Litclub.ge

უზენაესი (საბჭოს) ქურუმი
ციკლიდან: `პოემატოგრაფი~
ფილმიდან: `მუმია~


არ მგონია, ჩემნაირი
კიდევ სადმე სხვა თუა
(ეჰ, რამდენი საუკუნე
გაპარულა ნატვრაში...)
წყევლასავით ვერ ვიშორებ
ანუბისის სტატუას,
დილის სხივიც ვეღარ აღწევს
ჩემს ბნელ ჰამუნაპტრაში!

ხოჭოები და ფიქრები ისევ მჭამენ, მხოლოდ
მაშინ ჩერდებიან, როცა
ქვიშა ვარ...
მე ვარ ბოროტი... და არ ვიცი, რა დამიშავა
დანარჩენმა კაცობრიობამ.

სივრცე წინ მაქვს გადაშლილი,
თითქოს ტაროს კარტია,
მეც ვმკითხაობ _ დროის მონა
დარდით ნალამუნები...
მინდა, თავი დავაღწიო
ამ ქაჯების პარტიას,
მიმელიან სადღაც ჩემი
ანაქსუნამუნები!

მე ვარ ბოროტი... მაგრამ მიყვარს, ისე
როგორც ადრე მიყვარდა,
ფარაონის ძვირფასი ცოლი,
მასაც ვუყვარდი,
სწორედ ამისთვის დაგვსაჯეს,
და ჩემი გული, ხოჭოებისგან შეჭმული გული
და ტვინი,
და რწმენა
სადღაც პირამიდის ბნელ სენაკში გადამივარდა...

და მას შემდეგ ვწევარ ასე,
ურწმუნო და უტვინო,
შემარჩინეს მხოლოდ სული _
ისიც უღვთოდ ვნებული,
და აქედან როცა ვუმზერ
თქვენს დამქანცველ რუტინას,
მგონია, რომ ყველანი ხართ
მუმიფიცირებული!

ბევრს, და, მათ შორის, თქვენც, გეგონათ, რომ
მე მთელი ეს დრო
სარკოფაგში ვიწექი,
და მერე ავდექი,
დაახლოებით ისე, როგორც ერთმა პოეტმა დაწერა:
`სარკოფაგიდან დგებაო მუმია!~
მაგრამ ცდებით!

მე აქა ვარ, არაერთხელ
შერაცხული ავსულად,
როგორც ხედავთ, შერისხვამაც
ვერ ამომდო აღვირი,
მე აქა ვარ და არასდროს
თქვენგან არსად წავსულვარ,
მე _ ქურუმი იმჰოტეპი,
ოსირისის მახვილი!

და როდესაც ხალხთან გამოვედი,
მე ისინი დავიმორჩილე,
და მათ დაიწყეს ჩემთვის და ჩემი სახელით
ბრძოლა,
ისინი დადიოდნენ ქუჩაში და იძახდნენ
ჩემს სახელს
(მე კი მრავალი სახელი მაქვს):

_ იმ-ჰო-ტეპ!
_ იმ-ჰო-ტეპ!
_ ჩაუ-შეს-კუ!
_ ჩაუ-შეს-კუ!
_ ზვი-ა-დი!
_ ზვი-ა-დი!
_ იუ-შენ-კო!
_ იუ-შენ-კო!
_ მი-შა!
_ მი-შა!
_ ზიგ ჰაილ!
_ ზიგ ჰაილ!
_ ზიგ ჰაილ!