Litclub.ge

მუხრანი
საქართველოს რომ პოეტები ჰყოლია, ალბათ, არა მარტო რომელიმე მრავალრიცხოვან ერს, არამედ მთელს რასას ეყოფოდა საამაყოდ და სასახელოდ ქვეყნიერების დასასრულამდე. ასეთ ქვეყანაში ძალიან ძნელია იყო ნამდვილი პოეტი, ხოლო თითქმის შეუძლებელია იყო დიდი პოეტი. მით უმეტეს, გალაკტიონის მერე, როცა თითქმის ყველა შესაძლებლობანი ამოიწურა რითმისა, რიტმისა, ლექსიკისა, თემისა, პოეტიკისა.

მაგრამ, ქართული ნიჭი ქართველი პოეტებისა, ვითარცა ქართული "ღვინო ქვევრიდან ხაპში, ხაპიდან დოქში, დოქიდან ჯამში", გადადის პოეტიდან პოეტში, შესანიშნავი პოეტიდან შესანიშნავ პოეტში, დიდი პოეტიდან დიდ პოეტში - როგორც ქართული უკვდავი სისხლი, უკვდავი სული, უკვდავი გენი, უკვდავი ქართული სიტყვა გადადის კაციდან კაცში.

გადის დრო და  მოკვდავთა შორის კიდევ იბადებიან ისინი, ვინც მოწოდებულია დაადასტუროს, რომ ქართული ენის პოეტური სამყარო, ქართული მრავალფეროვანი და უმდიდრესი პოეტიკა ამოუწურავია, რომ ქართული ენის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ ქართული ენის მატარებელი გენი, ქართული ენის მატარებელი სისხლი მარადიულია (სანამ უფალს არ მობეზრდება კაცობრიობა). ასეთი ენის მატარებელ ხალხში დიდი პოეტი იყო მუხრან მაჭავარიანი.

განგება საგანგებოდ ურჩევს განსაკუთრებულ ადამიანებს ისეთ სახელებს, ადვილად რომ გამოთქვა, ადვილად რომ დაიმახსოვრო, უფრო სწორად, ადვილად რომ შეიყვარო. და მერე ამ სახელის გაგონებისას მისი მატარებელი პიროვნების მთელი სამყარო რომ წარმოგიდგეს თვალწინ თუ გაგიცოცხლდეს გულში. არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თვითონ ქმნიან სახელს უკვდავად. მუხრან მაჭავარიანის სახელი კი ორივე დატვირთვას ატარებს. ჩემი აზრით, განგებამ მუხასთან, ძველი ქართული რწმენა-წარმოდგენების, ტრადიციების მატარებელ ფესვმაგარ, ტანმაგარ ხესთან დააკავშირა, რომელიც ტოტებითაც ძლიერია, ტოტებამოყრილია და რომელსაც გარშემო პატარა მუხნარი შემოზრდია. ამასთან, თვითონ მუხრანმა თავის ვაჟკაცურ, ფესვებიან სახელსაც პოეტური ფერადოვნება და ჟღერადობა შესძინა.

ჩვენი თაობა ბედნიერია, ჩვენ მოვესწარით და ვიცნობდით რამდენიმე დიდ ქართველს. პირადად ვიცნობდი მუხრან მაჭავარიანს, ეროვნული მოძრაობიდან, რომელსაც თავისი მუხისებური პოეზიის ფესვებით ქართული პოეზიის უკვდავი წყარო მიაწოდა. რაღაცნაირად მიუწვდომელი იყო, შორეული, ამაღლებული... თუმცა, ურთიერთობაში თბილი, ღიმილიანი, ვაჟკაცური და უბრალო, როგორც უბრალო შეიძლება და უნდა იყოს დიდი პოეტი და საზოგადო მოღვაწე.

ზვიადის გარდაცვალების მერე სცადა დაქსაქსული და დამარცხებული ეროვნული მოძრაობის გაერთიანება. მისი იმედი გვქონდა, მისი დიდი ავტორიტეტის... ავტორიტეტი კი მართლა დიდი ჰქონდა, როგორც პოეტს და მოქალაქეს საქართველოში შეიძლება (უნდა) ჰქონდეს.

შარშან მეგობრებმა მიმიწვიეს საჩხერეში მუხრანის საიუბილეო ზეიმზე, სადაც შემეძლო მის მშობლიურ გარემოსაც გავცნობოდი და სხვებთან ერთად კიდევ ერთხელ მეხილა, თითქოს წინა საუკუნეებიდან გადმოსული მისი ქართული სახე... ვერ მოვახერხე წასვლა...

თურმე მალე უნდა დაგვეკარგა, მაგრამ, ჩვენ ხომ არ გვჯერა, რომ დიდი ადამიანები მიდიან?! თუმცა არ მიდიან, მათი მხოლოდ სხეული მიდის, ხოლო მათი საქმენი ჩვენთანაა, "მათი ნაქონი სისხლით" კი თბილისის ქუჩებში დადიან!

ვითარცა მტკვარი

მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას ციოდა,
და
დრო
გადიოდა.
 
ვითარცა ღვინო – 
ქვევრიდან
ხაპში – 
ხაპიდან 
დოქში – 
დოქიდან 
ჯამში – 

ქართული სისხლი,
ქართული სული, 
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში...

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა – 
და მოდიოდა, 
და მოდიოდა, 
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი...

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ,
ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ
და...
მიუხედავად ამისა, მაინც – 
გამოიარა
რუსთველის გული,
გამოიარა
ვახტანგის გული,
გამოიარა
თამარის გული,
გამოიარა
სულხანის გული

და დღეს – 
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს – 
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს – 
სულხანის ნაქონი სისხლით – 
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი, 
ელისო,
ვაჟა, 
გიორგი, 
გივი.
და...
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!