Litclub.ge

მოლოდინი
გია ყარყარაშვილისადმი

შენც წინაპრისა გმართებს,
იმათი ზურგით დავობ!
ებღაუჭები მათი
სამარის ხავსს და ხაოს!

აბა, ამ ქურდულ ყომარს,
ამ ჩვენს მშობლიურ ქაოსს,
ეგ საფლავები რომ არ,
რა გაუძლებდა, ძმაო?!

იქნებ არც უნდა შველა
ამდენ ფესვიდან შემხმარს!
შენს ეტლში ვსხედვართ ყველა,
წელგამართული შენ ხარ!

მიიპარება თოვლი,
თავს გაზაფხული ადგას...
შენ ვისაც ელი, მოვლენ,
ჩვენთვის იცოცხლეს რადგან...

მე იმ ნიაღვარს ვლოცავ,
გზად რომ წალეკავს ბრელოს,
ოღონდ მოგისწრონ ცოცხალს,
მამულო, საყვარელო!