Litclub.ge

ბესარიონი
ვუძღვნი ბუსკა, შოშია, (დათო) ნაცვლიშვილს!

  ბესარიონ მხეიძეს, წმიდა მოწამეთა, თავად დავით და კონსტანტინე მხეიძეების შთამომავალს, სოფელ ციხია-ბობოთში, სადაც ბესარიონი ცხოვრობდა, “პერდე” შეარქვეს, იმიტომ რომ ინგლისური სანადირო თოფი ჰქონდა “ჯეიმს პერდეს” მარკის.  ეს იშვიათი თოფი, ბატონ ბესარიონს, 1920-იან წლებში ემიგრაციაში, საფრანგეთში გადახვეწილმა, მისმა ორმა ძმამ გამოუგზავნა საჩუქრად.  არავინ იცის რა გზებით მოაღწია ძმების საჩუქარმა საბჭოთა საქართველოს სოფელ “ციხია-ბობოთამდე”. 
  70 წელს გადაცილებულ, დაისის მზის ნატეხივით  გარეგნობის, ბატონი ბესარიონის და მისი “პერდეს” თოფის შემხედვარე კაცს, ეჭვი არ შეგეპარებოდა პატრონის და თოფის თავადურ წარმოშობაში.  ბესარიონის თოფს კიდევ ერთი უცნაურობა სჭირდა, ყველა იმდრიონდელ სანადირო თოფებისგან განსხვავებით ჩახმახები არ ჰქონდა და ამ კონსტრუქციის გამო თოფი როდის იყო გასასროლად მზად, ბესარიონის გარდა არავინ იცოდა; ამას კიდევ ის ემატებოდა რომ ბესარიონი ტყვიებს თვითონ ამზადებდა რაღაც სპეც. რეცეპტით და თოფს გასროლისას ხმა ჰქონდა ისეთი, გერმანიის ომში ნამყოფი თანასოფლელები მიწაზე წვებოდნენ და მერე კარგა ხანს ცაში თვითმფრინავებს  ეძებდნენ.
                                                                                  
  მხეიძეების ორსართულიანი, თავადური, მამაპაპისეული სახლი, ისეთ ადგილზე აეშენებინა ბესარიონის წინაპარს, საიდანაც ხელისგულზე ჩანდა მათი მამული. მეორე სართულის ღია აივნიდან, მესაზღვრესავით აკონტროლებდა ბესარიონი უზარმაზარი კარ-მიდამოს პერიმეტერს.          
  - არ გინდა ბესარიონ, შენი ჭირიმე, ვინმე არ დააშავო. - ეხვეწებოდა თოფ მომარჯვებულ მეუღლეს ქალბატონი ნინა.
  - არ დავაშავო კი არა, უნდა გავაშავო ეგ ჩოყლაყი! - პასუხობდა ბესარიონი. - ნინა! ორმოც წელზე მეტია ვერ გასწავლე, პატროკლეც მოკვდა შენზე დიდი და შენ ვინა ხარ? – მერე თოფის სასხლეტს ხელს გამოჰკრავდა და... იხუებდა ბესარიონის თოფი, ნახუები თოფის ხმა და საქურდლად თუ გზის შესამოკლებლად შემოპარული, ნაკვინტები კაცის – ვაი, მომკლეს!! – ხმა ერთმანეთში ირეოდა. სოფელში იშვიათად მოძებნიდით კაცს, ბესარიონის დამზადებული, მწყერის საფანტზე უფრო წვრილი ტყვია მონახვედრი რომ არ ჰქონოდა, ზოგს კეფაში, ზოგს ფეხში, ზოგს ხელში ან ყურებში, საჯდომზე კი დამიზნების გარეშე არტყამდა ნადირობის დიდოსტატი. “სეტერის” ჯიშის ძაღლივით ჰყავდა დასაფანტიანებული ბაცაცები და მოკლე გზის მოყვარულები.

- ბესარიონ ბატონო! ნახეთ კაცო რა ქნეს ჩვენებმა? – გახარებული ამოდიოდა მხეიძეების აივანზე გაზეთმომარჯვებული მეზობელი რაჟდენ როინიშვილი, რომელიც ვერაფრით ვერ აკვირვებდა სამთო ტექნიკუმ დიპლომიანი განათლების მქონე, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია დამთავრებულ ბესარიონს და ეხლა აპირებდა რაღაც საოცრების მოყოლას.
- ვინ ჩვენებმა? – შეეკითხა ბესარიონი.
- კომუნისტებმა, კაცო! კომუნისტებმა! – გაიმეორა რაჯდენმა და გაზეთი “კომუნისტი” გაუწოდა.  ბესარიონი ცენტრალურ გაზეთებზე და მათ დამაარსებლებზე სხვანაირად ფიქრობდა და ამიტომ ოჯახში მხოლოდ გაზეთი “ქუთაისი”, თბილისი” და “სოფლის ცხოვრება” ჰქონდა გამოწერილი, ისიც იმიტომ რომ ამ გაზეთების ბოლო გვერდებს კითხულობდა, სადაც ნეკროლოგები იბეჭდებოდა.
- მთვარეზე დასხდნენ ჩვენები და “ლუნახოდით” დადიან ახლა! – გახარებულმა თქვა რაჟდენმა.
  ბესარიონმა გაზეთს თვალი გადაავლო ისე რომ არც წაიკითხა, მერე რაჟდენს დაუბრუნა და უთხრა: 

- ვიცოდი ეგ მე!
- საიდან იცოდი, ბატონო ბესარიონ, გუშინ დასხდნენ მთვარეზე და?... – გაოცებული შეეკითხა რაჟდენი.
- ორმოცდახუთი წელია ვიცი, მთვარიდან ჩამოფრენილები რო არიან კომუნისტები!    მაგენის “ლუნაფხოდი”!!
- “ლუნახოდი” კაცო! – გაუსწორა რაჟდენმა.
- ჰო, ჰო, “ლუნაფხოდი”! – თქვა ბესარიონმა, მერე აივნის ტახტთან ჩამოკიდებული თოფი ჩამოხსნა და ვაშლის ბაღისკენ ისეთი ძეძგვა, რომ რაჟდენმა ჯერ ინსტიქტურად თითები ყურებში გაირჭო, მერე კი ხელები საჯდომზე იტაცა, ისე მიტაცებით მაგნიტსაც მიიტაცებდა რაჟდენის საჯდომი იმდენი საფანტი ჰქონდა მოხვედრილი. 
- ბესარიონ ბატონო!  ამდენ ტყვიას რომ ხარჯავ, გაძლევს რამეს?  - მარტო ხარჯვის ნაწილს შეეხო რაჟდენი, მოკლე გზის მოყვარულ ხალხზე არ გაამახვილა ყურადღება. 
- რაჟდენ!  პატროკლეც მოკვდა შენზე დიდი და შენ ვინ ხარ? - თქვა ბესარიონმა თავისი საყვარელი ჰომეროსის ფრთიანი სიტყვა.
- ე პატროკლე ვინ იყო, ბატონო ბესარიონ, სულ მინდა გკითხოთ, ვერსად ვერ ამოვიკითხე. – ისე თქვა რაჟდენმა, ვითომ პატროკლეს ძებნაში ბიბლიოთეკაში ათენებდა.
- იყო ერთი უკვდავი გმირი, რომლის სასიკვდილო ადგილი მხოლოდ ქუსლი იყო და მისი მეგობარი იყო პატროკლე. – დაიწყო ბესარიონმა მოყოლა.
- ჰო, ჰო, გამახსენდა! მეიცა არ თქვა... – გააჩერა ბესარიონი რაჟდენმა. – მაგ გმირს ის არ ერქვა?... აქუსლევსი!! – ამაყად გაიხსენა რაჟდენმა ბიბლიოთეკაში ამოკითხული გმირის სახელი!
- კი, კი, აქუსლევსი ერქვა! – გაიმეორა ბესარიონმა, მერე თოფი თავის ადგილზე ჩამოკიდა და აივნის კიბისკენ წავიდა. – ჰომეროსი წაიკითხე! – ხმამაღლა თქვა კიბეზე ჩამავალმა.
- ჰომერ-ო ს ი, ჰომერ-ო ს ი, - იმეორებდა რაჟდენი.
- გამარჯობა, რაჟდენ! – მიესალმა რაჟდენს აივანზე გამოსული ქალბატონი ნინა.
- გაგიმარჯოთ! – თქვა რაჟდენმა და ჰომერ- ო ს ი ს ჰომერი, მოუსვლელში გაუფრინდა, სამაგიეროდ ოსს სტაცა რაჟდენმა კუდში ხელი და მაჯაზე შემოიხვია.
- ქალბატონო ნინა! რა მინდა გთხოვოთ იცით? თქვენ კარგი ბიბლიოთეკა გაქვთ და ერთ წიგნს ვეძებ, ხომ არ გექნებათ?
- რა წიგნს ეძებ რაჟდენ? – შეეკითხა ნინა.
- აი... გამოჩენილი ოსი მწერალი როა... იმის წიგნს ვეძებ!
- ვის, ვის? – ვერ გაიგო ნინამ.
- ოსი მწერალი როა, ოსი! – გაიმეორა რაჟდენმა. 
- ოსი? ვნახავ რაჟდენ. - თქვა ნინამ და სახლში შევიდა წიგნის მოსაძებნად.  კარგა ხნის ძებნის შემდეგ აივანზე გამოვიდა და რაჟდენს კოსტა ხეთაგუროვის მოთხრობა ”ჯიხვებზე მონადირე” გამოუტანა.  გახარებული წამოვიდა რაჟდენი მხეიძეებისგან, ეხლა კი ნამდვილად გაიგებდა პატროკლეს და ”აქუსლევსის” გმირობის შესახებ. 
  მთელი ღამე გაათენა რაჟდენ როინიშვილმა ”ჯიხვებზე მონადირე”-ს კითხვაში.  მეორე დღეს წიგნის დასაბრუნებლად გადასული რაჟდენი და სამთავრობო შავი ვოლგა, რომელიც ბესარიონის სიძეს, გივი ნაცვლიშვილს ემსახურებოდა, ერთდროულად მიადგნენ მხეიძეების ჭიშკარს.
ქუთაისის ძალიანძალოვანი სტრუქტურის უფროსი იყო სიძე ბატონი.
ერეკლე მეფის კახეთის აზნაურობას არ უწუნებდა ნაცვლიშვილს თავადი  მხეიძე, მაგრამ სიძის სტრუქტურა კი ნამდვილად არ მოსწონდა.
- რაჟდენს გაუმარჯოს! – მიესალმა გივი ნაცვლიშვილი მეზობელს.
- ღმერთმა გაგიმარჯოს ბატონო გივი! რა გამიხარდა თქვენი ნახვა, რამდენი ხანია სოფელში აღარ ჩამოსულხართ.
- ეხლა ხომ ჩამოვედი, თანაც სტუმრებით და აბა თქვენ იცით!
- სანამ თქვენ მხეიძეების სახლში ახვალთ აივანზე საქეიფოდ, ქალბატონ ნინას ხაჭაპურები დაცხობილი ექნება. – ღიმილით თქვა რაჟდენმა, მერე ჭიშკარი გამოაღო და მანქანა ეზოში შეუშვა, სტუმრები კი ფეხით გაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას. სახლთან მისულებს, მარნიდან გამოსული ბესარიონი, ღვინით სავსე დოქით შეხვდათ. სიძე-სიმამრმა ერთმანეთი გადაკოცნეს და სტუმრები წარადგინა სიძემ.
- ეს, ბატონო ბესარიონ, ჩემი მეგობარია ერასტი ფურცხვანიძე,  ექიმი ანესთეზიოლოგი, პროფესორი. -  ერასტიმ ხელი ჩამოართვა ბესარიონს.
- მივხვდი ჩემო ბატონო ანესთეზიოლოგი როა! -  თქვა ბესარიონმა. 
- საიდან მიხვდით? -  გაუკვირდათ მეგობრებს.
- ხელი რომ ჩამომართვა, დამამთქნარა! -  ღიმილით თქვა ბესარიონმა.  ექიმ ანესთეზიოლოგს ისეთი სიცილი აუვარდა, კინაღამ დასჭირდა მეორე ანესთეზიოლოგი.
- ესენი კი ჩემი თანამშრომლები არიან. - თქვა გივიმ და აღარ დააკონკრეტა მათი  სპეციალობები, ისედაც მისახვედრი იყო.
  სანამ სტუმრები მეორე სართულის აივნიდან მხეიძეების მამულს ათვალიერებდნენ, ქალბატონი ნინა უკვე კეცზე გამომცხვარი ხაჭაპურებით ამოვიდა კიბეზე.  აივნის საქეიფო მაგიდაზე ხაჭაპურები დააწყო, სიძეს მოეფერა, სტუმრებს მიესალმა, მერე მოიბოდიშა ”კუხნას” მივხედავო და წავიდა.
ბესარიონმა და რაჟდენმა კი ”ზალიდან” მაგიდის თეთრი გადასაფარებელი და წელში გამოყვანილი ჭიქები გამოიტანეს, თანდათან იწყობოდა იმერული სუფრა.
ცოტა ხანში მარილმიყრილი და ფეხებაპლაკული მოხარშული დედალი ესტუმრათ, მერე ქალიშვილი დები, ვარიებიც გამოჩდნენ, ერთი ისრიმ-მაყვალში, მეორე კი ნიორ-წყალში. მჭადი, ყველი, ისპანახის მხალი, ჯონჯოლი, მწვანილი პური და მარილი, ეს ისე სუფრის გასაწყობად.
- ცუდი ამბავიდან მოვდივართ ეხლა ჩვენ! - თქვა ძალოვნების უფროსმა.
- გასვენებიდან? -  იკითხა რაჟდენმა.
- არა რაჟდენ, ტყიბულის რაიკომის მდივანმა თავის კაბინეტში იარაღით თავი მოიკლა და იქედან მოვდივართ.
- აბა კაცო, რა ვნახეთ ეს! - შეწუხებული დაეთანხმნენ თანამშრომლები უფროსს.
- ისე, რამ აიძულა კაცი, ასეთი განაჩენი რომ გამოუტანა თავს? - საუბარში ჩაერია პროფესორი ფურცხვანიძე.
- ეგ არ მიკვირს?! მარა, ჩემი აზრით, დიდი ვაჟკაცობა უნდა მაინც, კაცმა შენი ხელით თავი რომ მოიკლა! - თქვა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
- მასეა მაგი ვახტანგოვიჩ! ვაჟკაცი კაცის გარდა, ვერავინ ვერ გაბედავს თვითმკვლელობას! - დაეთანხმა ახლა ვახტანგოვიჩის თანამშრომელი.
- არა! თვითმკვლელობა რთული საქმეა! - სიტყვით გამოვიდა იმ თანამშრომლის თანამშრომელი.
-  გივი! ტოლსტოის „ანნა კარენინა“ ხომ გახსოვს? იქ აქვს გარჩეული ბრწყინვალედ ანნას თვითმკვლელობა ტოლსტოის! – თქვა ექიმ ანესთეზიოლოგმა.
- თქვენ რას იტყვით, ბატონო ბესარიონ თვითმკვლელობაზე? - შეეკითხა პროფესორი ფურცხვანიძე ბესარიონს.
- ქუთაისში გიმნაზიელი მეგობარი მყავს, დავით პეტროვიჩ ინოზემცოვი და მისმა მეზობელმა, მაქსიმე ფულარიამ რომ თქვა თვითმკვლელობაზე, ისეთი არ უთქვია არავის!
- რა თქვა ბატონო ბესარიონ ასეთი მაქსიმე ფულარიამ, ტოლსტოიმ რომ არ იცოდა? - დაინტერესდა პროფესორი.
- რა და... ნეტავი არავინ არ მომკლავდეს და ჩემი ხელით რავა მევიკლავ თავსო!!
სუფრამ ჯერ ფხუკუნი დაიწყო, მერე კი ფართხალზე გადავიდა.
- არა, არა!  მაინც დიდი უბედურება მოსვლია იმ უბედურს! - თავისი სიტყვა თქვა თვითმკვლელობაზე რაჟდენმაც.
- პლატონ! შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესია სირცხვილი!! -  თქვა ბესარიონმა.
- ეს ვინ თქვა, ბატონო ბესარიონ? - შეეკითხა რაჟდენი, რადგან წუხანდელი წაკითხული იმ დიდი ოსის წიგნში ”ჯიხვებზე მონადირეში” არსად არ იყო ნახსენები პლატონი.
- სოკრატემ! - აუხსნა ბესარიონმა.
- რომელმა სოკრატემ? - იკლიკანტურად იკითხა რაჟდენმა, სოკრატე ხომ საერთოდ არ ერქვა ”ჯიხვებზე მონადირეში” არავის!
- რომელმა და...... ლეყერეთელმა(სოფელია იქვე) ”სამასვლის” შოფერმა სოკრატემ, უთხრა ჩვენი სოფლის ”მანტიორს” პლატონს! - ღიმილით აუხსნა ბესარიონმა.  ექიმი ანესთეზიოლოგი უკვე ნიშადურის სპირტს ითხოვდა.
- ა!  ბატონო ბესარიონ!  არსად არ წერია ამ წიგნში არც სოკრატე და არც პლატონი! - გამარჯვებულმა თქვა რაჟდენმა და უტყუარი ნივთმტკიცება- კოსტა ხეთაგუროვის წიგნი მიაწოდა დამარცხებულ ბესარიონს.
ბესარიონმა წიგნი გამოართვა, დახედა და მიხვდა, რომ რაჟდენის მიერ წარმოდგენილი ოსი ეროვნების მწერლის, კოსტა ხეთაგუროვის წიგნი, არ იძლეოდა საფუძველს იმისას, რომ გვეფიქრა ჰომეროსის ოსურ წარმომავლობაზე, ეს საკითხი უკვე ღრმა მეცნიერული კვლევის საგანი იყო.
- ისე, კი უყვარდა კოსტას ჯიხვებზე ნადირობა! - თქვა ბესარიონმა და ვერავინ მიხვდა რა ჯიხვებს გულისხმობდა.
  ქალბატონმა ნინამ სუფრა ხილით გაალამაზა.
- ქალბატონო ნინა!  მე ვიცი, რომ თქვენი ბიძაშვილის ბუხუტი დარახველიძის ცეკვის ანსამბლს სიმღერაც ასწავლეთ და ხომ არ დაგვდებთ პატივს? - სთხოვა პროფესორმა.
- კი ბატონო, მაგაზე როგორ გაწყენინებთ, ოღონდ ცეკვას ნუ მომთხოვთ ბუხუტის ბიძაშვილობის გამო. -  იხუმრა ნინამ.
- ხომ შეიძლება ჩემს სიძეს რომ უყვარს ის ვიმღერო? - იკითხა დიასახლისმა.
- რაც თქვენ გნებავთ! - უპასუხეს თანამშრომლებმა ერთხმად.
- მაშინ, კახელი კაცია და “დაიგვიანეს” ვიმღერებ. - თქვა ნინამ და მხეიძე-დარახველიძემ ისეთი “დაიგვიანეს” იმღერეს, ყველას დააგვიანდა სახლში წასვლა!  

¬- მაქვს ინფორმაცია! ხვალ თქვენი რევოლუციონერი შვილიშვილი, დათო ჩამობრძანდება მოსკოვიდან და თქვენთან აპირებს ამოსვლას, ეგ ოჯახის შემარცხვენელი! – უთხრა ცოლქმარს გივიმ მის ვაჟიშვილზე გამომშვიდობებისას.
  დათო ნაცვლიშვილი, იგივე “ბუსკა” (ბესარიონმა დაარქვა) რევოლუციონერი და ოჯახის შემარცხვენელი იმიტომ იყო, რომ სახელმწიფო კინომატოგრაფიის ინსტიტუტში, საბჭოთა სახელმწიფოს მიერ აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა სტუდენტებში,  მერე როცა თავისი ინსტიტუტეს ფარგლებს გაცდა, იმისთვის რომ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის სტუდენტებიც არ დაეტოვებინა ლიტერატურის გარეშე, მაშინ იქნა დაკავებული ფაქტით, ძალოვანი სტრუქტურების მიერ და მხოლოდ მისი ინსტიტუტის რექტორატის დადებითი დახასიათების გამო, სასჯელის მოსახდელად ქ. გორკში გადაასახლეს.
- აბა, თქვენ იცით! ეგებ თქვენ მაინც დაგიჯეროთ რამე! – ისე თქვა გივიმ, იცოდა რომ სიტყვა “დაგიჯეროთ” მართლა ისე თქვა.
  მეორე დღეს ბესარიონზე და ქალბატონ ნინაზე ბედნიერი არავინ იყო იმერეთში.  ბუსკას სუფრა გაუშალეს ისეთი, ჩიტის რძეც იყო და მწყერის სუკებიც. შუაღამემდე ეფერებოდნენ ბებია და ბაბუა შვილიშვილს.


  გამთენიისას, "ზარბაზანის" ხმამ ლოგინიდან გადმოაგდო ბუსკა, ვერ გაერკვა რაში იყო საქმე. დაფეთებული  ფეხზე წამოხტა და ბაბუამისი დაინახა აივანზე თოფით ხელში, მერე  ფეხშველა მივარდა ბესარიონთან და ელდანაკრავმა ჰკითხა:
- ალყაში ვართ ბაბუ?
- სულ ალყაში არ ვართ ქართველები ბიჭო? – უპასუხა ბესარიონმა.
- ერთი ამიხსენი, რატო ისვრი სულ?
  ბესარიონმა თოფი თავის ადგილზე ჩამოკიდა, ტახტზე ჩამოჯდა და ბუსკას უთხრა:
- ბუსკა, ბაბუ, ჩამოჯექი ერთი, დაგელაპარაკო მინდა. თოფს იმიტომ ვისვრი, რომ კაცმა ბაბუ შენ გზაზე უნდა იარო, სხვის გზაზე არ უნდა იარო, რანაირი მოკლეც არ უნდა იყოს სხვისი გზა! სხვისი გზა ქვია იმას, სხვი-სი! - დამარცვლა ბესარიონმა. - თოფი კიდევ ტყუილად კაცს არ ხვდაბა ბაბუ! სხვის გზაზე მოსიარულეს ხვდება!        ბუსკა, ბიჭო! გუშინ აღარ გკითხე და ეხლა მითხარი, რაზე დაგიჭირეს ბაბუ? – დაინტერესდა ბესარიონი.
- წიგნებს ვაკითხებდი ბაბუ ამხანაგებს და მაგ წიგნებში საბჭოთა სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი აზრები წერიაო და იმისთვის.
- წიგნებისთვის კაცო? – აღშფოთდა ბესარიონი. – გლახადაა ბაბუ მაგენის საქმე წიგნის თუ ეშინიათ! – დაასკვნა ბესარიონმა. – მაგათმა ბაბუ ვითომ ყველაფერი იციან, მაგრამ არ იციან რაც მთავარია, რომ დღე და ღამე ერთია!  ეგ ანტიქრისტეები რომ წავლენ  ვიცი, მარა, მე ვერ მოვესწრები მაგას და შენ რას ფიქრობ ბუსკა მერე რა იქნება? – შორეული კითხვის პასუხს ეძებდა ბესარიონი.
- მერე იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო ბაბუ!  - გაახარა თავისი აზრით შვილიშვილმა.  ბესარიონი ცოტა ჩაფიქრდა და...
- ეგ იყო უკვე, ბუსკა და იმ თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველოს გემს გაყვნენ ჩემი ძმები საფრანგეთში. – სინანულით თქვა ბესარიონმა.
- მაშინ სხვა დრო იყო ბაბუ, ეხლა სხვაა, ოღონდ ეგენი წავიდნენ და მთელი ევროპა და ამერიკა გვერდზე დაგვიდგება! – დააიმედა ბაბუა შვილიშვილმა.
- სხვა დროა ხომ?  დაგვიდგებიან ხომ? – იკითხა ბესარიონმა.
- ბუსკა! ბაბუ, მომისმინე!  მეგობრები მყავდა მე, ერისთავი და ლორთქიფანიძე, ერთხელ ქუთაისში, თეთრ ხიდზე მიმავალნი საუბრობდნენ, რა მოხდა კაცო ესო! ინგლისმა გვცნო! გერმანიამ გვცნო! საფრანგეთმა გვცნო! იაპონიამაც გვცნო და ეს ბოლშევიკები რომ შემოცვივდნენ და გაგვაწითლეს რაშია საქმეო?  მაგი რანაირადაა კოწია იცი? – უთხრა ლორთქიფანიძეს ერისთავმა, - შენ რომ რიონში იხრჩობოდე და იძახდე: - მიშველეთ! მიშველეთო!  და  მე ხიდიდან რომ გადმოგძახო: - გიცანი კოწია!  გიცანი თქვა! - ვერც იმ დიდმა სახელმწიფოებმა ვერ გვიშველა ბუსკა და ვერც იმ სხვის გზაზე მოსიარულე ანაცუა-ბანაცუა პარტიებმა, ჩვენ მოუვლით ქვეყანასო რომ გაიძახოდნენ.  პატარა ნავში მჯდომი კაცი, დიდ ზვიგენებს არ უნდა გამოეკიდო ბაბუ! ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ნავმა ნაპირ-ნაპირ უნდა იცუროს! ჩვენ მართლ-მადიდებლები ვართ  და სიმართლე კიდევ ეკლესიაზე კარგად არავინ არ იცის!  მე რომ თოფს ვისვრი, ისე ვისვრი ბაბუ რომ მოწამეთის ეკლესიის გზისკენ ვერეკები სხვის გზაზე მოსიარულეებს! ქართველებს არაფერი არ გვჭირს სხვის გზაზე სასიარულო, ჩვენ სულ გვქონდა ჩვენი გზა და იმ გზით დავდიოდით ბაბუ! მ ეფე! ე კლესია! ხ ალხი! ეს იყო და არის ჩვენი გზა! მეხივით ძლიერი და ხელმიუკარებელია ბაბუ ეს წმიდა სამება!  ეს შეცდომა მოუვიდათ მაშინ და აწი მაინც არ შეგეშალოთ! თუ არა და... როგორც კი სამების გზას გადაუხვევ ბაბუ, ქე მოგხვდება თოფი!


  იმ წელიწადს, ზამთარში აივანზე თოფით ხელში გარდაიცვალა ბესარიონ მხეიძე. ორმოცი არ იყო გასული, რომ მეზობლებმა ბესარიონის თოფის ხმა გაიგონეს, გაოგნებულები მხეიძეების ეზოში შეცვივდნენ და დაინახეს აივანზე ქალბატონი ნინა, ბესარიონის თოფით ხელში. მხოლოდ ორი თვე დააგვიანა მეუღლესთან წასვლა ქალბატონმა ნინამ,  მერე კი მხეიძეების კარ-მიდამოს ეშმაკები შეესია და თუ კი რაიმეს წაღება შეიძლებოდა, ყველაფერი წაიღეს.
მხოლოდ თოფის წაღება ვერ გაბედეს!
აღდგომა დღეს, მხეიძეების ღობეზე გადმოფრენილმა ქათამმა მიტოვებულ საბუდარაში კვერცხი დადო, ეზოს ბოლოში კი ბესარიონის დარგულმა ვაშლის პატარა ხემ პირველი კვირტი გამოიღო, ხოლო გაძარცვული სახლის კედელზე ჩამოკიდებული  თოფი კი დღესაც ელოდება კვერცხიდან-ვაშლამდე სამოთხის მცველს!..