Litclub.ge

ვერაფერი ვერ მიშველის, ვხვდები...
* * *
ვერაფერი ვერ მიშველის, ვხვდები,
სანამ სული სულ არ დამელევა...
მარადიულ შიმშილისგან ვკვდები,
ერთი ვაშლი მომიწყვიტე, ევა!
დროა, ჩავკლათ უსაფუძვლო შიში,
დროზე, სანამ ფეხქვეშ ხიდი დალპა,
ამ ცხოვრებამ უკვე მითხრა ქიში
და შამათსაც გამიკეთებს ალბათ.
ამ ქვეყანას თუ ვერ დავემკვიდრე,
შენ გგონია, თავს მოვიკლავ? - არა!
მოდი, ცეცხლის ხაზზე გავალ ვიდრე,
დამეწიე, მოდი, მოდი ჩქარა!
წყალზე ჩამო, მხარზე შედგმულ დოქით,
მომენატრა ტუჩის ტუჩით ბანა,
ჩამოდი და თავს დავიცავ როქით,
ამ პარტიას ასე დავთმობ განა?
კალმის წვერით მიწა შემოვხაზე,
ამოხეთქავს ლექსი, როგორც ლავა
და შენც თუკი თავს დამადებ მხარზე,
ეს პაიკიც ბოლო ხაზზე გავა.
მოდი, ერთად ყველაფერი ვსინჯოთ,
სანამ მსაჯი დაასრულებს ტაიმს
და მე ისევ დამარცხება მიჯობს
ცხოვრებასთან გაკეთებულ ყაიმს!