Litclub.ge

ლიტერატურული საღამო
ხუთშაბათს ლიტერატურული საღამო იყო დანიშნული. წინა დღით წერილი მივიღე. ავტორს, როგორც ეტყობა, სურს იგი გამოქვეყნებული იყოს. ვბეჭდავ უცვლელათ. 

ბატონო ნ.! 

გაზეთში გამოცხადებულია, რომ თქვენ 14 სექტემბერს ლიტერატურულ საღამოზე წაიკითხავთ ახალ ნაწარმოებს... სრული დარწმუნებული ვარ, ვერავითარ ახალს რასმე ვერ დასწერთ. მე თქვენზე უფრო მაგარი აგებულების ადამიანი ვარ, ჩემი ცხოვრება მკაცრ ხელობას - ექიმობას მოვანდომე, მაგრამ გამოურკვეველმა მდგომარეობამ ხელი ამაღებინა ჩემს სპეციალ მუშაობაზე და იქ ვეჩხირები, სადაც ჩემი სნეულების განკურნვას ველი. 

გიგზავნით წრფელ აღსარებას, დაკვირვებულ აღწერილობას ჩემი საკუთარი ავადმყოფობისას; წაუკითხეთ იგი საზოგადოებას, იქნებ, მსმენელთაც სიამოვნებით მიიღონ და მეც წამალი მომინახონ. 

კარგა ხანია დავრწმუნდი, რომ უცნობ კარების წინ ვდგევართ... ფარდები კართა უკვე ათრთოლდენ და გაშლისთანავე ან დავინახავთ ნანატრ ბედნიერებას, ან სამარადისო წყვდიადის მსხვერპლნი შევიქნებით. 

ამ აზრს ვუტრიალებ ყოველის მხრივ და ამ ნიადაგზე დამეწყო გალუცინაციები. 

ჩემი ოთახის ფანჯრიდან ხშირათ მოჩანს თეთრი თოვლით დაფარული მზის სხივებით აფერილი მყინვარი და შორიდან მისი ხმა ისმის, ვით ხმა ნაზი ქალწულისა: 

მოუარეთ საქართველოს! 

მთვარიან ღამეში ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, თალხით მოსილ ჭირისუფალსავით რომ დასცქერიან ქუთაისს, უხმოთ მეტყველებენ: 

მოუარეთ საქართველოს! 

ზოგჯერ ქუჩაში წინ გადამეღობება სულის მესაიდუმლე შოთა, და ბრძანების კილოთი ამბობს: 

მოუარეთ საქართველოს! 

ღამის წყვდიადში ყურს მოვკრავ მდინარეთა გალობა-სიმღერას; იწყებს მკვირცხლი რიონი; შემოსძახებს გიჟმაჟი თერგი და ბანს ეუბნება დინჯი მტკვარი: 

მოუარეთ საქართველოს! 

ნუთუ, ბატონო ჩემო, გუშინწინ რომ კოკისპირულმა წვიმამ დაასხა, არ გაგიგონიათ გაუთავებელი, გაბმული ძახილი ყოველი წვეთისა: 

მოუარეთ საქართველოს! 

1917 წ.