Litclub.ge

ჩვენ

შენ უნდა იწვე უდაბურ ველზე

და ხარბად ხვრეპდე მზის ულევ ხავერდს,

გველივით გრძნობდე ჩემს თითებს წელზე,

გულების ცემა აკრთობდეს მთვარეს.

ჩემი ძარღვებით გიქსოვდე პერანგს,

ჩემივე ტყავით გმოსავდე შიშველს,

მწყურვალს გასმევდე სისხლს მძაფრს და ვერაგს,

ვგავდეთ ველურებს და არა მშიშრებს.

ვიგლეჯდე ტანზე ხერხემალს, ნეკნებს

და სამკაულებს გიძღვნიდე ძვლების,

ეტრფოდე ჩემებრ თვეებში ენკენს

და არ გთრგუნავდეს სიმრავლე წლების.

შენ უნდა იყო რაც დღემდე ვხატე,

მე უნდა ვიყო რაც ვწერე დღემდე,

ჩვენ ამ სამყაროს ვერ შევემატეთ,

ჩვენ ეს სამყარო ვერ შევიფერეთ.

ჩემი სურნელით გიქარგავ დღეებს,

ჩვენ ერთად ყოფნას გვიქადის ბედი,

მე უნდა ვგრძნობდე გამოწვდილ ხელებს,

რადგან მე შენით ვცოცხლობ და ვკვდები.