Litclub.ge

ორი ჩრდილი
სიზმარ-ცხადია... ჭაჭანებაც, ვითომ, კაცის
არა ჩანს ირგვლივ,
მზეა და თანაც – ვარსკვლავთ კრთომის –
ჭინჭველათა ჩქამი რამ ისმის...
ჰა, კვაზიმოდო!.. მაგრამ ვითარ გაუჩორკნავთ,
ვერ ხვდება იგი...
და აპოლონიც!.. სიაღნაგის არცა იმან
უწყის რა თვისი.
ამ სიზმარ-ცხადის მომხილველმა რაი მეტი
უნდაღა ვცოდო...
უცებ, ვითომდა, ერთარსებად ორივ ჩემში
მსახლებლად ვცანი!
სჭვრეტს კვაზიმოდოს აპოლონი და აპოლონს
სჭვრეტს კვაზიმოდო
და ესმით ზეცით: – განუყოფი, ამიერით,
ღვიძლი ხართ ძმანი!..
და პირველქმნილა სულიერი ღმრთისგან, ვითომ,
ეს ორი – სწორედ!
მისჩერებია ერთურთს ესე თვალხილული
თეთრი და შავი.
კვაზიმოდოსთან მიმსგავსებას აპოლონი,
ცხადია, ჰგონებს,
ხოლო ეჭვგარე მსგავსი ძმისა
კვაზიმოდოს ჰგონია თავი...
თვალი თვალს უმზერს, სულს კი – სული,
ურთიერთის მსგავსი და სწორი...
მაგრამ წამიერ – ხის ცნობადის აკრძალული,
თითქოსდა, ხილი,
თვალისამხელი, კვლავ ეშმაკის მოხერხებით,
ბედკრულის ორის –
ალვადრგული და დაჯღვარკული
მიწას ორი დაეცა ჩრდილი...
და უცებ ზიზღით გადმოინთხა აპოლონის
თუ ჩემი მზერა
და უდაბურად იქმნა წამსვე ჩვენი სულის
საღმრთო წალკოტი...
კვაზიმოდოზე რაღა ითქმის!..
თუმცა ისიც, ვითომდა, მე ვარ,
ჩემზე გადმოდის ხვედრი მისი –
საუკუნოდ გულის დამკოდი...
...ვერ ამოვხსენი ზეციერის საიდუმლო
და გამოცანადა მე, ხორციელს, ფრთებ შავ-თეთრი
მიწიერი მკორტნის ფრინველი.
თან, თითქოს მესმის – ვისთვის ითქმის
აღტაცებით ცაში ოსანა,
მშვენება სულის – ხილულს რითი აღემატვის –
თვალთუხილველი...
.......................................
როცა არც დღეა და არც ღამე,
არც ძილია და არც სიფხიზლე,
რისად იგალობს მდუმარება –
არარსებულ ყურთა მგოსანი.
ან სამუდამოდ გვემად, ნეტა,
სულში რისთვის შემოვიხიზნე
მშვენიერების სიმახინჯე და მახინჯი,
სულსხივოსანი.