Litclub.ge

სონეტი 9.
9.

რა ხშირად ისმის ოქტავაში შენი სახელი -
დო-მინორ, დონი, ირხევიან ბაგენი თრთოლით.
ჰაერში ყველა მოსრიალე ხმელი ფოთოლი
არის სულ შენკენ გამოწვდილი მათხოვრის ხელი.

მხატვრისთვის ზამთრის მოდელია ტიტველი ხენი.
ცხენის ჭიხვინით ეფინება მიდამოს თოვლი,
ფაფარაშლილი ყალყზე დგება, თითქოს მოთოკილ
თავს წინ ეწევა და აფერხებს მძიმე მარხილი.

საკუთარ სხეულს აწყვეტილი ეს ხომ სულია,
ბაღში ქარივით დასრიალებს... რა შორს წასულა,
დავიწყებიათ არსებობა მისი სრულიად.

დაღამების და გათენების მოსაწყენ სურათს,
ვინ ხატავს ნეტავ, ან ვინაა ავი მძრახველი?
სარკმელზე ნელა აკაკუნებს უღონო ხელი.