Litclub.ge

რწყილი და ჭიანჭველა
რწყილი და ჭიანჭველა დაძმობილდნენ, წავიდნენ გზასა. მიადგნენ ერთ რუს. რწყილმა უთხრა ჭიანჭველას: 

- მე გადავხტები და შენ რაღა გეშველებაო? 

- განა მე კი ვერ გადავხტებიო?! - უთხრა ჭიანჭველამ. 

რწუილმა ისკუპა - გადახტა; ჭიანჭველამ ისკუპა - წყალში ჩავარდა. შეეხვეწა რწყილს: 

- ძმობილო, მიშველე რამე, ნუ დამახრჩობ! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ღორთან და სთხოვა: 

- ღორო მომე ჯაგარი,

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

ღორმა უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა მუხასთან და სთხოვა: 

- მუხავ მომე რკო, 

რკოს მივუტან ღორსა, 

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

მუხამ უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის ყვავი არ მოგიშორებიაო!

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ყვავთან და სთხოვა: 

- ყვავო, ეხსენ მუხასა, 

მუხა მომცემს რკოსა, 

რკოს მივუტან ღორსა, 

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

ყვავმა უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის წიწილა არ მოგიყვანიაო! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კრუხთან და სთხოვა:

- კრუხო მომე წიწილი, 

წიწილს მივგვრი ყვავსა, 

ყვავი დასთმობს მუხასა, 

მუხა მომცემს რკოსა, 

რკოს მივუტან ღორსა, 

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

კრუხმა უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის ფეტვი არ მოგიტანიაო! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ორმოსთან და სთხოვა: 

- ორმოვ, მომე ფეტვი, 

ფეტვს მივუტან კრუხსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა, 

წიწილს მივგვრი ყვავსა,

ყვავი დასთმობს მუხასა, 

მუხა მომცემს რკოსა, 

რკოს მივუტან ღორსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა, 

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

ორმომ უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის თაგვი არ მოგიორებიაო! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა თაგვთან და სთხოვა: 

- თაგვო, ეხსენ ორმოსა, 

ორმო მომცემს ფეტვსა, 

ფეტვს მივუტან კრუხსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა, 

წიწილს მივგვრი ყვავსა, 

ყვავი დასთმობს მუხასა, 

მუხა მომცემს რკოსა, 

რკოს მივუტან ღორსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა, 

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

თაგვმა უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის კატა არ მოგიშორებიაო! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა კატასთან და სთხოვა: 

- კატავ ეხსენ თაგვსა, 

თაგვი დასთმობს ორმოსა, 

ორმო მომცემს ფეტვსა,

ფეტვს მივუტან კრუხსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა, 

წიწილს მივგვრი ყვავსა, 

ყვავი დასთმობს მუხასა, 

მუხა მომცემს რკოსა, 

რკოს მივუტან ღორსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა,

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა, 

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა.

კატამ უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის რძე არ მოგიტანიაო! 

რწყილი ახტა, დახტა, მივიდა ძროხასთან და სთხოვა: 

- ძროხავ, მომე რძე, 

რძეს მივუტან კატასა, 

კატა დასთმობს თაგვსა, 

თაგვი დასთმობს ორმოსა, 

ორმო მომცემს ფეტვსა, 

ფეტვს მივუტან კრუხსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა,

წიწილს მივგვრი ყვავსა, 

ყვავი დასთმობს მუხასა, 

მუხა მომცემს რკოსა, 

რკოს მივუტან ღორსა, 

კრუხი მომცემს წიწილსა, 

ღორი მომცემს ჯაგარსა, 

დავგრეხ თოკსა - ბაწარსა,

ჩავუგდებ და ამოვიყვან 

ჩემს ძმობილს ჭიანჭველასა. 

ძროხამ უთხრა: 

- შენ რომ ჩემთვის ბალახი არ მოგიტანიაო! 

რწყილი წავიდა, დაგლიჯა მინდორში ბალახი და ძროხას მიუტანა. 

ძროხამ მისცა რძე, ძრე მიუტანა კატასა, კატა დაეხსნა თაგვსა: თაგვი მოშორდა ორმოსა, ორმომ მისცა ფეტვი, ფეტვი მიუტანა კრუხსა, კრუხმა მისცა წიწილა, წიწილი მიჰგვარა ყვავსა, ყვავი დაეხსნა მუხასა, მუხამ მისცა რკო, რკო მიუტანა ღორსა, ღორმა ჯაგარი უთავაზა, რწყილმა ჯაგრის ბაწსრი დაგრიხა და ჩაუგდო წყალში ჭიანჭველას, რომელიც ბალახს მოსჭიდებოდა. ჭიანჭველა ბაწარზე შეჯდა, რწყილმა ბაწარი გამოსწია, ჭიანჭველა ნაპირს ფამოიყვანა და სიკვდილს გადაარჩინა.
 
მერე ისევ ძმურად გაუდგნენ გზასა.