Litclub.ge

ანჩარი
იქ, სადაც არი უდაბნოს ველი, 
მარად მხურვალე მიწა ქვიშური, 
ანჩარი, როგორც მრისხანე მცველი, 
დგას მსოფლიოდან გამოთიშული. 

იგი მწყურვალე ველთა ბუნებას 
ბოროტების დღეს გაუჩენია, 
დაშხამებული რტო ძირს ეღუნება 
და ავსებს ფესვებს გესლის გენია. 

ქერაქიდან წვეთად ეღვრება შხამი, 
ადნობს შუადღეს სხივები მზისა, 
და როცა შხამი შეშრება ღამით, 
იქცევა სქელ და კრიალა ფისად. 

მას ფრინველის ფრთა არ შეხებია, 
გაურბის ვეფხვიც. . . გრიგალიც მარტო 
ამ სიკვდილის ნერგს შეხეთქებია, 
რომ სასიკვდილო წაეღო საზრდო.

როცა ღრუბელი ფოთლებს მძინარეს 
უკვე დააჩენს შხეფების ნიშანს, 
გესლად ქცეული წვიმის მდინარე 
გადაეღვრება მხურვალე ქვიშას. 

ადამიანს კი ადამიანი 
ანჩართან წასვლას მრისხანედ ანდობს, 
მონა წავიდა თავაზიანი 
და დილით შხამი მიართვა ბატონს. 

მან მოიტანა სიკვდილის ფისი 
და თანაც ტოტი შემჭკნარის ფოთლით, 
მაგრამ შუბლი და ღაწვები მისი 
დაცვარულიყო სიმწარის ოფლით. 

წაიქცა, თვალებს მოედო ლული, 
ვეღარ შეასწრო თავის ბინაში, 
და განუტევა საბრალომ სული 
დაუმარცხებელ სარდლის წინაშე. 

მეფე დაჟღენთა შხამის წვეთებით 
თავის ისართა ჯარი ნაგეში, 
და ეს სიკვდილი გულგამეტებით 
ჩამოარიგა მტრის ბანაკებში. 

1828