Litclub.ge

ალილუია
უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს პატრიარქს
ილია II-ს
შხივის ვარსკვლავი
ბეთლეჰემის იისფერ ცაზე –
– ცოდვის ამხსნელი,
ადამის ძის ცოდვის გამშვები!..
...მოდის ურემი,
თოვლისფერი შროშნებით სავსე,
და ხილის ხონჩით
მგალობელი გუნდი ბავშვების...
გადაბიბინდა სანთლის სხივით
მთელი ქალაქი: –
–სარკმელი სარკმელს შესციცინებს –
ყრმა იბადება!..
...ხარ
შეწირული შენს სამშობლოს
როგორც ზვარაკი!
– ქართველთ ნათელო,
შენღა შერჩი მამულს თავდებად!..
იქნებ შემორჩა სულის ლუსკუმს
სმარაგდის წვეთი,
რომ გადმოვწერო
საკადრისი, შენი, სტრიქონი!
– მოდგმავ დავითის,
არაერთხელ აღმდგარო მკვდრეთით,
აღიხვენ თვალნი,
კვლავ იხილე იერიქონი!..
არა,
არ იშლის უხამსობას
მიწყივ, რეგვენი,
– ხორცსაც და სულსაც
`სამარყანდის~ ყაიდით მორთავს!..
შთამომავლობის
გადარჩენა თუ ვერ შევძელით –
– `ნუცა დაუყრით,
ნუ დაუფენთ მარგალიტს ღორთა!~
და რაც აქამდე მოიტანა
ერმა წვალებით,
გარყვნეს,
წაბილწეს,
გაასხვისეს ცაცა და მიწაც!..
დაცუნდრუკებენ იქით-აქეთ
`ერის მამები~...
– ვაი,
ქვეყანა სოვდაგრების ქარვასლად იქცა!..
გულმოწყალება,
სათნოება შენი რომ არა,
და ნუგეშინის სარიგებლად
მარად მზაობა,
– მე
ძვლების გროვას,
ნაცოდვილარ ხორცის ტომარას,
ვინ მაღირსებდა შენთან ბჭობას,
შენთან საუბარს?!.
– ალილუია!
ქრისტეშობას ზეიმობს ხალხი!
ამინ, უფალო,
ვერ წაშალონ ჩვენი ჯილაგი!..
...მოდის ყმაწვილი,
ავთანდილის მწყაზარი სახით,
ნინო ჯვრით ხელში,
საგალობლით და ჩიჩილაკით...
– ემმანოელ!
ემმანოელ!
იმედო ქართვლის!
შენს ეპისტოლეს გულზე ვიწერთ,
მუნ სიბრძნით გათლილს!..
წარუძეხ მამულს უფლის რწმენით,
მაცხოვრის ხატით,
და სამი სიტყვით,
სამი სიტყვით ილია მართლის!