Litclub.ge

ღიმილის მიმიკა
რატომღაც ტუჩებთან დამჩემდა მარტივი
მიმიკა-
ზერელე ღიმილის ფართობი,
სულ უფრო იოლად დარდს ნერვებს ვატოვებ,
სულ უფრო ადვილი მგონია დათმობა
ყველაფრის-
სიცოცხლის,
მზისა და ხეების,-
(ნატვრის და არც ისე-
ხეების უბრალოდ...)
ახლა რომ გზის პირას მაწვდიან ხელებს და
მე მაინც ბავშვივით ჯიუტად უბრად ვარ
სეზონთან სიშორის,
დუმილის,
დათმობის,
ჟინის და კამათის...
ჯინის და ლამფების
მე ახლა ჩაფშვნილი შუშებიც  მართობენ
და ჩამქრალ გრძნობებსაც წვიმებით ვამართლებ
ქალაქში,
რომელსაც  ყოველი  ამინდი,
ჰგონია კალენდრის მორიგი ფურცელი,
რომელშიც გამქრალი მზერებით დადიან,
სიბრმავეს მიწისფერ სათვალეს ურჩევენ,
კვლავ  შიშველ თვალებით წვიმაში უქოლგოდ
ვდგავარ და
ტკივილიც შენსავით მივიწყებს
და ტუჩებს სულ უფრო იოლად ვუხამებ,
მორგებულ ღიმილის ურთულეს მიმიკას.