Litclub.ge

ქართული ენის საგალობელი
დასაბამით იყო სიტყვა, სიტყვა ღვთის და განგების,
და სინათლედ გადაშალა ცამ მზის ფარშავანგები.
და ვით ღმერთმა სიტყვით შექმნა ეს სამყარო ნისლიდან,
ისე იშვა საქართველოც ღვთიურ ქართულ სიტყვიდან.
ჩემო ენავ, გულის, გრძნობის და ლოგოსის ტრიადავ,
ენავ დავითიანთა და ენავ ქართლოსიანთა.
მოელვარევ სულისდგმად და მახვილად და იმედად,
დედა ენავ ხალიბთა და დედა ენავ იბერთა,
შენ შეჰკარი ქართულ მიწად ეს ქვეყანა ფრიადი,
სადაც ჟამის შეწირვად და ლოცვად აგანთიადდი.
და მზე, შენში ჩაკირული, ქართლს სინათლედ მოჰფინე,
ოქროპირად აგალობე იოანე-ზოსიმე.
გადაანთე ქართულ მიწას ფერი ნაირ-ნაირი.
შენი ფრთებით ააფრინე რუსთაველის შაირი.
ენავ, ჩემი მზის და გზის და ბედისწერის ტრიადავ,
ენავ ფარნავაზიანთა, ენავ ქართლოსიანთა,
წინ მიმიძღვი და მიფარავ ქართლის ჭირით ნაწამებს,
დაცემულსაც შენ აღმადგენ, როგორც ქრისტე - ლაზარეს.
მოელვარე სულისდგმად და მახვილად და იმედად,
დედაო და თავკიდურო, ფუძის ფუძევ იბერთა,
ზეობ ერის სულის სასოდ მეაბჯრედ და განგებად,
ერთი ხარ და საქართველოც ერთი არის ამქვეყნად.