Litclub.ge

16.08.11.

 

 

ასფალტი. დამსკდარი. აგვისტო  ქუჩაზე გადარბის.

ვზივართ და დუმილი. ვდუმვართ და თვალს ისევ გარიდებ.

მოხუცი. ხელჯოხით. ლოყები-მოლბერტი. (დამჭკნარი).

ნარჩენი გრძნობები. სიტყვები ნარჩევი- ხორბალი

მუჭებში. გახსენი. ჩათესე მუცელში. მარცვლობით

ჩაიბნას. ეს ხორცი ფუჭია. ბერწია. მიწაში

დახეთქილ თავთავებს  ჭიები დახრავენ  ბოლომდე

ყვითელი კბილებით... შენ მაინც ფაქიზად გაშალე

ჩემს ტანზე ნალეწი თითები. მე მუხლებს ნიკაპთან

მივიტან... გაჟონვა. კუნთებში. ძარღვებში. ძვლებამდე.

გიყურებ. წყურვილი. შიმშილი. ნადირის. ცხოველის.

თვალები სისხლს გწოვენ, გჭამენ და მაინც ვერ ძღებიან.


გიყვები ჩემს ზაფხულს. შეხება  მაჯებით. (შემთხვევით).

ჰაერი  გამოშრა. სიპივით ჩამოფშვნი. გაფანტე

მხარმარცხნივ ოცნების...სიჩუმე. გიხსენებ. მიხსენებ.

სხეულში გაჟონილ სხეულით. მაჟრჟოლებს. ქარია-

გამჭოლი. (რატომღაც). მიღიმი. ვხევდები  გველივით,

ალესილ ცელით რომ გაჭრიან თიბვისას ეზოში.

ვიხრჩობი... მკვდარს მაინც გამხადე პერანგი, საკმევლად

მიფრქვიე გოგირდი. ბრბომ ერთხმად იხუვლოს-სწყალობდეს!..

კრთებიან ხილვები. ახლა სულ მთებია ჩემში და

ჩემს გარეთ... მთებია... და მთებში... და მთებზე... და მხრებზე

მეზრდება ფიჭვები. ნისლები მაწვება. ხავსივით

მედება ლოცვები ფუძეზე... ფესვებზე... რაღაცას

ბრბო ისევ გაჰყვირის... ვფხიზლდები- ასფალტზე მტრედები.

გიყურებ. შენ სდუმხარ შენს ზაფხულს. მაციებს. (ქარია).


მომკალი! გამხადე პერანგი. ნუ გაფრთხობს სიჭრელე.

(ჭრელია ცხოვრება, ეს ბრბოც და წესიც და ადათიც,

ჭრელია სოფელიც...) მომკალი და  მხრებით  ნადავლი

წამიღე, შხამისფერ კედელზე  ამაყად  დამკიდე...

უშენო ზაფხული ბალახში გველივით მიცურავს.

ქუჩაში აგვისტო ჩუმდება გაკიცხულ ბავშვივით.

მიყურებ მზით დამწვარ მკლავებზე და ვითომ გულგრილად,

ყელიდან ამოსულ სურვილებს ყელშივე აკავებ...

გეხები. ტუჩებით. (ბოლოჯერ). საწამლავს გატოვებ.

მივდივარ. მიდიხარ. მივიწყებ. მეც-ალბათ.(როდესმე...).

ცხოვრება - წლებისგან მოხრილი მოხუცი. წელკავით.

წარსული - თვალებში სიცივით დამტყდარი ტოტები.