Litclub.ge

დედა მარიამი
რამდენი სიმშვიდე დააკლდათ ნერვებს,
თითქოს საბოლოოდ დავნებდი იღბალს,
პოეტის პალატა, პალატა მერვე,-
აუხსნეს ვიღაცას კარების მიღმა.

ბაღში უჩინარი სევდა დარიალებს,
სხეულს იდუმალი მოწყენა თენთავს,
მოდის სანახავად დედა მარიამი,
ჩემი სანთელივით სპეტაკი დედა.

თურმე შეიპირა თაფლზე მთის სოფლელი
და ასე ჰგონია დღეს უფრო მხნედაა,
დედაჩემი არაა მარიამ ღვთისმშობელი,
მაგრამ დედაჩემი პოეტის დედაა.

გულში უჩინარმა სევდამ გამიარა,
ქარის სიჯიუტით მომელტვის ჩრდილი,
ღმერთო, დაიფარე დედა მარიამი,
უცოცხლე ცოტა ხანს პოეტი შვილი.