Litclub.ge

მაგიის სასწაულები
შემოდგომის წვიმიანი საღამო იყო. რიქშამ კარგა ხანს მატარა ომორის გარეუბნის ოკრობოკრო ქუჩებში, ბოლოს ბამბუკის ჭალაში ჩადგმულ პატარა, ევროპულ სახლთან გააჩერა ორთვალა და ხელები მიწაზე დაუშვა.
ვიწრო სადარბაზოში შევედი. სადარბაზო ოდესღაც ნაცრისფრად ყოფილა შეღებილი, ახლა კი საღებავი აქერცლოდა და აქა-იქ ძონძებივით ეკიდა. კედელზე ფაიფურის ახალი დაფა შევნიშნე, დაფაზე იაპონურად ეწერა: «ინდოელი მათირამ მისრა».
ახლა ალბათ ბევრი თქვენთაგანისთვის ცნობილია მათირამ მისრას სახელი. კალკუტელი მისრა-კუნი პატრიოტი იყო და მხურვალედ უჭერდა მხარს ინდოეთის ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ამავე დროს იგი სრულყოფილად ფლობდა მაგიის ხელოვნებას, რომელიც განთქმული ბრაჰმანის, ჰასან-ხანის ხელმძღვანელობით შეესწავლა.
მისრა კუნი ჩემმა მეგობარმა გამაცნო ცოტა ხნის წინათ. ბევრი გვიკამათია პოლიტიკურ საკითხებზე, თავისი სასწაულები კი ერთხელაც არ უჩვენებია. ამიტომ წინასწარ გავუგზავნე ბარათი, ამა და ამ დროს მოვალ თქვენი სასწაულების სანახავად-მეთქი. მაშინ მისრა-კუნი ომორის ღარიბულ გარეუბანში ცხოვრობდა. საღამო ხანს რიქშა ვიქირავე და სტუმრად ვეწვიე.
წვიმა კოკისპირულად ასხამდა. შესასვლელთან დაკიდებული ფარანი სუსტად ანათებდა ფაიფურის დაფას, მაგრამ მაინც ვიპოვე ზარის ღილაკი და თითი დავაჭირე. კარი მაშინვე გაიღო და დაბალმა მოხუცმა იაპონელმა ქალმა გამომხედა. ალბათ, მისრა-კუნის მოახლე იყო.
_ ბატონი მისრა შინ არის?
_ როგორ არა, როგორ არა, მობრძანდით! კარგა ხანია გელოდებათ, _ თავაზიანად მომიგო ქალმა და სადარბაზოდან პირდაპირ მისრა-კუნის ოთახში შემიყვანა.
_ საღამო მშვიდობისა, _ მომესალმა მასპინძელი, _ ძალზე მოხარული ვარ, რომ მობრძანდით. ვშიშობდი, ვაითუ წვიმამ დააბრკოლოს-მეთქი.
შავგვრემან, დაფანჩულ ულვაშიან მისრა-კუნს ერტობოდა, ძალიან ესიამოვნა ჩემი სტუმრობა. ეს კიდეც ორიოდე გულთბილად ნათქვამი ფრაზით გამოხატა და მაგიდაზე მდგარ ნავთის ლამპას აუწია.
_ თქვენი სასწაულების სანახავად უარეს ამინდშიც მოვიდოდი, წვიმა რა სახსენებელია, _ მივუგე მე, სკამზე დავჯექი და სუსტად განათებულ ოთახს მოვავლე თვალი.
ოთახი ევროპულად იყო მოწყობილი, მაგრამ მეტისმეტი სიღარიბე გეცემოდა თვალში. შუაში დიდი მაგიდა იდგა, კედელთან წიგნების კარადა, ფანჯარასთან პატარა მაგიდა... ჰო, კიდევ ორი სკამი ჩემთვის და მასპინძლისათვის, ეს იყო და ეს. მაგიდაცა და სკამებიც ძველი და მორყეული გახლდათ. მაგიდაზე გადაფარებული, ოდესღაც ლამაზი სუფრაც მთლად დაქექილი იყო. სალამი და ერთმანეთის მოკითხვა დავამთავრეთ და ორივენი დავდუმდით. მე წვიმის შხაპუნს მივუგდე ყური, ბამბუკის ჭალიდან რომ მოისმოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის დედაბერი შემოვიდა და თითო ფინჯანი მწვანე ჩაი მოგვართვა.
მისრა-კუნმა სიგარა შემომთავაზა. აღარ გავიპატიჟე, მადლობა გადავუხადე, სიგარა ამოვარჩიე, მოვუკიდე და ვკითხე:
_ სულს, თქვენ რომ გემორჩილებათ, ალბათ ჯინი ჰქვია, არა? მითხარით, ამაღამ ხომ ჯინის დახმარებით უნდა მოახდინოთ სასწაულები?
მისრა-კუნმა სიგარას მოუკიდა, მოქაჩა, სურნელოვანი ბოლი გამოუშვა და ეშმაკური ღიმილით მომიგო:
_ ჯინების ადრე, მრავალი საუკუნის წინათ სწამდათ, აი, დაახლოებით იმ დროს, როცა «ათას ერთ ღამეში» აღწერილი ამბები ხდებოდა; ხელოვნება, რომელიც ჰასან-ხანმა შემასწავლა, ჯადოქრობა არ არის. თუ მოინდომებთ, თქვენც შეგიძლიათ დაეუფლოთ. ეს ჰიპნოზია, მხოლოდ ჰიპნოზი _ მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა, აი, უყურეთ! საკმარისია ხელით ასეთი რამ გააკეთოთ...
მისრა კუნმა ორჯერ თუ სამჯერ რაღაც სამკუთხედის მსგავსი შემოხაზა ჰაერში, შემდეგ ხელი დაბლა დაუშვა და სუფრის არშიაზე ამოქსოვილი ყვავილი მოგლიჯა. გავვოცდი, სკამიანად მივიწიე ახლოს და დაკვირვებით დავუწყე თვალიერება ყვავილს. არა, ნამდვილად ყვავილი იყო! სუფრაზე ამოქსოვილი ყვავილი გაცოცხლებულიყო! მისრა-კუნმა დამაყნისვინა. მუშკის თავმბრუდამხვევი სურნელება ვიგრძენი.
გაოცების შეძახილი აღმომხდა. მისრა-კუნი კვლავ იღიმებოდა. მერე ხელი გაუშვა ყვავილს და იგი კვლავ ჩაექსოვა სუფრას, მკვდრად ჩაექსოვა! ახლა ვეღარ მოწყვეტდი, ვერდ შეაქანებდი!
_ აბა, რას იტყვით? დაუჯერებელია, არა? ახლა კი, აი ამ ლამპას შეხედეთ!
მისრა-კუნმა ოდნავ გასწია გვერდზე ლამპა. იმავე წამს, რაღაც უცნაური ძალის გავლენით ლამპა ჩიკორივით დაბზრიალდა. პირველად შევშინდი კიდეც, ცეცხლი არ გაჩნდეს-მეთქი, მაგრამ მისრა-კუნს რომ შევხედე, ცოტათი დავმშვიდდი _ იგი მშვიდად წრუპავდა ჩაის და კვლავ იღიმებოდა. ლამპა კი სულ უფრო და უფრო სწრაფად ტრიალებდა.
ჭეშმარიტად საოცარი სანახაობა იყო. თალფაქიდან მონაბერი ნიაივი სახეზე მელამუნებოდა, ალი კი ერთხელაც არ შერხეულა! ბოლოს ისეთი სისწრაფით დაიწყო ტრიალი, თითქოს გაჩერებულაო. წამიც და, მივხვდი, რომ მართლა გაჩერებული იყო და არც არასოდეს დატრიალებულა!
_ გაგიკვირდათ? ეს ხომ სულ უბრალო რამ არის! მხოლოდ ბავშვებს თუ მოატყუებ ამით. თუ გნებავთ, კიდევ გიჩვენებთ რამეს.
მისრა-კუნი მიბრუნდა და წიგნების კარადას მიაჩერდა. შემდეგ ხელი ისე გაიშვირა მისკენ, თითქოს ვიღაცას უხმობსო. წიგნები შეინძრნენ, სათითაოდ დატოვეს კარგადა და მაგიდაზე დალაგდნენ. კარადიდან გამოვიდნენ თუ არა, ყდებს ფრთებივით შლიდნენ და ღამურასავით უხმოდ მოფრინავდნენ ჩვენსკენ. მოულოდნელობისაგან გავშეშდი! სიგარა კბილებში შემრჩა! წიგნები კი ჰაერში ფარფატებდნენ, ლამპას უვლიდნენ ირგვლივ და მერე მწყობრად ლაგდებოდნენ ჩემს წინ. მალე კარადა დაიცალა, მაგიდაზე კი მთელი პირამიდა აღიმართა. ცოტა ხნის შემდეგ წიგნები კვლავ სათითაოდ დაუბრუნდნენ კარადას და ძველებურად დაეწყვნენ ერთიმეორის გვერდით, ოღონდ ერთი შეყოვნდა, მერე თხელი ყდები გაშალა. ჭერში აფრინდა, რამდენჯერმე შემოუარა მაგიდას და უცებ ფურცლების შრიალით ჩამოვარდა კალთაში. სათაურს დავხედე: ახალგამოსული ფრანგული რომანი იყო, ამ ერთი კვირის წინ რომ ვათხოვე მისრა-კუნს!
_ ნება მიბოძეთ, დაგიბრუნოთ. დიდი მადლობელი ვარ! _ ღიმილით მითხრა მასპინძელმა.
ამასობაში ყველა წიგნს მოესწრო გადაფრენა კარადაში. მე თითქმის გამოვერკვიე ძილ-ბურანიდან, მაგრამ ხმის ამოღება ვერ შევძელი. მერე მისრა-კუნის ნათქვამი გამახსენდა: «თუ მოინდომებთ, თქვენც შეგიძლიათ დაეუფლოთ...»
_ დიახ, თქვენი ხელოვნების ქება ადრეც გამოეგონა, მაგრამ თვალით ნანახმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. წეღან რომ ბრძანეთ, თქვენც შეგიძლიათ ამის შესწავლაო, ალბათ იხუმრეთ, არა?
_ არა, გარწმუნებთ, არ მიხუმრია. ყველას შეუძლია მაგიის შესწავლა, სულ ადვილია, ოღონდ...
მისრა-კუნი თვალებში ჩამაშტერდა, კარგა ხანს მიმზირა მდუმარედ, მერე კი დინჯად, დამარცვლით მითხრა:
_ ყველას, ხარბი და ანგარებიანი კაცის გარდა! თუ მართლა აპირებთ ჰასან-ხანის ხელოვნების შესწავლას, სიხარბეს უნდა სძლიოთ. შეძლებთ?
_ მე მგონი შევძლებ, _ მივუგე, მაგრამ იმავე წამს ეჭვმა გამიელვა გონებაში და დავსძინე: _ შევძლებ, თუ თქვენც დამეხმარებით.
მისრა-კუნს სახეზე შევხედე და მივხვდი, რომ თვითონაც ეჭვობდა, მაგრამ ეტყობა იფიქრა, ყოყმანი უზრდელობაში ჩამომერთმევაო და სულგრძელად დამეთანხმა:
_ კეთილი, გასწავლით. ეს ძნელი საქმე არ არის, მაგრამ უცებ ვერ აითვისებთ, დრო უნდა. ამაღამ ჩემთან გაათევთ ღამეს!
_ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ!
აღარ ვიცოდი, როგორ გამომეხატა სიხარული... მაგრამ მისრა-კუნმა აღარ დამამთავრებინა, დინჯად წამოდგა სკამიდან და მოახლეს გასძახა:
_ ბები, ბები! სტუმარი ჩვენთან რჩება ამაღამ. ლოგინი გაუშალეთ.
გული სიხარულს ვეღარ იტევდა. სიგარა კვლავ ხელში მეჭირა და ფერფლის დაბერტყვაც ვერ მომეფიქრებინა, რადგან მისრა-კუნს მივჩერებოდი თვალმოუშორებლად. იგი ალერსიანად მიმზერდა და ოდნავ შესამჩნევად იღიმებოდა.
***
მთელი თვე გავიდა, რაც მისრა-კუნს მივებარე მოწაფედ. ერთხელ, მე და ჩემი მეგობრები ერთ-ერთ კლუბში ვუსხედით აგუზგუზებულ ბუხარს და მშვიდად ვსაუბრობდით. გადაურებლად წვიმდა, მაგრამ ახლა ომორის ბამბუკის ჭალაში კი არა, ტოკიოს შუაგულში, გინძას ქუჩაზე ვიყავი და ამიტომ ავტომანქანებისა და ეტლების სახურავზე მოთქრიალე წვიმის წვეთები ადრინდელივით აღარ მასევდიანებდა. ოთახიც უფრო ხალისიანი ჩანდა _ ელექტრონის შუქით იყო გაჩახჩახებული, ტყავის დიდი სავარძლები იდგა, პარკეტი სარკესავით გაეპრიალებინათ... სულ არა ჰგავდა მისრა-კუნის ჩაჟამებულ ბინას, სადაც თითქოსდა ყოველ წამს შეიძლებოდა მოჩვენება გამოგცხადებოდა.
სიგარებს ვეწეოდით და დოღზე და ნადირობაზე ვმუსაიფობდით. ერთ-ერთმა მეგობარმა სიგარის ნამწვი ბუხარში შეაგდო, მერე ჩემკენ მობრუნდა და მკითხა:
_ თქვენზე ამბობენ, მაგიას სწავლობსო. იქნებ გეჩვენებინათ თქვენი ხელოვნება.
_ გიჩვენებთ, თუკი ამის სურვილი გაქვთ, _ ამაყად მივუგე და ისე მოვავლე თვალი ყველას, თითქოს ჯადოქართუხუცესი ვყოფილიყავი.
_ მაშინ გვიჩვენეთ რაიმე, რაც თქვენ გინდათ, ოღონდ ჩვეულებრივი საცირკო ნომერი არ იყოს, რაიმე სასწაული მოახდინეთ!
სასწაულის ნახვა ყველამ მოისურვა, სავარძლები ახლოს მოსწიეს და წრეში მომაქციეს.
მე ნელა წამოვდექი სავარძლიდან.
_ ყურადღებით მიცქირეთ! ამ ხელოვნებას თვალთმაქცობა და ეშმაკობა არა საჭიროდება. ეს ვთქვი, სახელოები ავიკარწახე, ბუხართან მივედი და ორივე მუჭი ნაკვერჩხლებით ავივსე. ეს ჩემთვის სულ უბრალო რამ იყო, მაგრამ ჩემი მეგობრები დაფრთხნენ და უკან დაიხიეს, არ დავიწვათო. მე კი ერთხანს კვლავ აუღელვებლად 80
ვიდექი და ხელისგულებზე ალმოდებული ნაკვერჩხლები მელაგა. მერე მოვიქნიე და პარკეტზე მოვფანტე. და უცებ, წვიმის წვეთების ხმას ლითონის წკრიალი შეერია... ნაკვერჩხლები ოქროს ფულებად მოეფინა იატაკს! მეგობრები გაოგდნენ, თავი სიზმარში ეგონათ, ტაშის დაკვრაც ვერ მოახერხეს!
_ აი, ესეც თქვენი სასწაული, სულ უბრალო სასწაული, _ ჩავილაპარაკე და გამარჯვებული ღიმილით ჩავეშვი სავარძელში.
_ ნუთუ მართლა ოქროს ფულებია? _ მკითხა ხუთიოდე წუთის შემდეგ გაოცებისაგნ გაოგნებულმა ერთ-ერთმა ამხანაგმა.
_ ნამდვილად! თუ არა გჯერათ, გასინჯეთ, ხელში აიღეთ!
_ რას ამბობთ! ვისა აქვს დასაწვავი ხელები!
ბოლოს ერთმა მოიკრიბა გამბედაობა, ფრთხილად აიღო იატაკიდან ოქროს ფული, კარგად შეათვალიერა და შესძახა:
_ ნამდვილი ყოფილა! ბაჯაღლო ოქროა! არ მოვუტყუებივართ. ეი, ოფიციანტო, ცოცხი და აქანდაზი მოიტანე და ეს ოქროები ახვეტე!
ოფიციანტმა ბრძანება შეასრულა _ ოქროები ახვეტა და მაგიდაზე დაახვავა. ჩემი მეგობრები ირგვლივ შემოერტყნენ მაგიდას და ალაპარაკდნენ:
_ ჰო, ჰო, ჰო! აქ ორასი ათასი იენი მაინც იქნება!
_ რას ამბობ! მეტი! კიდევ კარგი, მკვიდრი მაგიდაა, თორემ ჩაიმტვრეოდა!
_ მართლაც და სარფიანი ხელობა გისწავლიათ! ერთ წამში ნაკვერჩხლები ოქროს ფულებად აქციეთ!
_ ასე თუ მიჰყევით, სულ ერთ კვირაში არქიმილიონერი გახდებით! ივასაკისა და მიცუის ჩამოიტოვებთ უკან! _ აღტაცებული მეგობრები ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს, მე კი სავარძლის საზურგეს მივყრდნობოდი, სიგარას ვაბოლებდი და ვდუმდი. ამ ბოლო შენიშვნაზე კი ვუპასუხე:
_ არა, ერთხელაც რომ მოვიგო რამე ჩემი ხელოვნებით, სასწაულმოქმედების უნარს დავკარგავ. ეს ფულებიც... თუ გული მოიჯერეთ ცქერით, უკან, ბუხარში უნდა შევყარო.
ამ სიტყვები გაგონებაზე ყველამ ერთად შემომიტია.
_ რას ამბობ, ეს უზარმაზარი ქონება კვლავ ნაკვერჩხლებად უნდა აქციო? ეს ხომ სიბრიყვეა, ამისთანა სისულელე ჯერ არ გაგვიგონია!
მე კვლავ გავიმეორე, აუცილებლად უკან უნდა შევყარო, მისრა-კუნს ასე დავპირდი-მეთქი; მაშინ ერთმა, ყველაზე ეშმაკმა მეგობარმა, დამცინავად ჩაიღიმა და მითხრა:
_ თქვენ გინდათ ოქროები ნაკვერჩხლებად აქციოთ, ჩვენ კი არა! არც ჩვენ დავთნობთ და არც თქვენ. ამიტომ, მოდი, ქაღალდი ვითამაშოთ მაგ ოქროებზე! თუ მოიგეთ, რაც გინდათ ის უყავით, გინდა ნაკვერჩხლებად აქციეთ და გინდა ნაცრად; თუ წააგეთ, მოგვეცით და მორჩება ეს დავა და აურზაური.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ასე ადვილად არ წამოვეგებოდი ანკესზე. იმ მეგობარმა კვლავ ჩაიღიმა და დამგესლა:
_ მუქთად ნაშოვნი ქონება არ ემეტება წასაგებად და ამბობს, კეთილშობილო და უანგარო ვარო. კარგი კეთილშობილება კია, მე და ჩემმა ღმერთმა!
_ მერწმუნეთ, იმიტომ კი არ მინდა ამ ქოროების ნაკვერჩხლებად გადაქცევა, რომ თქვეთვის მენანება, მე მინდა...
ერთი სიტყვით, ბევრი ვიდავეთ და ბოლოს მომტეხეს. იძულებული გავხდი, თანხმობა განმეცხადებინა. მეგობრებმა, რასაკვრველია, ძალიან გაიხარეს, მაშინვე
მოატანინეს ერთი დასტა ქაღალდი და კუთხეში მდგარ სათამაშო მაგიდას შემოეხვივნენ.
თავიდან უხალისოდ დავიწყე თამაში. ქაღალდში ბედი არა მაქვს, მაგრამ იმ საღამოს ხელი მომივიდა და თამაშმა თანდათან გამიტაცა. ათი წუთიც არ იყო გასული, რომ მოგების ჟინმა ამიტანა და ყველაფერი დამავიწყდა.
პარტნიორებმაც, რაღა თქმა უნდა, იმიტომ წამოიწყეს თამაში, რომ ჩემი ქონება ჩაეგდოთ ხელში. რომ დაინახეს, ბედი არა გვწყალობსო, მთლად გადაირივნენ, გაფითრდნენ, აკანკალდნენ და პირი პირს მისცეს ჩემს დასამარცხებლად, მაგრამ მაინც ვერაფერი დამაკლეს. ერთი ხელიც არ წამიგია! ბოლოს თითქმის იმდენივე მოვიგე, რაც თავდაპირველად მქონდა! მაშინ იმ ბოროტმა მეგობარმა, თამაში რომ დამაწყებინა, ბანქოს ქაღალდი მაგიდაზე მოფანტა და გიჟივით იყვირა:
_ აი, აიღეთ ერთი ქაღალდი! მთელ ჩემს ქონებას ვდებ _ მიწებს, სახლს, ცხენებს, ავტომანქანას... ყველაფერს, რაც გამაჩნია! თქვენ კი ეგ ოქრო და მთელი დღევანდელი მონაგები დასდეთ! ჰა, აიღეთ ქაღალდი!
სიხარბე მომეძალა! ვიფიქრე, თუ ღმერთი გამიწყრა და წავაგე, მთელი ოქრო და მოგება უნდა მივცე, მაგრამ თუ მოვიგე, მეგობრის მთელი ქონების მფლობელი გავხდები. მართლაც და რა ჯანდაბად შევისწავლე ეს ხელოვნება, თუ ერთხელ მაინც არ ვისარგებლებ, ამისთანა შემთხვევა ხომ აღარ მექნება-მეთქი!
თავს ვეღარ მოვერიე და გადავწყვიტე, ჩემი ხელოვნება გამომეყენებინა. ცოტა ხანს უარს ვამბობდი ყასიდად, მერე ხელის ჩაქნევით დავეთანხმე, კარგი, ოღონდ ქაღალდი პირველად თქვენ ჩამოდით-მეთქი.
_ ცხრიანი!
_ პაპა! _ მხიარულად შევძახე და გაფითრებულ მეტოქეს ჩემი ქღალდი ვიჩვენე.
ამ დროს მეორე სასწაული მოხდა: პაპა გაცოცხლდა, გვირგვინიანი თავი ასწია, წელამდე გამოვიდა ქაღალდიდან, ხმალი შეათამაშა ხელში და ავისმომასწავლებლად ჩაიღიმა!
_ ბები! ბები! სტუმარი შინ აპირებს დაბრუნებას. ლოგინის დაგება აღარ არის საჭირო! _ მომესმა კარგად ნაცნობი ხმა.
იმავე წამს წვიმა ისე სევდიანად აჩქამდა ფანჯრების მიღმა, თითქოს ომორის გარეუბნის ბამბუკის ჭალა ზეციდან იჩქითად წამოსულმა მსხვილმა წვეთებმა აახმიანაო.
უცებ გონს მოვეგე და ირგვლივ მიმოვიხედე. ისევ მისრა-კუნის პირდაპირ ვიჯექი. ოთახს სუსტად ანათებდა ნავთის ლამპა, მისრა-კუნი ქაღალდის პაპასავით იღიმებოდა. მე ხელში სიგარა მეჭირა. ფერფლი ჯერ ისევ ზედ ჰქონდა შერჩენილი... მაშ მომეჩვენა, რომ მთელი თვე გავიდა?! დიახ, სიზმარში მინახავს ყველაფერი! სულ ორი-სამი წუთით წავუღივარ ზმანებას, მაგრამ ეს ხანიც საკმარისი იყო დასკვნების გამოსატანად. მისრა-კუნი მიხვდა, რომ ჩემისთანა კაცისთვის არ უნდა გაენდო ჰასან-ხანის ხელოვნების საიდუმლოებანი. სემრცხვა. თავი დაბლა ჩავკიდე და დავდუმდი.
_ სანამ მაგიის ხელოვნების შესწავლას გადაწყვეტდით, სიხარბე და ანგარება უნდა ამოგერეცხათ გულიდან. თქვენ კი სულ პატარა ცდუნებასაც ვერ გაუძელით, _ მორიდებით მისაყვედურა მისრა-კუნმა და ორივე იდაყვით დაეყრდნო ყვავილებშემოქსოვილ სუფრას.