Litclub.ge

ზამთრისპირის აკვარელი
აივანიც, ეზო-ყურეც,
გაკრეფილი ზვარიც,
დაფენილა ყვიციანი
ყვავილებით ქარის,
ღარტაფებში წვება ბური,
იშრიტება წყარო.
ჩამტკბარ კვრინჩხის ჩამოკრეფას
ჯერ არავინ ჩქარობს.
რძიან ნისლებს, გადაპენტილს
ალისფრად და ლურჯად,
ალაგ-ალაგ ჩარღვეული
გულისპირი უჩანთ...
მე და ჩემი შემოდგომა
გადავუხვევთ გზიდან —
ჩავლილ წყლებზე მოქანავე
ხიდზე გავლა გვინდა.