Litclub.ge

* * * "მახსოვს ქოხები"
მახსოვს ქოხები, დაყავლული თეთრი ქოხები,
მახსოვს საღამო, საწვიმარი შავი ღრუბლები,
მღვრიე მაჭარი თუნგულაში ნაამბოხები,
ბუხარი, მოხუც მეზღაპრეთა ნასაუბრები.
გამიგონია მოვა ღამე გულდაღვენთილი,
ცაზე მთიები იბნევიან როგორც ქვიშანი,
და თუ ვარსკვლავი დაინახე ჩამოწყვეტილი,
ეს არის დიდი უბედობის ბნელი ნიშანი.
და მე ყოველთვის მეშინოდა ცაზე ყურების,
როცა მთებიდან მოგორავდა ღამის ურჩხული,
როცა კიოდნენ უღრანებში შავი ტურები,
გავრბოდი ქოხში და ვტიროდი თვალდახუჭული.
მინდოდა მუდამ ვყოფილიყავ თავდაღუნული,
მსურდა დამთხროდა ეს თვალები შიშნაკრავები,
ბინდიან ცაზე არ მენახა ღრუბლის კრავები.
მაგრამ მე ვიყავ ბედისწერით ლექსის მწერალი,
ლექსი მტრედია ზეციდან რომ ჩამოფრინდება,
და მე ისევე მიზიდავდა მთების მწვერვალი,
კაშკაშა ცაზე შუაღამის ჩამობინდება.