Litclub.ge

* * * "მახსოვს სახე განა შენი"
მახსოვს სახე განა შენი,
ბაღი მახსოვს განაშენი
ცასთან,-ცამდე ღრუბლის კიბით ასული ...
სიო სიტყვა მონაბერი,
მე უდაბნოს მონა ბერი,
შენ-უფლისგან მოგზავნილი ასული.

რა დრო იყო! ო, რა გული!
ვით ბადეში ორაგული
ცახცახებდი ჩემს მკლავებში გაბმული ...
მერე გზები გაიყო რა,-
ჩვენში სივრცე გაიყორა,
მერე ყოფნა კვნესა იყო გაბმული.

ნანობ კარი-კარ ნავალი,
ნახე ბევრი კარნავალი,
ვერ გიმოძღვრე სიწმინდისთვის განაჩენს ...
გული მრავალს დაუფალი,
მეც ბრალში ვარ და უფალი
ახლა ერთად გამოგვიტანს განაჩენს.