდება 
ქვეყანა ძველი,
როგორც დიდი ხნის
მძოვრი და ლეში,
და იწამლება არსი ყოველი
მისი სხეულის მყრალ სიდამპლეში!
მერე ვინ არის მესაფლავე
ამ სიბინძურის?
ვინა და
ჩვენა!
ჩვენ გადავასხამთ
ნავთსა და კუპრს,
დავწვავთ!
დავბუგავთ!

ცეცხლი,
მაშ, ცეცხლი!
გავაჩაღოთ,
დავანთოთ ცეცხლი!
ცეცხლის ალმურში
ჩაიფერფლოს
ქვეყანა ძველი!
ჩვენ ავაშენებთ
ახალსა და ლამაზ ქვეყანას
ახალ კულტურით
და ახალი ყოფაცხოვრებით!
იგი იქნება
შრომისა და ძმობის ქვეყანა,
სადაც ენთება
მზე ბრწყინვალე თავისუფლების,
მზე წინმსვლელობის,
მზე შეგნების,
მზე სიყვარულის,
მზე ნეტარების,
თანხმობის
და თანასწორობის!
დიდება იმ მზეს!
ვაშა მის მოსვლას! 

1926 წ..