Litclub.ge

დრო მოდის
დრო მიდის როგორც გაფრენა მერცხლის,
მძიმე უღელი კვლავ კისერს ცვეთავს,
ისევ ჩხრიალებს იუდას ვერცხლი
და ქრისტეს სისხლი ჯვარიდან წვეთავს.
ისევ ტრიალებს კაენის ცოდვა,
ძმა ძმის სარბევად იარაღს იწვდის.
არ გაუმართლა სიზიფეს ლოდმა
დამოკლეს ხმალი ჰაერში იცდის.
სიმართლეს მრევლი აკლდება, თუ ჰყავს,
ვსვამთ სიცრუის თასს ბოლომდე ავსილს.
და რწმენას, როგორც ჩამოშლილ დუღაბს,
თანდათანობით ედება ხავსი.
ყველა მღილს უნდა აქლემი გახდეს,
დგას ძალადობა და რქენა ურცხვი,
იმპერატორთა მორყეულ ტახტებს,
ეპოტინება ეშმა ურიცხვი.
ისევ ირევა ღრუბლების ჯოგი,
სადღაც ზეიმობს ისევ არესი
გამორჩეული და მჯობნის მჯობნი
ისევ ეგება მახვილს ალესილს!
ყინვა და ქარი ძვალ-რბილში ატანს,
ცახცახებს ცხვარი და შველას ითხოვს
და არწმუნებენ საცოდავ ბატკანს,
საშველი თითქოს გაკრეჭა იყოს.
ვეღარ ვაკავებ ფოლადის ხვასტაგს,
უნდა რომ ყველგან სიკეთე თესოს,
თავს დასტრიალებს ყორნების დასტა
მყუდრო აივნებს და მწვანე ეზოს.
ვერ მილხენია ჩვეული ჟინით
თასში შხამივით მერევა ცრემლი,
ამღვრეულია სამყაროს ტვინი,
არეულია პლანეტის მრევლი.
დრო კი მიდის და ვერაფერს ვერ ცვლის,
მძიმე უღელი კვლავ კისერს ცვეთავს
ისევ ჩხრიალებს იუდას ვერცხლი,
და ქრისტეს სისხლი ჯვარიდან წვეთავს!