Litclub.ge

გულთამხილავის მსჯავრი
ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წასდგა. 

უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა. 

- იცოდით ნება ჩემი? 

- ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება, შემისწავლია წმიდა სახარება, სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება; ზეპირათ ვიცი საგალობელნი და ლოცვები, - მოახსენა ერთმა. 

მეორე სდუმდა. 

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. 

- არ ვიცი, არ წამიკითხავს. 

- შეასრულეთ ნება ჩემი? - იკითხა კიდევ უფალმა. 

- გზითა მართლითა ვიდოდი; საპყართა განვიკითხავდი; მიყვარდა ძმა ჩემი, ვითარცა თავი ჩემი; შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი, - მიუგო პირველმა. 

მეორე სდუმდა. 

- შენ? - დაეკითხა მდუმარეს ღმერთი. 

- არ მახსოვს, უფალო, და მგონია, არც ყოფილა ასეთი რამ. 

- შეასრულე ათი მცნება? - განაგრძო უფალმა დაკითხვა, თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა. 

- დიახ, უფალო! არც ერთი არ დამირღვევია! - მიუგო პირველმა. 

მეორე ისევ სდუმდა. 

- შენ? 

- რა? 

- მოგიკლავს ადამიანი? 

- არა! ორფეხი ცხოველი, ადამიანს რომ უძახიან, ის კი. 

- გითქვამს ტყუილი? 

- ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებათ ხდიდა, ისეთი კი... ბევრი. 

- გიმრუშია? 

- არა! სატრფოსთან ერთარსებათ კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში კი დავმწვარვართ! 

- გიგმია ღმერთი? 

- არა! ის ძალა კი, ადამიანს რომ უკუღმართ გზაზე დააყენებს, სიცოცხლეს გაუმწარებს, ის კი ხშირათ. 

- თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს? 

- ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი - ღმერთს სიყვარულისას, იმედისას, მშვენიერებისას. 

ყველა დადუმდა. 

- რა გსურთ ახლა? - დაარღვია ღმერთმა სიჩუმე. 

- განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა! - საჩქაროთ უპასუხა პირველმა. 

მეორე სდუმდა. 

- შენ? 

- ნუ მათქმევინებ - გარისხდები, უფალო! 

- მოგენიჭოს! - ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადიყარა. 

მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე, ვარდებით შემკული, ლამაზი ქალწული. მას ნეკტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა. 

- მე რაღა, უფალო? - შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს. 

- შენ ჯერ არ გიცხოვრია: შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადათ შენ რისი მომქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და სასიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო?! წადი ისევ ქვეყნად.