Litclub.ge

ზამთარი

ნ ო ე მ ბ რ ი ს 2



დაზამთრდა. . . რა ვქნათ ჩვენ სოფელში? . . . შევხვდები დილით 
მსახურს, რომელსაც ჩაი მოაქვს ჩემთან სიფრთხილით, 
ასეთი კითხვით: დათბა, ჩადგა ქარი თუ არა? 
ან თუ მიდამოს თოვლის ფიფქმა გადაუარა? . . .
მოვსცილდე ლოგინს საჯირითოდ? ველოდო სადილს? 
მეზობლის ძველი ჟურნალებით ვიკლავდე წადილს. . .
თოვლია . . . ვდგებით და ცხენებიც უკვე მზად არი, 
მივქრით ველებზე, ნათელი დღით გვხვდება ზამთარი; 
შოლტები ხელში, მეძებრები მოსდევენ ცხენებს, 
თოვლს ვაკვირდებით, ნადირის კვალს თუ მოგვაჩვენებს, 
ვწრიალებთ, ვეძებთ, საღამომდე თოვლში ვირევით 
და შინ ვბრუნდებით წყვილი კურდღლით, ნანადირევით. 
ვილხინეთ ბევრი. . . საღამოა: ქარის ხმა გვესმის, 
სანთელი ბჟუტავს, შეხუთული გული კი კვნესის. 
მარტოობის შხამს ჩემი ფიქრი წვალებით უძლებს, 
ვიკითხო მინდა. . . ვეღარ ვიტან დაბეჭდილ ფურცლებს. 
შორსა ვარ ფიქრით, წიგნის კითხვაც მომწყინდა, კმარა, 
ავიღებ კალამს, - ვზივარ: თითქოს ძალათი ვპარავ 
მთვლემარე მუზას აბურდულ და უაზრო სიტყვებს, 
ხმა ხმას გაურბის. . . აღარ მწყალობს და აღარ მიტევს 
მსუბუქი რითმა, საოცარი ჩემი მსახური. 
და ლექსიც ზანტობს ცივა, ბნელი და უსახური. 
უკვე დაღლილმა გავათავე მე ჩანგთან დავა, 
მთავარ დარბაზში საუბრისას სასმენად წავალ
შაქრის ქარხანა, არჩევნები სჯის საგანია, 
დიასახლისის სახეც ცუდი დარის მგვანია, 
ის წინდის ჩხირებს აბზრიალებს როგორც რომ მაქოს, 
და მარჩიელობს, გატაცებით გადაშლის ბანქოს. . .
წყეული სევდა. ვინ გაუძლებს ასეთ სამყოფელს? . . 
მაგრამ ანაზდად, თუ საღამოს მოწყენილ სოფელს - 
მაშინ როდესაც მე პაიკებს ვეთამაშები - 
ეწვია ეტლი გამართული რუსულ რაშებით 
და ეტლში მოჩანს ბერი ქალი ორთავ ასულით 
(ორივე ქერა და ალვასავით შემოხაზული). 
როგორი ლხენა დაატყდება ამ მხარეს თავზე!
უცბად ცხოვრება გვეჩვენება ყოველმხრივ სავსე.
ჯერ ალმაცერად ცქერა, სევდა და შეფასება, '
ძუნწი სიტყვები, შემდეგ უკვე გაბაასება,
შემდეგ სიცილი მეგობრული, მღერა, ფერხული, 
ცეკვა ხალისით და ჩურჩულით თუნდ უხერხული, 
ცელქი სიტყები, ცქერა მთქმელი ვნების, ვედრების, 
ვიწრო კიბეზე შეფეთება და შეხვედრები. 
უკვე ბინდისას აივანზე მიდის ასული, 
სახეს სცემს ქარი, არც გულმკერდი აქვს მას დაცული. 
რუსულ ვარდისთვის ქარიშხალიც მართებულია, 
ყინვის დროს კოცნა რა ცეცხლივით ანთებულია, 
რა ცოცხალია თოვლის მტვერში რუსის ქალწული. 

1829