Litclub.ge

სული ქართული
ჩემს ნათლიას ავთანდილ წერეთელს
 

თავს დატრიალებს ქართულ მიწას, ძვლებით გაპოხილს
სული ქართული გაჟღენთილი ვნებით, ამბოხით,
ვერ ეგუება უძრაობას მიწყივ მბორგავი,
უტეხი, მტკიცე, ქედუხრელი, შეუბორკავი.

დასაბამიდან უფალივით ჯვარზე გაკრული,
თვისტომთან კუშტი, უცხოსათვის თავგადაკლული,
კეთილი, უხვი, ქედმაღალი, სათნო, მიმნდობი,
არმოშიშარი ქარმეხის და უამინდობის.

თერგივით შლეგი, ენგურივით მხნე და მედგარი,
მტკვარივით დინჯი, არაგვივით დაუდეგარი,
ბოროტთან მბრძოლი და ქომაგი ყველა ჩაგრულის,
ღარიბ-ღატაკის განმკითხავი, ბრძენი მსაჯული,

ბავშვივით ბრიყვი და ბრძენივით ყოვლისმცნობელი,
მგზნებარე, დინჯი, გულწყნარიც და დაუნდობელიც.
წყალობდა ღმერთი მოთმინების ნიჭით აღჭურვილს,
რამდენ კოჭლ თემურს შეერკინა, რამდენ საჭურისს.

ახლაც ჩვენთან არს, ჩვენზე ფიქრით ათენ-აღამებს,
თავს დატრიალებს მცხეთას, გელათს, კრწანისს, ნაღვარევს,
ეალერსება ოქროს საბლით მოზომილ მხარეს,
ხან ნეტარებს, ხან სიამტკბილობს, ხან ცრემლს ღვრის ცხარეს,

ხან სინანულის ცრემლი თუთქავს, როგორც ალმური,
რადგან მცირე ვართ, სხვა ხალხის დგას აქ ჟრიამული;
როდესაც ცოდვის ტრიალია და გვიჭირს მეტად,
დაბლა ჩამოდის და გვადგია თავს ნათლის სვეტად.

როს ერის სულში უსაშველო ბოღმა გროვდება,
ნანგრევებიდან ისმის მისი ოხვრა-გოდება.
წუხს, რომ კვლავ ისევ უდარდელად ვუზივართ სუფრას
და საქართველოს სხნას ავედრებს ყოვლისმძლე უფალს.

ხან ცადაზდულ სვეტიცხოველს თავზე ეხვევა,
ერს სასომიხდილს განუმტკიცებს რწმენის ხერხემალს.
ახალ გმირს უხმობს, როს არისხებს ზარებს ქაშვეთის,
მწარედ იგონებს ოშკს და ხახულს თვალებდაშრეტილს,

ამოწმებს – ერის მღვიძარება ხომ არ გამქრალა,
ხომ არ დაგვღუპა იმ მზაკვარმა ბოლოქანქალამ.
ხან საგანგებოდ გადაგვიშლის საღმრთო წერილს და
კოპებშეკრული გადმოგვცქერის მყინვარწვერიდან.

გვასწავლის როგორ გამოვკვეთოთ ქვაში მტევანი,
როგორ გავხადო სიტყვა უფრო ღრმა და ტევადი,
როგორ ვუშველოთ მამულს ფუტკრის სკასავით აშლილს,
ანდა უფალი ვით შევიცნოთ საკუთარ თავში,

ხან მეხივით სჭექს, ხან უნაზეს ჰანგად იღვრება,
ხან კი გაბმული ქვითინია მისი სიმღერა.
მიყვარს, როდესაც ცისფერ ფრთებით ზეცას მოიარს,
ჩაკრულოდ, ლილედ, კრიმანჭულად და ოდოიად.

მასში რწმენა და მოთმინება არის იობის
და დაფარული საიდუმლო კაცობრიობის.
ვაზს თავს ევლება, ფხას უმოწმებს სახნის საკვეთელს;
ხარობს, როდესაც ყველა თავის საქმეს აკეთებს.

ხან წერაქვს იღებს, აჭრიალებს ხანაც საჭრეთელს,
ყველაფერს ცდილობს, ქვეყნის წინსვლა რომ არ გაჩერდეს.
ხან ხატობაში აკვესდება როგორც კაფია,
ხან მდუმარეა, ვით საფლავის ეპიტაფია.

* * *

გვყავდნენ მეფენი წოდებულნი ქრისტეს მახვილად,
მათის წყალობით დროშა ჩვენი ძირს არ დახრილა.
სვეტიცხოველით, ალავერდით, გრემით, გერგეტით
ვიყავით მუდამ ჭირთა მთმენი, მტკიცე, კერკეტი.

ვუმკლავდებოდით ურიცხვ მომხვდურს ძალით ფარულით,
ხმლით, საჭრეთელით, გუთნით, ფუნჯით, ასომთავრულით.
მოვიგერიეთ ბარბაროსთა ურდო მრავალი
წმინდა ნინოს ჯვრით, ღვთის მახვილით, თასით გრაალის.

* * *

სული ქართულო, მგზნებარევ და ომახიანო,
ყველას გულს გვიკლავ ძველებურად რომ არ ხმიანობ.
ტანჯვაც, ვაებაც, ჭირიც, ლხინიც გვქონდა უთვლელი,
სულო ფშაველი გენიოსის, სულო რუსთველის.

ლაღი სიმღერის მთიდან მთაზე გადაძახებავ
და გაზაფხულის ღამეების აზამბახებავ,
შმაგო არაგვო, შლეგო თერგო, ანცო ტეხურო
და მთის ზვავების გაქანებავ ელვა-მეხურო.

* * *

ის ჯერ მდუმარებს, თავის სათქმელს მანამ არ იტყვის,
სანამ ღვთის ნებით არ დადგება ჟამი განკითხვის.
ჯერ კი საკუთარ თავში არის განთავსებული,
ღრღნის მოგონება უთვალავი ათასწლეულის,

დადგება ჟამი და ღვთიური სინათლით სავსე
ახალი ძალით გაბრწყინდება მსოფლიოს თავზე.
მარად ლაღი და მყინვარივით ცად აღმართული,
მარადისობას შეჰხიზვნია სული ქართული.