Litclub.ge

წიგნის გამყიდველის საუბარი პოეტთან

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი 

თქვენი ლექსები გასართობია, - 
ერთი რომ დასხდეთ, სრულიად კმარა. 
სახელის ხვეჭას რაღა სჯობია - 
ცნობას საამო გავრცელდა ჩქარა: 
დაასრულაო პოეტმა ვრცელი, 
შესანიშნავი უცხო თქმულება. 
მაშ გადასწყვიტეთ; მე პასუხს ველი: 
თავად მაუწყეთ ღირებულება. 
მაღალ მუზებს და ლამაზ გრაციებს 
აურჩევიხართ ლექსების მთხზველად; 
დასტად დაწყობილ ასიგნაციებს, 
ფურცლების ნაცვლად მიიღებთ ხელად. 
ამოიოხრეთ - რაშია საქმე? 

პ ო ე ტ ი 

სულ არ ვიყავი ამ წუთში აქ მე, 
გული იმ დროთა ნატვრას მინებდა, 
როცა იმედი გამაჩნდა სრული, 
როდესაც ლექსებს მაწერინებდა
ზეშთაგონება და არა ფული. 
თვალი შეჩერდა კლდეებზე, ტინზე, 
კვლავაც ვიხილე ბინა მდუმარი 
იქ, სადაც ხშირად ოცნების ლხინზე 
მუზა ყოფილა ჩემი სტუმარი. 
მქონდა იქ მეტი შარბათი ხმაში, 
და აჩრდილების რაზმი დიადი 
თავზე შრიალით დამფრენდა მაშინ, 
როცა განცედების უძირო ზღვაში 
შემაცურებდა ღამის წყვდიადი. 
რით არ ღელავდა გონება ნაზი: 
მწვანე მინდვრებით, სავსე მთვარითა, 
ამოვარდნილი ქარბუქის ბრაზით, 
მოხუცებულის ნაუბარითა. 
რაღაც დემონი დაუფლებოდა 
ჩემი მოცლის და გართობის ჟამსა. 
იგი მე მუდამ თან დამყვებოდა 
საოცარ ხმებით სმენა თვრებოდა, 
და თითქოს თავში უმძიმეს შხამსა 
გაჰქონდა ირგვლივ სხივების ფენა. 
ფეთქავდა მასში აზრი შობილი, 
იყო ხმოვანი და შეწყობილი 
ჩემი მორჩილი სიტყვების დენა, 
დასრულებული რითმათა ზარით. 
ჰარმონაიში მე ჩამომგავდა 
ტყე მოშრიალე, მქუხარე ქარი, 
ამღერებული ჩიტების ჯარი, 
ზღვა ბნელ ღამეში როცა ბორგავდა, 
ანდა ნაკადის დუდუნი წყნარი. 
სიმარტოვეში მყუდრო მშრომელი, 
მე არ ვიყავი მაშინ მდომელი 
გამეყო ბრობსთვის ღვთიური ცეცხლი, 
საუნჯე მისთვის მიუწვდომელი, 
და სასყიდელად მიმეღო ვერცხლი. 
მე ამ საუნჯი მიყვარდა მალვა, 
ამნაირადვე ეჭვით ვნებულმა, 
გულდახურულმა შეყვარებულმა 
იცის მუდმივი რიდი და კრძალვა
ფარისევლების თვალთა წინ ჩენის 
ნორჩ მიჯნურისგან მიღებულ ძღვენის. 

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი 

მაგრამ გეწვიათ ახლა დიდება, 
გიზღოთ მან იგი ფარული ლხენა; 
აწ ზედმეტია მის გამო წყენა
და გარდასულის გამოკიდება. 
აბა შეხედეთ წიგნებს მტვრიანსა - 
ლექსის და პროზის გაწვდილა რიგი; 
ელის ამაოდ მკითხველებს იგი 
და მათ შექებას თავქარიანსა. 

პ ო ე ტ ი 

ბედნიერია, სხვების თვალთაგან 
ვინაც დამალა მაღალი ზრახვა, 
ვისაც კაცთაგან, ვით საფლავთაგან, 
არ უძებნია სარგებლის ნახვა! 
ნეტა იმ უცნობს და უდაფნოსა, 
მხოლოდ თავისთვის პოეტად მყოფელს! 
ვინც უსახელოდ ვით უდაბნოსა
ბრბოს მოწყვეტილი მოსცილდა სოფელს! 
მტკნარი უმეტეს, ვიდრე ზმანება, 
რაა სახელი? მკითხველთა ჩქამი? 
ცოფმორეული უმეცრის შხამი? 
თუ მოსულელოს აღფრთოვანება? 

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი 

ლორდ ბაირონის ამ აზრის იყო, 
ჟუკოვსკისგანაც ეს იყო თქმული: 
მაგრამ მათ წიგნებს ბრბომ ხელი მიჰყო 
და ტკიბილ ხმათათვის გაიღო ფული. 
ვალი მაღალი გაქვთ ნაკისრები: 
პოეტი სჯის და პოეტი სწყალობს. 
გულდაცხრილული მისი ისრებით 
დროთა სიღრმეში სიმხეცე წვალობს. 
მას ხმაზე გმირი სალდება მკერდით. 
კითერის ტახტზე კორინას გვერდით
თავისი აჰყავს მას სიყვარული. 
ხოლო თუ ქება, თქვენზევე თქმული, 
თქვენთვის ყოფილა შესაზარელი - 
ქებას მოითხოვს ქალების გული. 
სწერეთ იმათთვის; გაჰფანტეთ დარდი 
მშვენიერის და თავმომწონისა” 
სიჭაბუკეში გვერჩიოს ვარდი, 
ვიდრე დაფნები ჰელიკონისა. 

პ ო ე ტ ი 

ო, გაქანება ოცნების ფრთაზე 
და ჭაბუკური ცეცხლის ვნებისა! 
მსურდა მოხვეჭა ცხოვრების ზღვაზე 
მეც სილამაზის ყურადღებისა. 
თვალი ტურფანი, გულთამდაგენი, 
მე მკითხულობდნენ ტრფიალის ჩენით; 
მევე მხიბლავდნენ ტკბილნი ბაგენი 
ჩემგან შექმნილი ბგერების დენით. 
კმარა! მათთვის მე უკვე აროდეს 
თავისუფლებას არ დავთმობ კვალად. 
დაე, ჭაბუკი მათ შეჰხაროდეს 
და კისრულობდეს მათ ქებას ვალად. 
მე კი - მშვიდობით! აქ, ყრუ მხარეში, 
მდინარებს ჩემი ცხოვრების წყნარი; 
აწ მათ ლხინში თუ სიმწუხარეში
არ აჟღერდება ერთგული ქნარი. 
მეტად მჩატეა მათი გონება, 
წაბილწულია იმათი სული, 
და ღვთის ნიშანი, ზეშთაგონება 
აცინებთ, როგორც სიგიჟე სრული. 
ხშირად, როდესაც მომაგონდება, 
თუ რასა ვწერდი თაყვანისმცემი, 
გული სირცხვილით შემიღონდება - 
მევე მზარავენ კერპები ჩემი. 
რას ვესწრაფოდი ნეტა საბრალო?
რად დავამდაბლე მაღალი ზრახვა? 
სათაყვანებლად იმათი სახვა 
რა გადარევას გადავაბრალო? 

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი 

მიყვარს, პოეტო, მე თქვენი რისხვა!
წყენის მიზეზებს ვარიდებ თვალებს, 
მაგრამ თქვით, ნუთუ ამგვარი კიცხვა 
არ ასცილდება ზოგიერთ ქალებს? 
ნუთუ ერთიც კი არ გეჩვენებათ 
კიდევ რომ ღირდეს ოცნებად, ვნებად? 
რომ ყოვლადშემძლე თვის მშვენება 
გახადოს თქვენი სიმღერის მცნებად? 
თქვენ ხმას არ იღებთ. 

პ ო ე ტ ი 

რისთვის მჭირდება, 
რომ დავარღვიო სულის ღრმა რული? 
რისთვის ვაწამო ხსოვნა ფარული? 
აწ ნუღარავინ ნუ მაკვირდება: 
მოვცილდი ყველას. იკითხავთ - გულში 
ჩამრჩა მე კიდევ ძვირფასი სახე? 
ბედნიერება ტრფიალში ვნახე? 
ან თუ მყოფელმა ტანჯვაში კრულში 
ვმალე ცრემლები განკერძოებით? 
სად იყო იგი, ვისი თვალებით, 
ვით ცის მშვენებით და სათნოებით, 
ვიყავ მე დიდხანს შენამსჭვალები? 
. . . . . . . .
მერმე? მოკლული ტრფიალის კვნესა, 
ჩემი სიტყვები მოგესმა დღესა, 
როგორ შეშლილის დრტვინვა ხმიერი. 
მათ მხოლოდ ერთი გაიგეს გული 
და დაჩნეულიც ექნება წყლული. 
ეს შერისხვაა ბედისმიერი. 
ო, მასზე ფიქრი დაჭკნობილ გულსა 
კვლავ სიჭაბუკეს განაცდევინებს, 
ის პოეზიას დაურღვევს რულსა 
და კვლავინდებურ ხმებს აფრქვევინებს! 
ეჩვენებოდა მხოლოდ მას ნათლად 
ჩემი ლექსები გაურკვეველი; 
ის იქნებოდა ზეციურ მადლად 
ჩემს დაღლილ სულში ღამისმთეველი. 
ვაგლახ, მაღელვებს მტკნარი ზმანება, 
მან არ შეხედა ცრემლების წვიმას, 
ხვეწნის მოსმენას თავი ანება . . .
ჩანს, მიწიერი აღფრთოვანება, 
როგორც ღვთაებას, არ უნდა იმას. 

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი 

მაშ ასე, ტრფობით ძალმილეული, 
გაბეზრებული მდაბალის ჭორით, 
ზეშთაგონებულ ხმებს შეჩვეული
ქნარს გაუქმებულს ვუცქერით შორით. 
როცა აგცილდათ ხალხისგან რბევა, 
როცა წაართვით მუზას უფლება, 
რაღა გსურთ ახლა? 

პ ო ე ტ ი 

თავისუფლება! 

წ ი გ ნ ი ს გ ა მ ყ ი დ ვ ე ლ ი 

კარგია. მხოლოდ ისმინეთ რჩევა, 
ამ საუკუნის გაიგეთ სული: 
იგი უთუოდ დიდი ჩარჩია;
თავისუფლება ბევრმა არჩია, 
მაგრამ იმასაც სჭირდება ფული. 
რაა სახელი? ნაკერი ჭრელად 
პოეტის ტანზე სამოსი ძველი. 
სახლი ოქროსთვის აქციეთ ხვრელად, 
იყავით მისი მუდმივი მცველი. 
ვიცი, ნათქვამი ალბათ მწარეა 
და სახეზედაც გემჩნევათ წყენა. 
ეჰ, პატონებო, მე გიცნობთ თქვენა: 
თქვენთვის ქმნილება სანუკვარია, 
ვიდრე შრომაში გრძნობა ხელდება, 
ვიდრე ოცნება ამჟღავნებს დუღილს, 
მაგრამ როდესაც ის განელდება, 
აღარა გჯერათ, მცირედიც თუ ღირს. 
უნდა მარტივად სჯიდეს გონება, - 
აი თქმა მინდა თქვენთვის მე რისა: 
არ იყიდება ზეშთაგონება - 
ძალგიძთ გაყიდვა ხელნაწერისა. 
რას აგვიანებთ? მკითხველნი ჯარად, 
ჯურნალისტბიც მეტად მწყრალები 
და ჩამომხმარი მომღერალები - 
ყველანი კარზე მადგიან მარად. 
ზოგს სატირისთვის აკლია ნარი, 
ზოგიც გასართობს დაეძებს მშვიდსა, 
და, გაგიტყდებით, აქ თქვენი ქნარი 
გულში იმედებს მინერგავს დიდსა. 

პ ო ე ტ ი 

თქვენ სრულიად მართალი ხართ. აჰა 
ჩემი ხელნაწერი. შევთანხმდეთ. 

1824