Litclub.ge

ინეგოლი გურჯების ქალაქია

ჭოროხი ჩქარი მდინარეა” _ ეს გამოთქმა შავშეთში გავიგონე, იქაურმა ქართველმა მითხრა, ავტობუსში რომ დამემგზავრა.

_ ჩვენთან ასე არ არის-მეთქი, _ შევედავე.

_ თქვენთან რა აჩქარებს, მშობლიურ უბეშია, აქედან კი ჩვენი გულისთქმა მააქვს გურჯისტანისაკენ და ჩქარა მოედინება. _ მითხრა და თვალებში სისველე ჩაუდგა.

ახლა, როცა ჭოროხს სათავეებისაკენ მივუყვები, იმ შავშელის ნათქვამი მახსენდება. მართლაც ჩქარა მოედინება ვიწრო ხეობებში ჩაჭედილი ჭოროხი, თითქოს ჩქარობს _ საზღვრის მიღმა დარჩენილი ძმების ამბავი ჩაიტანოსო საქართველოში.

ისტორიის ბედუკუღმართობამ დაგვაშორა ერთმანეთს, მაგრამ ისევ ქართველობენ მშობლიურ უბეს მოწყვეტილნი.

შავშეთის მოსადგომებთან დიდი ციხე დგას _ ძველისძველი და ფუძემაგარი.

_ რა ჰქვია _ მეთქი, _ ვიკითხე.

_ სათლელის ციხეს ვეძახით, _ მითხრა ერთმა იმერხეველმა მასწავლებელმა, აქეთობას რომ გავიცანი გზაში.

_ შავშელებმა ქართული აღარ იციან, თქვენ სად ისწავლეთ? _ ვკითხე.

_ ჩვენ არ ვკარგავთ. სასწავლებელში წასვლამდე, ოჯახში, სულ გურჯულად ვილაპარაკებთ, სასწავლებელში რომ წავალთ, იქ თურქულს დევსწავლით.

მათებურ სწავლების სისტემაზე ჩამოვუგდე საუბარი.

_ ხუთ კლასს ვისწავლით, ეს სავალდებულოა, უნივერსიტეტაში თუ გვინდა შესვლა, მაშინ თერთმეტ კლასს ვისწავლით, _  მითხრა და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ განაგრძო: _ ჩვენებურები სულ  სწავლაზე არიან. თურქიეში თუ სადმე ხოჯა და მუღელიმია (მუღელიმი _ მასწავლებელი, ხოჯაც, უმეტესად, აქაურ ქართველებში მასწავლებლად აღიქმება), სულ შავშელ-იმერხეველები არიან.

მიზეზიც მითხრა:

_შავშეთი, ართვინი, იმერხევი, ბორჩხა... ცოტა აქევრი ადგილები ჭლეა, შემოსავალი პაწაი არი და აქევრები კითხვაზე არიან, თურქიეში სულ აქევრი ნაკითხები არიან...

_ მერე და რა გინდათ ამ მწირ მიწებზე, საქართველოში წამოდით, ქართველები ცოტანი ვართ. _ შევაპარე.

_ აქაც ხომ საქართველოა, ვის დავუტოვოთ, _ მითხრა ნაწყენი კილოთი და გვერდზე შებრუნდა.

იქაურ სოფლებზე გამოვკითხე _ ქართული სახელები თუ შერჩათ, მაინტერესებდა.

_ ჩვენ სულ გურჯულ სახელებს ვეტყვით. _ მომიგო და სოფლების ჩამოთვლას შეუდგა: _ ჩვენთან ხევწვრილია, ბაძგირეთი, ჯორთისხევი, წყალსიმერი, ჯინალი, დიობანი, წეთილეთი, სხლობანი, ყვირალა... ყველა ეს მოთვლილი სოფლები შავშეთ-იმერხევია. თურქჩა სახელებიც ქვია, ხარიტაზე1 თურქჩა ჩაწერილია.

_ სიმღერებიდან რას იმღერებთ?

_ "ჯილველოი ნანაიდა", "ევრი ჰარალე", "განდაგანა", _ სამაც ახლავს...

_მიწაზე რას თესავთ?

_ სიმინდს დავთესავთ, ყართოფილს... ხილიდან კაკალი მოდის, თხილი არი, სხალი _ ხეჭეჭური, თავრეჯულა, ერბუა, მოშოშტა, ვაშლებიდან _ ბაღალმას ვეტყვით, წითელვაშლს, შექერვაშლს...

_ მიწას რით ხნავთ?

_ ძველად ჯილღით, არუნით  ვხნავდით. ახლა გუთნით, დემირით  არის გაკეთებული. პურს მანგლით ვიღებთ, კიდევ თილფანით ...

_ გალეწვაც ხომ უნდა?

_ კევრით გავლეწავთ. ხარებ რომ ვაბამთ, უღელი ქვია...

აქ წყდება ჩვენი საუბარი. ჩემი თანამოსაუბრე შერთულთან (იმერხევისა და შავშეთისწყლის ხერთვისი) სხვა ავტობუსზე გადაჯდა და იმერხევისაკენ გაუტია.

ეს დამაბარა:

_ გურჯისტანში რომ დაბრუნდები, ჩვენს ძმებს მოკითხვა: გადაეცი _ აქაც ქართველები ბევრი ვართ და ნუ დაგვივიწყებენო.

 

 

* * *

 

პირველად სარფისკარი შარშანწინ, აგვისტოში გადავლახე. მეც გახლდით იმ მრავალრიცხოვან მონაწილეთა შორის, საბჭოთა კავშირ _ თურქეთის ახალი სამეგობრო ხიდის გახსნას რომ დაესწრო.

გულღიად გვიმასპინძლეს ხოფაში. საგანგებოდ ჩვენთვის გაშლილ სადღესასწაულო სუფრაზე ხაზი გაესვა იმ დიდ სიკეთეს, ახალგახსნილი საკონტროლო გამშვები პუნქტი რომ მოუტანდა ორივე ქვეყანას.

ალბათ, ამ მოკლე ვიზიტმაც განაპირობა, არავითარი უცნაური განცდა რომ არ დამეუფლა, როცა საზღვარი ხელმეორედ გადავლახე.

ანდა, რატომ უნდა დამუფლებოდა _ ხოფას ავტოსადგურში შევედით თუ არა (მეუღლეც მახლდა თან), ჩვენებურების გარემოცვაში აღმოვჩნდით. მემლექეთის (ასე ეძახიან საქართველოს) ამბებს მეკითხებოდა ყველა. კაი სიკეთე გვიქნა სარფის კარმა, თითქმის დავიწყებული ძმები ისევ დაგვაკავშირაო. ხან ჩვენ მოვალთ, ხან თქვენ მოხვალთ და აღარ დავკარგავთო ერთმანეთს.

_ ჩვენთან წამობრძრნდითო, _ ვინ შავშეთში გვეპატიჟებოდა, ვინ კიდევ ბორჩხასა და იმერხევში.

_ გრძელი გზა გვიდევს, ინეგოლში (ბურსას ვილაეთი) ნათესავები მიგველიან მეთქი, _ მოვუბოდიშე.

_ ოო, ინეგოლი გურჯების შეჰირია1, _ ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

_ ბორჩხაშიც ბევრი ვართ გურჯები. ჩვენთან წამოი, ბევრი ჩვენებურები გაგაცნო. _ ბევრს მეხვეწა ერთი გლეხი, ჩვენებური გლეხკაცივით გულღია და გულალალი.

რომ ვერ დამიყოლია, აქეთობას მაინც შემოგვიარეო, _ მითხრა და ართვინისკენ მიმავალ ავტობუსს შეახტა თვალცრემლიანი.

ჩვენი ავტობუსიც ჩამოდგა.

ინეგოლისაკენ "ართვინ ექსპრესს" მივყვებით.

ერთ რამედ ღირს აქაური ავტობუსებით მგზავრობა. კომფორტი ხომ უმაღლს დონეზეა, თუ მოგწყურდა, ავტომანქანის შეჩერება სულაც არაა საჭირო _ ავტობუსშივე მოგართმევენ ნორმალურად ჩაციებულ კამკამა წყაროს წყალს; დროდადრო სალონში ჩამოივლიან და, თუ ეს შენი სურვილიცაა, ხელებზე სუნამოს დაგასხურებენ.

და მაინც, ძალზე მომქანცველი გამოდგა ოცსაათიანი მგზავრობა.

აქ აღარ მოვყვები იმ ამაღელვებელ შეხვედრაზე, ინეგოლის ავტოსადგურში რომ მოგვიწყვეს. ამ პატარა, სამოციათასიან ქალაქში, მრავლად ყოფილან გურჯები. თურქული სარეკლამო წარწერები რომ არა, უცხოობაში შეიძლება არც კი იგრძნოს კაცმა თავი.

შეხვედრაზე ქალაქის ბელედიეც2 მოსულიყო. ისიც ქართველია _ ქათამაძის გვარისა. როგორც იქნა, შევძელით და ქალაქის თავად ჩვენებური გავიყვანეთო, _ მომახარეს ინეგოლელმა გურჯებმა.

"ივერიის" 1893 წლის ერთ-ერთ ნომერში ამოვიკითხე: ზაქარია ჭიჭინაძე წერს _ 10 კომლი ცხოვრობსო ჯუმუშაურში (ჩემი მშობლიური სოფელია შუახევის რაიონში). ამაზე მეტი 1856 წელს ოსმალებმა ურჩობისათვის ოსმალეთში გადაასახლესო.

და აი, 133 წლის შემდგომ ვხვდებით ერთმენეთს ძალადგაყრილი ბიძაშვილები.

საოცარია ქართველი კაცის ბუნება _ ამდენი ხანი უცხოობაში ცხოვრობენ და მაინც მშობლური ქვეყნის ხატება უდგათ თვალწინ. ადგილებიც ისეთი შეურჩევიათ _ მთიან-ტყიანი და წყარო-ნაკადულებიანი, საქართვლოში რომ დაიძინო და აქაურ სოფლებში გაგაღვიძონ, ვერც კი იფიქრებ, უცხო ქვეყანაში ვარო, მითუმეტეს, რომ მშვენიერი ქართული ისმის ირგვლივ. ერთი ოთხმოცდაათს გადაცილებული ქალბატონი მანახეს, თურქული ხეირიანად არც კი იცისო.

აქაც უმრავლია ქართულ გენს _ ქართული კერა უღვივებიათ, ქართული სოფლები უშენებიათ და სამშობლოს მოწყვეტილებს ქართული ცეკვა-სიმღერებით უქარვებიათ დარდი და ნაღველი.

ჩემი მასპინძელი ალი ფუტკარაძე (ფორთოქალი) ჭარმაგი კაცია, მრავალის მომსწრე და მნახველი. კარგა ხანს მთავრობის სამსახურში უმუშავია. სწორედ ჩემი სტუმრობის წინ გასულა პენსიაზე და ახლა ჯალაბს უდგას მხარში. ჯალაბი კი, გაგიხარია, დიდი ჰყავს _ რვა შვილსა და ამაზე ორჯერ მეტ შვილიშვილს ითვლის მისი მოდგმა. გიუნექესტანეში (ძირითადად აფხაზების სოფელია) სახლიც ისეთი უდგას, მრავალწევრიან ოჯახს რომ შეეფერება, თუმცა ქალაქში დამკვიდრებულა მისი ოთხი ვაჟი.

ეტყობა, ქართველ კაცს ყველგან დაჰყვება ბედისწერა _ აქაც სოფლებში მეწყრები დაძრულა, დანთქმით დამუქრებია წლობით ნაშენ-ნალოლიავებ სახლ-კარსა და ეზო-მიდამოს. თუმცა "ზოგი ჭირი მარგებელიაო", _ უთქვამთ, _ დაზარალებულები მთავრობას ქალაქში დაუსახლებია, ისე, რომ სოფლებში მიწები შეუნარჩუნებიათ.

შეძლებულად ცხოვრობენ გურჯები. შრომისმოყვრეობა არ აკლიათ და მიწაც დოვლათიანია, ნოყიერი. მერედა რა არ ხარობს: სიმინდისა და ხორბლის ყანებს ხეხილის ბაღები ენაცვლება, ხეხილს მზესუმზირისა და კარტოფილის ნათესები... გოჯსაც ვერ ნახავთ დაუმუშავებელს. ამ შრომისმოყვარეობის შედეგი სასურსათო მაღაზიების დახლებზე თვალნათლივ ჩანს _ უხვადაა ყველაფერი, თანაც საკმაოდ იაფი.

და მაინც, ჩვენებური ახალგაზრდების არ იყოს, მათაც გული ქალაქისაკენ მიუწევთ.

ქალაქში ცხოვრობას სიკეთესთან ერთდ უარყოფითიც მრავლად ახლავს. ჯერ ერთი _ ერთმანეთს შორდებიან მანამდე მჭიდროდ დაკავშირებული ქართველები. ჯერჯერობით არ კარგავენ ერთმანეთს, მაგრამ თანდათან ივიწყებენ მშობლიურ ენას. ბევრ ოჯახში ქართულად აღარც ლაპარაკობენ, განსაკუთრებით ბავშვები.

ბედად ერთმანეთთან მიმოსვლა გახშირდა და ეს თუ შეაჩერებს ამ პროცესს. ისიცაა საგულისხმო, რომ დიდ ინტერესს იჩენენ ქართული წერაკითხვის შესწავლისადმი. რაც შეიძლება ბევრი დედაენის ქითბებიგამოგვიგზავნეთო. _ გვთხოვეს. იქნებ, ითავოს ვინმემ და მათთვის სპეციალურად შეადგინოს დედაენა, როგორც ეს მშობლიურ უბეში  ახალდაბრუნებული აჭარლებისათვის გააკეთა იაკობ გოგებაშვილმა, თორემ ახლანდელ სახელმძღვანელოში ბევრი სიტყვა მათთვის უცნობია და უჭირთ გაგება.

ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებს საზოგადოება "კავკასია". ასეთივე საზოგადოებები მოქმედებს სტამბოლში, იზმითში, ბურსასა და სხვაგან. ჩამოყალიბებული აქვთ ფოლკლორული ანსამბლები და ქართულ მუსიკალურ კულტურას უწევენ პროპაგანდას, მაგრამ მოკლებული არიან საქართველოდან მატერიალურ და მეთოდურ დახმარებას.

თურქეთის პრესა საქართველოსადმი დიდ ინტერესს იჩენს.

უმრავლესმა გაზეთებმა გაშლილი გვერდები მოუძღვნეს 9 აპრილის ტრაგედიას. უმეტესად დაბეჭდილი იყო ფერადი ილუსტრაციები. ერთ გაზეთში მთელი გვერდი დაეთმო აჭარას, მის წარსულსა და დღევანდელობას.

ინეგოლელი ქართველები დიდი შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს აფხაზეთის ამბებს. აქ გურჯებიც და აფხაზებიც კეთილმეზობლურად, შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ და ჩვენს საერთო სამშობლოში გასაყოფი რა გაქვთო. _ მეუბნებოდნენ ორივე ერის წარმომადგენლები.

_ სულ გურჯები თურქეთში რამდენი იქნებით? _ ვკითხე მასპინძლებს.

_ სამ მილიონზე ნამეტარი, ოთხ მილიონამდე, ჰამა, იქიდან სულ გურჯები არ არის, ზოგი შავშეთელია.

_ შავშთლებიც ხომ ქართველები არიან. _ შევედავე.

_ შავშეთლები რაღა გურჯები არიან, მაგათ ხომ ქართული აღარ იციან. _ ეჭვი შეეპარა ვიღაცას.

_ ინეგოლის გარშემო ოცი სოფელია, ათი გამოწყობილი გურჯი სოფელიც ადაბაზარშია. აქა ედებია, თუფექჩიყონაღი, ბახჩიყაია, ჰილმიე, ჰეირიე _ ეს სოფლები სულ ჩვენ ენას ლაპარაკობს.

_ ალაჩამია კიდევ, ალიფაშა...A იქ ჩაქველები არიან. მათი ლაპარაკი სხვაა, ჩვენი სხვაა.

_ ცოტაა განსხვავება...

_ ჩვენა ყართოფას ვეტყვით, ისინი მიწავაშლას იძახიან, ჩვენ თოკსა თოკ ვეტყვით, ისინი საბელ ეტყვიან. კიდევ, ჩვენ ემიას ვეტყვით, ისინი ბიძას იძახიან.

ცხადია, მარტო ამ სოფლებში არ იქნება ოთხამდე მილიონი ქართველი. ჩვენებურები მრავლად სახლობენ იზმითში, ფაცაში, ესკიშეჰირში, სამსუნში, ორდუში, სტამბოლში სხვა ადგილებში. აქ არაფერს ვამბობ შავშეთ-ერუშეთზე, ლაზეთზე, ტაოსა და სხვა ქართულ ტერიტორიებზე.

ჩემი თანამოსაუბრე შთამომავალია შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებიდან მუჰაჯირად წასული ბერიძეებისა. მან ბევრი ქართული ლექსი და სიმღერა იცის.

ხალხური ზეპირსიტყვიერების ეს ნიმუშები მისგან ჩავიწერე:

 

შენი სიტყვითა გევიარე ხიდზე,

ნიშნის ქემერი გიხდება წელზე,

შენი ჭირიმე, ცეცხლიან წელზე,

ჩემო ჯანანავ, ვერცხლიან წელზე.

 

             * * *

ელისა თუ მელისა

ძროხა მყავდა ქალისა.

გადავდენე ღელეში,

თავი ჰკრა და თხმელებში.

დუუძახე ანასა1,

ვერ მუუსტარ დანასა.

 

           * * *

თავიდუდში ყირმიზი თმა

შეერული სირმას გიგავს,

იმა ქვეიდან თეთრი შუბლი,

შეერული აინას2 გიგავს.

 

იმა ქვეიდან შავი წარბი,

ყელემით გაყვანილ გიგავს.

იმა ქვეიდან შავი თვალი,

მოსული მაყვალ გიგავს.

 

იმა ქვეიდან თეთრი ყია

შეერული შუშას გიგავს.

იმა ქვეიდან წმინდა წელი,

ამოსული ლურწამ გიგავს...

 

_ იმას ქვეიდან აღარნა ვთქვა. _ იცინის.

_ ვისგან ისწავლეთ_მეთქი. _ ვკითხე.

_ ჩვენს სოფელში ერთი მუთიაი იყო, ღამბაროღლი, მემლექეთიდან გადმოსულა. თქვენთან ხალხ რომ იჭირევდნენ, მაშინ გამოქცეულა. ჩვენ რომ ახალგაზრდა ბიჭები ვიყავით, ის მუთიაი 50 წლის იყო. ამოვდოდა ჩვენთან... ერთი არხატაში3 მყავდა, შევქეთაი, იმის ერთაი დიგვიძახებდა _ შუაღამემზე ჰემ გვამღერებდა, ჰემ იმ მემლექეთურ ლექსებს გვასწავლიდა... ახლანდელი, ვუყურებ ტელევიზიონში, არც სიმღერა, არც სამა _ არცერთი არ მომწონს, ეფშაკუნებიან ძალიან ცქვიტა. ადაბაზარში სოფელიამეთეზი, ნახევარი ჩვენებურია. მახსოვს იქ, რასიმ _ ეფენდის ქორწილი იყო... მემლექეთური კაცების სამა მახსოვს იქა... ხვანჯრიანი შარვლები ეცვათ, უკან დუმასავით დაყრილი, სკარლატს ვეტყვით ჩვენ. მემრე ყაბალახები ეხურათ, ხორომ რომ სამობდნენ, ახლა ვინ ისამებს იმფერ, ქვეყანაში დანახული არ არი, იავ... 

   მინდოდა, ემღერა, მაგრამ უარი მითხრა _ მარტოდ ვერ შევძლებო. ორი კაცი დამისახელა, ისინი მომიყვანეთ და ჩემი თავი გენაცვალოსო. სამაგიეროდ მეორე ინეგოლელმა გურჯმა ქაზიმ დავითაძემ (უჩარი) აღგვითქვა, მესტუმრეთ ამაღამ და იმ მომღერალი კაცების მოყვანაც ჩემზე იყოს და სიმღერაცო.

ახლა ქაზიმ უჩარის სტუმრები ვართ და ისიც პირნათლად ასრულებს პირობას. ერთმანეთს ენაცვლება "განდაგანა", "თირინნი ჰორირამა", "ჯილველოი ნანაიდა", "ჩირუღის მთაზე თოვლი ხაშხაშობს" ("ბახმაროს მთაზე დაუთოვიას" ანალოგიურა),  "ოზურგეთი-მერია" და სხვა სიმღერები.

საჭიროა თურქეთელი ქართველების ფოლკლორის შესწავლა-განზოგადება. ახლა, როცა ამ ქვეყანასთან მეგობრული კავშირები კიდევ უფრო ღრმავდება, ვფიქრობ, დადგა დრო, კომპეტენტური ექსპედიცია მივავლინოთ ქართველებით დასახლებულ თურქეთის ქართულ ვილაეთებში.

როგორც, აღვნიშნე, ინეგოლში ჩვენებურები მრავლად არიან. ქალაქის ქუჩებში როცა ვსეირნობდით, ენის უცოდინარობის გამო სულაც არ გაგვჭირვებია. ესეც არ იყოს, ჩემი მასპინძლის ერთ-ერთი ვაჟიშვილი, 12 წლის რეჯაი, მოუცილებლად თან დამყვებოდა, თანაც დიდი მონდომებით ეწაფებოდა დედაენას, გულზე ახუტებული ყველგან თან რომ დაჰქონდა.

ვიღაცამ უთხრა: _ ოთარ-ბიძია ასე რომ შეგიყვარდა, მემლექეთშიც წაჰყევიო.

_ მემლექეთის ნახვა ძალიან მინდა, მაგრამ იქ საცხოვრებლად არ დავრჩებიო. _ მიუგო.

_ რატომ-მეთქი, _ გავიკვირვე.

_ აქ ყველა გურჯს მეძახის, იქ რომ წავიდე, Aთათარს არ მეტყვიანო?

მენიშნა. აკი, ამ მიზეზით უკან გავაქციეთ ფერეიდნიდან ჩამოსახლებული ქართველები.

თურქეთში თვალს მოგტაცებს საქონლით სავსე მაღაზითაA დახლები. მომსახურება ხომ ისეთი იციან, შეუჩვეველი კაცი შეიძლება უხერხულ მდომარეობაში აღმოჩნდეს. აბა, რა მოგივა, 19- თუ 20- პაკეტს რომ გაგიხსნიან და სხვადასხვა საქონელს მკლავებზე გადაგიფენენ, ჩაის, ყავას ან გამაგრილებელ სასმელს მოგართმევენ, თანაც შემოგაპარებენ, თუ აიღებ, ფასსაც დაგიკლებო.

იძულებული ხდები, ხელი ჯიბისკენ წაიღო.

მეუღლესთან ერთად ერთ-ერთ ქუჩაზე მივსეირნობდი, თანაც ქართულად ვსაუბრობდით. სასურსათო მაღაზიას რომ ჩავუარეთ, ერთი ჭარმაგი კაცი გამოგვედევნა _ მემლექეთურები ხომ არ ხართო. დასტური რომ მიიღო, სავაჭროში შეგვიპატიჟა, ყავით გაგვიმასპინძლდა, საქართველოს ამბები გამოგვკითხა.

ჩემი მეუღლის მოგვარე აღმოჩნდა _ მაკარაძე, მისი წინაპრები 110 წლის წინათ სოფელ ოლადაურიდან (შუახევის რაიონი) მუჰაჯერად წამოსულან.

რამდენი ასეთი ამაღელვებელი შეხვედრა გვქონდა...

ისინიც მრავლად ვნახეთ, იმ ავბედით ოცდაათიან წლებს ოსმალეთში რომ გამოერიდნენ.

ჩვენი არ იყოს და, თურქ ჩინოსანთა შორისაც მრავლად გვხვდებიან ბიუროკრატები, აქაც ავტოინსპექტორები, მძღოლებს ისე სძალავენ ფულს, როგორც ჩვენთან.

დოლარის ჩექების გადასახურდავებლად ერთ-ერთ ბანკს მივაშურეთ. უარით გამოგვისტუმრეს, "ესბანკს" მიაკითხეთო. იქედან "აქბანკისკენ" გაგვისტუმრეს, "აქბანკიდან" "იშბანკისკენ", აქედან კიდევ "ხალხბანკისკენ". ერთი სიტყვით, არც აქ ბანკი დაგვჩენია, არც იქ ბანკი, არც ეს ბანკი და არც ის ბანკი. ბოლოსპამუკბანკსმივაშურეთ, ბოლო იმედს. აქაც ჩემი მასპინძლის მოხერხებამ გაჭრა _ მუდირთან1 წარმადგინა: ეს კაცი ჟურნალისტია, ფული ვერსად გადაახურდავა და თუ თქვენც უარს გვეტყვით, გურჯისტანში რომ დაბრუნდება, თურქეთის ბანკებზე გონჯ რეკლამას გააკეთებსო.

ფულიც გადაგვიხურდავა და ყავითაც გაგვიმასპინძლდა.

ინეგოლის ქუჩებში ტრანსპორტის ყველანაირ სახეობას შეხვდებით _ საუკეთესო მარკის ავტომანქანებსა თუ საზიდრებში შებმულ ცხენებსა და ვირებს. უმრავლესობა ველოსიპედს ამჯობინებს _ იაფია და მოსახერხებელი. ხშირად ნახავთ _ მამაკაცს უკან შავოსანი ქალი შემოუსვამს და სადღაც მიიჩქარიან.

ინეგოლი განთქმულია ავეჯის წარმოებით. ერთი გრძელი ქუჩა მთლიანად საამქროებსა და მაღაზიებს უკავია. მერედა, რანაირ და რა ნატიფ ავეჯს არ შემოგთავაზებენ... ინეგოლელ მეავეჯეთა ნახელავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კონკურენციას ვერავინ უწევს.

თურქეთში გატარებული ერთი თვის განმავლობაში ორ მეტად დიდ მნიშვნელოვან მოვლენას დავესწარით.

პირველი იყო "ჰაჯში გაცილება".

თეთრ  ტანსაცმელში გმოწყობილი მორწმუნეთა დიდი ჯგუფი მექაში, წმინდა ადგილების მოსალოცად მიემგზავრებოდა. გამცილებლებით იყო გაჭედილი ინეგოლის ისედაც პატარა ავტოსადგური. იყო ერთი ხვევნა, ტირლი, ცრემლები...

მექაში, უმეტესად, ხანშიშესულები მიემგზავრებიან და, ვინ იცის, ხანგრძლივ, მომქანცველ მგზავრობას ზოგიერთმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს... თუ მექაში გარდაცვალა, პირდაპირ სამოთხეში ამოჰყოფს თავს და სხვებისთვის ასეთი სიკვდილი სანატრელიც იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა ბაირამი იყო.

ამ დღესასწაულისათვის საგანგებოდ ემზადებიან: ნაცნობ_მეგობრებს უგზავნიან ღია ბარათებს, ყიდულობენ  საკლავს... საერთოდ, თურქეთში თუ ვინმეს რაიმე ღირებული ნივთის შეძენა სურს, ბაირამის წინა დღეებში ყიდულობენ. ოჯახის ყველა წევრი ამ დიდ ზეიმს ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი ხვდება. ამიტომაცაა, სხვა დროს თუ იშვიათად შედიან, დღესასწაულის წინა დღეებში მაღაზიები მყიდველებითაა გადატენილი.

ბაირამზე ოჯახის წევრები თავს ერთად მოიყრიან, მოინახულებენ ნათესავებს და მეგობრებს, პატივსაცემ კაცებს შინ მიაკითხავენ, ხელზე ეამბორებიან და სხვასთანA ამის შემდეგ გადავლენ.

სამუსლიმანო სამყარო ოთხ დღეს ზეიმობს ამ უდიდეს დღესასწაულს _ ოთხი დღით იკეტება სახელმწიფო და კერძო საწარმო-დაწესებულებები.

აქაურები უქმე დღეებს ევლეთსა და ბაბასულთანქოიში ატარებენ. ამ სოფლებში ქვეყნის უშორესი ვილაეთებიდანაც ჩამოდიან.

ევლეთში (ოილათ) მათ გოგირდის ცხელი აბანოები (ჩვენებურ კაცს მიუკვლევია ტყეში დიდი ხნის წინათ) იზიდავს, ბაბასულთანქოიში კი ამ სოფლის მეჩეთის ეზოში დამარხული შეიხების (წმინდანების) საფლავები. რელიგიურ დღესასწაულზე აქ იმდენი მორწმუნე ამოდის, მილეთ ხალხში ნემსიც არ ჩავარდება, ავტომანქანები ხომ ერთმანეთს გვერდს ვერ აუქცევენ.

ვიდრე იმამი ლოცვას აღავლენს, მეჩეთთან ახლოს, ქვაბებში, ბრინჯი და ცხვირს ხორცი იხარშება. ასე, რომ შეგიძლიათ, ალაჰის გულიც მოიგოთ და ნაკურხთი ფლავ-ხორცით კუჭიც გვარიანად ამოივსოთ.

ერთი სიტყვით, მეჩეთთან ადგილს ვერ ვპოულობთ (არც სოფლის მამასახლისმა ინება ქალების და კაცების ერთად ყოფნა), ბუჩქნარით შემოჯარულ მახლობელ მდელოზე ვმარტოვდებით და ქალაქიდან საგანგებოდ წამოღებულ სურსათ-სანოვაგეს შვექცევით.

და ბოლოს, დგება გამომშვიდობების ჟამი.

სასიხარულო იყო შეხვდრა, განშორება დარჩა ძნელი...

ამჯერად ჩვენს გასაცილებლად შეკრებილა ზღვა ხალხი. ცრემლიანი თვალებით და დამძიმებული გულებით ვეთხოვებით ერთმანეთს... იმედიანად კი ვეთხოვებით: კიდევ უფრო ღრმავდება საქართველო-თურქეთის სამეზობლო კავშირები და აღარ დავკარგავთ ერთმანეთს.

 

 

 

ინეგოლი-ბათუმი

ივლის-აგვისტო, 1989 .

 

გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი",

12 01. 1991.