Litclub.ge

ზაქარია ჭიჭინაძე _ აჭარის დიდი გულშემატკივარი
“ზაქარია _ მეწიგნე, ზაქარია – გამომცემელი, ზაქარია – აჭარაში მოგზაური, ზაქარია – სემინარიელთა მზრუნველი, ზაქარია – არალეგალურ წიგნთა მცველი და გამავრცელებელი, ზაქარია – მუშათა მასწავლებელი და აღმზრდელი, ზაქარია... ვინ მოთვლის, რა იყო ზაქარია – ყველაფერი და ყველგან მყოფი, მაგრამ, თუ არა კვირა დღით, სხვა დროს ძნელად სახილველი: ერთი ფეხი რომ მთაწმინდაზე ედგა, მეორე – “იარმუკაზე,” ერთი ფეხით რომ თბილისში ტრიალებდა, მეორეთი – აჭარა-ქობულეთსა და ქართლ-იმერეთის სხვადასხვა კუთხეში.” – ასე ახასიათებს თავის თანამედროვეს თავადაც დიდი მოღვაწე, რედაქტორი და გამომცემელი იოსებ იმდაშვილი.
ეს მრავალმხრივი შემოქმედი, თავისი ერისა და ქვეყნის მოყვარე კაცი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, დაფასება არ ღირსებია.
დრო იყო ისეთი – ნაკლებად აფასებდნენ ადამიანს, ჩინიანი იქნებოდა თუ უჩინო. ვინ იცის, რამდენი სახელოვანი ადამიანი შეიწირა იმ ავადმოსაგონარმა ოცდაათიანმა წლებმა.
ზაქარია ჭიჭინაძეს რეპრესიები არ შეხებია, მაგრამ უპატრონოდ და უყურადღებოდ მიტოვებული ბერიკაცი თავისსავე დიდ სახლში “უცნობმა პირებმა” ისე შეავიწროვეს, სვეგამწყრალი ნიკალასი არ იყოს, კიბის ქვეშ, პატარა საკუჭნაოს შეაფარა თავი, ისე პატარა საკუჭნაოს, რომ ხეირიანად ტახტიც არ იმართებოდა.
რადგან მემკვიდრე და პატრონი არ ჰყავდა, მძიმედ სნეულს, 1931 წლის მიწურულს, იოსებ იმედაშვილისათვის ანდერძად დაუბარებია: ძალად მდგმურებს ჩემი ბინა ჩამოართვით და აჭარიდან თბილისს სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს გადაეცითო.
სიკვდილის წინაც აჭარას სწვდებოდა მისი გული და გონება.
“ჩემო იოსებ,
ეს სათხოვარი შენ უნდა შემისრულო: სანდრო ეულს უთხარი, ქართულ მწერლობას სიყვარულით მოეკიდოს (ს. ეული, იგივე ალ. ქურიძე მთავლიტი იყო _ ო. ფ.).”
მეორე... აჭარელ აბაშიძეებსა და მუსლიმან ქართველებს ეტყვი, რომ ისინი ქართველები არიან და დედასამშობლო საქართველოს არ უღალატონ, საქართველოს კალთა მაგრა დაიჭირონ, რომ ჩვენი სამშობლო ისევ აღორძინდეს, როგორც თამარის დროს იყო.
მესამე, ჩემო იოსებ, მესამე... ნახე ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, ან ვინც იქნება, ნახე და უთხარი – ჩემო სახლი კერძო მდგმურებისაგან გაწმინდონ და შიგ ჩაასახლონ აჭარა-ქობულეთიდან უბინაო სტუდენტები.
მუსლიმან აბაშიძეებს უთხარი, საქართველოს ერთგულნი იყვნენ...
ზაქარიამ სული განუტევა საქართველოს ბედნიერების ნატვრით.” – იგონებს იოსებ იმედაშვილი.
ესეც დიდებული მამულიშვილის უჩვეულო დიდსულოვნება... მარტო დიდსულოვნება კი არა, აჭარისადმი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება.
არ დარჩენილა საქართველოში კუთხე და სოფელი, ზაქარია ჭიჭინაძეს ფეხი რომ არ დაედგას, არ დარჩენილა ერის ისტორიაში მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, მისი კალამი რომ არ შეხებოდა.
ისევ იოსებ იმედაშვილი მოვიშველიოთ:
“ზაქარიამ დაბეჭდა წერილი ქართველ კათოლიკეთა, ქართველ მუსლიმანთა, ქართველ ებრაელთა, ქართველ გრიგორიანთა ეროვნული ერთიანობის შესახებ. თუმცა სარწმუნოებით, სჯულით სხვადასხვანი ვართ, გვარტომობით, ეროვნებით ერთნიო.”
ამ აზრს ქადაგებს იმ დროს, როცა ცარიზმი არათუ სარწმუნოებრივად, გვარტომობრივად ქართველთა ერთიანობას მახვილს სცემდა, სხვადასხვა აღმსარებლობის ქართველებს ერთმანეთისაგან თიშავდა. ამ მიმართულებით ზაქარია ჭიჭინაძის წერას, საუბარ-პროპაგანდას დიდი ეროვნულ-კულტურული მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ზაქარიას ერთი ისტორიული სამოვარი ჰქონდა...
“საქართველოში ვინ უნდა დაკარგულიყო – ქართველი მუსლიმანი, ქართველი გრიგორიანი, ქართველი კათოლიკე, აჭარელი, ახალციხელი, მეგრელი, გურული, აფხაზი, სვანი – ერთი სიტყვით, “სჯულიანი თუ უსჯულო,” როგორც ზაქარიას დედა იტყოდა, რომ ამ სამოვრის ნადუღით არ გათუთქულიყო... ჩინეთ-ჰინდოსტანიდან, ფრანგისტანსა და ჰრომიდან, ბრიტანეთისა და ფრიდრიხის ქვეყნებიდან, სპარსეთსა და სახონთქრედან, სკვით-რუსეთსა და ელლინეთიდან თუკი ვინმე გულდამწვარი ქართველი იყო, უთუოდ ზაქარიას ამ სამოვრით გაიგრილებდა გულსა!..” – ესეც იოსებ იმედაშვილის სიტყვებია.
არც დღეს გვაწყენდა ქართველებს ასეთი სამოვარი – ერთიანობისა და შეკავშირების სიმბოლო.
“მის მიერ დაწერილი და გამოცემული წიგნებით მოფენილია მთელი საქართველო.” – დიდებულ მამულიშვილს ასე ახასიათებს გალაკტიონი.
თავიდანვე დაუდგრომელი ხასიათისა იყო რაჭიდან ჩამოსახლებული ღარიბი ხუროს _ ეგნატე ჭიჭინაძის ნაბოლარა _ მეთხუთმეტე შვილი. კლასიკური განათლებაც არ მიუღია – გული ვერც სწავლას დაუდო და ვერც მუშაობას.
1872 წელს 18 წლის ჭაბუკი (დაიბადა 1854 წლს) გაზეთებს პირველ კორესპონდენციებს კახეთიდან უგზავნის. აქედან დაიწყო მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია, დაიწყო და იმ დროის საქართველოში არ დარჩენილა ჟურნალი და გაზეთი, მისი წერილები რომ არ დაბეჭდილიყოს.
“რიცხვი ამ გაზეთებისა შეადგენს რამდენიმე ათას ნომერს, გამოქვეყნებული მასალები კი რამდენიმე დიდ ტომს. მარტო ბათუმის ქართულ გაზეთში ორი წლის განმავლობაში ქართველი მაჰმადიანების შესახებ დაიბეჭდა მისი 100 ფელეტონი და მეორე ასი ფელეტონი ისტორიულ თემებზე. მის დიდ ტიტანურ შრომებზე ისიც მეტყველებს, რომ 1875 წლიდან, წიგნის ბეჭდვა რომ დაიწყო, 45 წლის განმავლობაში დაწერა და დასტამბა 107 წიგნი. დასაბეჭდი დარჩა 120-ზე მეტი, აქედან 50 დასაბეჭდად გამზადებული... ახლა ათასობით სხვისი წიგნი რომ მოამზადა და დასტამბა?..”
საკვირველია, ამდენს როგორ ასწრებდა...
“მან ფეხით შემოიარა მთელი საქართველო ტრაპიზონიდან საინგილოს ჩათვლით, მოინახულა ყველა კუთხე და კუნჭული, ყველგან საკუთარი ზურგით მიიტანა მის მიერ დაწერილი და დაბეჭდილი წიგნები, ყველა ქართველი ეროვნულ კულტურას აზიარა.” მარტო 1890 წელს, აჭარაში მცირე დროით ჩამოსვლისას, 280-მდე სოფელი მოინახულა და, “აჭარელთა დიდმა გულშემატკივარმა,” ყველაზე მეტი სითბო და სიყვარული უსამართლოდ დაჩაგრულ ქართველ მაჰმადიანებს დაუტოვა, გააცნო თავიანთი ისტორია და ის ავბედითი ყოფა, რომელმაც “დროისა და უპატრონობის მეოხებით ისინი საბედისწერო მდგომარეობამდე მიიყვანა.” მას ახარებდა ის, რომ ისევ ქართველობდნენ ოსმალოს ქართველები, თურქულ ენას ვერ დაეთრგუნა მადლიანი ქართული... უხაროდა და ცდილობდა, კიდევ უფრო გაეღვივებინა ეროვნული თვითშეგნება მშობლიურ უბეში ახლადდაბრუნებული მოძმეებისათვის. მათი ნდობა რომ მოეპოვებინა, მუსლიმანური ლოცვა-კითხვა ისწავლა და ქობულეთსა თუ აჭარა_შავშეთში მაჰმადიან მოძმეებთან ერთად სალოცავად ჯამე-მეჩეთებში შედიოდა. ისე კარგად ლოცულობდა, რომ ქართული ასოებით არაბული ლოცვანი დაბეჭდა და აჭარაში დაარიგა. ამით ცდილობდა, მუსლიმანი მოძმეები ქართული წერა-კითხვის შესწავლით დაეინტერესებინა.
ყოველი მოგზაურობის დროს ზაქარია ჭიჭინაძეს თან დაჰქონდა ქართული წიგნებით სავსე ხურჯინი და უსასყიდლოდ ურიგებდა მოსახლეობას. ენერგიას უორკეცებდა ის, რომ აჭარლები დიდი ინტერესით სწავლობდნენ ქართულ ანბანს და წერა-კითხვას.
“დაბა და სოფელი” – ასეა დასათაურებული ციკლი წერილებისა, “ივერიაში” რომ გამოაქვეყნა ზაქარია ჭიჭინაძემ. 1892 წელს იგი ქობულეთს ეწვია. პარასკევი შეარჩია, რადგან ამ დღეს “ბევრი ხალხი ჩამოდის ჩურუქ-სუში სავაჭროდ და შემდეგ ყველა ჯამეში იყრის თავს.”
“შარშან რომ ვიყავი აქ და წიგნები მოვიტანე, ამ საქმეს ბევრმა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მალე დარწმუნდნენ საქმის უვნებლობას და წიგნების შეძენა დაიწყეს. შარშან მათში იშვიათად ნახავდით ქართულად კითხვის მცოდნეს, მაგრამ წელს ასე არ არის – შარშანდელი ორი ათასი წიგნი ისეა მოფენილი ქობულეთის ხეობაზედ, რომ დღეს ყოველ ნაბიჯზედ შეხვდებით ქართული ანბანის მცოდნეს, ნამეტნავად ბავშვებს.” – ატყობინებს გაზეთ “ივერიას” გახარებული.
ამჯერადაც დაურიგა ხალხს წიგნები.
“400 კაცი მეხვევა ერთად და მთხოვს წიგნებსო.” ამ საქმეში მას გულო კაიკაციშვილი და დედე-აღა ნიჟარაძე დახმარებიან.
ზაქარია ჭიჭინაძეს ერთი ახალგაზრდა გასცნობია – მურად აბაშიძე, რომელსაც სტამბოლში მიუღია უმაღლესი სასულიერო განათლება. სტუმარი თავის სოფელში მიუპატიჟებია _ იქ სკოლა მაქვს, სადაც 50 მოსწავლეს ვზრდი და, წიგნები რომ მექნება, ქართულ წერა-კითხვასაც შევასწავლიო.
ზაქარია ჭიჭინაძემ კარგად იცოდა, აჭარელ მოძმეებს რა ხასიათის ლიტერატურა  დააინტერესებდა და წიგნებს იმის მიხედვით ურჩევდა. ქობულეთლებს ძალიან მოსწონებიათ წიგნი თამარის შესახებ. ერთთავად სულ ამ მეფეზე ლაპარაკობენ, უბით დაატარებენ წიგნს და სასოებით დასცქერიან შიგ ჩაბეჭდილ სურათსო. – გადმოგვცემს მამულიშვილი. ასევე მოსწონდათ და დიდი ინტერესით კითხულობდნენ “არსენას ლექსს,” “დავით აღმაშენებელს,” “მაჰმადის ცხოვრებას,” “ქალვაჟიანსა” და სხვა. Aამ წიგნებს, თავსა და ბოლოში, ანბანიც ჰქონდა დართული. ზაქარია ჭიჭინაძე ჯერ თავად უკითხავდა, შემდეგ კი იქვე ქართულ წერა-კითხვას ასწავლიდა.
გულო-აღა კაიკაციშვილს სტუმრისათვის უთქვამს:
“ქობულეთში გავრცელებულ წიგნებს ტრაპიზონში გადასული ქართველები ისე კითხულობენ, რომ წიგნები სულ უბეში უძევთო.” აქა-იქ ძველებური ექიმობაც სცოდნიათ. ერთ ოჯახში უძველესი კარაბადინიც აქვთ და მისი საშუალებით ექიმობენ. ამათში ბევრი შელოცვა იციან, რომელთა უმეტესი ნაწილი ქრისტიანულ მოძღვრებაზეა დაფუძნებული. – წერს ზაქარია ჭიჭინაძე. იქვე კიდევ ერთ საყურადღებო ცნობას გვაწვდის: “ერთი ქართველი მაჰმადიანი წერს ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი ოსმალთა ხელში, რა უფლებით სარგებლობდნენ და რა წესები არსებობდა.”
იქნებ, რომელიმე ოჯახში კარაბადინიც შემორჩა და ხელნაწერიც. საჭიროა მათი მოძებნა და შესწავლა.
ქობულეთში ძალიან განიცდიდნენ ქართული სკოლის უქონლობას, რაზედაც აქაურ აღა-ბეგებს გულისწუხილი ზაქარია ჭიჭინაძისთვის გაუზიარებიათ.
ამის თაობაზე, აი, რას წერს იგი “ივერიაში:”
“იქნებ ქობულეთის სკოლის საქმე რითიმე გათავდეს. წერა-კითხვის საზოგადოება თუ ვერ დააარსებს ამ სკოლას, მაშინ ამ საქმეს შესძლებს პატივცემული ათანასე არქიმანდრიტი კავკასიძე. ამასწინათ მან დამავალა: “გადაეცით წერა-კითხვის საზოგადოებას, რომ თუ თქვენ არ დააარსებთ ქობულეთში სკოლას, მაშინ მე გადმომეცით, რაც კი ამ სკოლისათვის მოგროვილი ფული გაქვთ და მე დავაარსებ სკოლასო.” იმედია, ეს საქმე დროზე დაბოლოვდება. სწორედ გული გეტკინება კაცს, როცა ამ მხარის პატარა ბავშვები, ხედავს, რომ აქა-იქ ქართული პატარა წიგნებით დადიან, იხვეწებიან, იმუდარებიან, ქართული ანბანი შეგვასწავლეთო. დიდსა და პატარას ყანებში ქართული წიგნები უბით დააქვთ, დასვენების დროს შიგ ჩასჩიჩინებენ და ანბანს სწავლობენ.”
ქობულეთიდან ზაქარია ჭიჭინაძე ხინოს სწვევია. აქ, სოფელ ქოხათთან, ერთ მაღალ მთაზე, ოთხარშინიანი თლილი ქვის სახრჩობელა უნახავს, რომელიც “ოსმალებს იმ დროს აღუმართავთ, როცა ხალხს გამუსლიმანება დაუწყეს. ვინც გამუსლიმანებაზე უარს იტყოდა, ჯაჭვით აბამდნენ, თუ ვერ გასტეხდნენ, ახრჩობდნენ. ასე და ამგვარად აქ ბევრი ქართველობა დახოცილა, ბევრი წამებულა, მოწამეობის გვირგვინით შემკობილა და სახრჩობელასაც გმირულად მიჰგებებია. ახლა წმინდად იცავენო თავის ქართველობას. კაცი რაც უფრო შორდება ზღვის ნაპირს და შორს მიდის, იმდენად უფრო სუფთად არის დაცული და შენახული ქართული ენა – ქართული ხმაურობა და სიმღერებია, ქართული ღიღინია.”
იმოგზაურა მაჭახელასა და ზემო აჭარაში და რომელ სოფელშიც შევიდა, ყველგან სითბო და სიყვარული დატოვა ზექერია-ეფენდიმ, როგორც მას აჭარლებმა სიყვარულით შეარქვეს. აჭარაში სახელი ზექერია ასე რომ იყო გავრცელებული, ვფიქრობ, ეს ზაქარია ჭიჭინძის ჩვენს კუთხეში უაღრესად დიდმა პოპულარობამ განაპირობა.
“ზეგანი” – ასეა დასათაურებული გაზეთ “ივერიაში” 1893 წელს გამოქვეყნებული მისი ფელეტონი, რომელიც ზემო აჭარის ისტორიულ წარსულზე ბევრ საყურადღებო ცნობას შეიცავს. მასში გადმოცემულია, თუ რომელ სოფელში იმ წელიწადს რამდენი კომლი სახლობდა, რა ღირსშესანიშნაობებითაა გამორჩეული და რომელი ცნობილი პიროვნება ცხოვრობდა ამა თუ იმ სოფელში.
ხიხაძირში ნაეკლესიარიაო, გადმოგვცემს. ამასწინათ ქვის ორი ჯვარი იპოვესო. კალოთის თავში ჭერჩაქცეული პატარა ეკლესია უნახავს. ვერნებშიც შეუნიშნავს 

ეკლესიის ნანგრევი, სადაც ქვემო აჭარის უფროს გიორგი ბერიძეს დიდი თლილი ქვა უპოვია ხუცური წარწერით. წარწერები გადაღებულია და ქვა შენახულიო. კვატიელები თოფ-დამბაჩის კეთებით ყოფილან განთქმული, მაგრამ ბოლო დროს ეს ხელობა დაცემულაო. – წერს გულისტკივილით, _ შარშან გარდაიცვალაო უკანასკნელი ოსტატი.
ოლადაურში ქარცივაძეებისას გაუთევია ღამე. აქ ლომან-ეფენდი ქარცივაძის შთამომავლებს გასცნობია. ლომანი თავის დროზე წინ აღუდგა მუჰაჯირობას და, რაკი, მოსახლეობაში დიდად გავლენიანი კაცი იყო, ბევრს გადააფიქრებინა ოსმალეთში გადასახლება. ამ პიროვნებას ძალზე დიდ შეფასებას აძლევს ზაქარია ჭიჭინაძე. ოლადაურსა და, საერთოდ,  მირატის (მარეთის _ ო. ფ.) ხევშიც უხვად ჩამოარიგა წიგნები, მშობლიურ წერა-კითხვას აზიარა ბევრი მაჰმადიანი ქართველი...
ერთი სიტყვით, აუწონელია ამაგი, აჭარას რომ დასდო ზაქარია ჭიჭინაძემ. ამიტომაც იყო, 1922 წელს, დაბადების 50 წლისთავზე, აჭარლებმაც დიდი პატივი მიაგეს მათ გულშემატკივარ მამულიშვილს.
ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის მეექვსეკლასელ იუსუფ ცივაძეს ასე მიუმართავს ზაქარია ჭიჭინაძისათვის:
“...თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელმაც ჩვენი მივიწყებული აკვანი, იდეალი და აზროვნება თვალწინ დაგვიყენეთ, გაიზიარეთ ჩვენი ჭირ-ვარამის ხვედრი, გასწიეთ მძიმე შრომა აუტანელ პირობებში და დედაბოძი ჩვენი ისტორიის მსვლელობისა ახსენით. თქვენ ჩაწვდით ღრმად ქობულეთელის, აჭარელის, შავშელის, ლივანელის, იმერხეველისა და სხვათა ადგილების მცხოვრებ ხალხთა გულში და გამოიცანით მათი მწარე წარსული და ნაკლი. ჩაახედეთ ისინი დიდ სარკეში, რომლის შედეგადაც სწორ, გარკვეულს გზაზე დააყენეთ.”
დღეს ნათლადაა წარმოჩენილი ზაქარია ჭიჭინაძის ღვაწლი და ამაგი, გაწეული აჭარისადმი, მაგრამ მისი დამსახურება სათანადოდ არ არის დაფასებული. ამ დიდი ქართველის სახელი მინიჭებული აქვს ერგეს საშუალო სკოლას, მაგრამ ეს საკმარისი არაა. აჭარის დიდი გულშემატკივარის სახელს უნდა ატარებდეს ქუჩები და სკოლები ბათუმსა და აჭარის ყველა რაიონში, ქალაქში კი, თვალსაჩინო ადგილას, მამულიშვილის ბიუსტი  დაიდგას.

1988 წ.

ლიტერატურა:

1. ი. იმედაშვილი, ჩემი ცხოვრების წიგნი, თბ., 1978.
2. თ. კომახიძე, აჭარის მოამაგენი, ბათ., 1995.
3. ო. ფუტკარაძე, აჭარის დიდი გულშემატკივარი, გაზ. “საბჭოთა აჭარა,” # 237, 1978.
4. ზ. ჭიჭინაძე, მუჰაჯირი ემიგრაცია, თბ., 1914.
5. ზ. ჭიჭინაძე, ქართველების გათათრება, თბ., 1913.
6. ზ. ჭიჭინაძე, მუსლიმანი ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში, თბ., 1913.
7. გაზ. “ტრიბუნი,” # 214, 1922.