Litclub.ge

დავიგვიანე
დავიგვიანე, ბაწარაო და ალაზანო,
გამახსენდებით, თქვენს ატეხილ დინებას ვხედავ.
დავიგვიანე, ბახტრიონო, ჩემო ალვანო,
მოხუცო ქალო,
დარდით წელში მოხრილო დედავ.
დავიგვიანე, სიჭაბუკე დავხარჯე სხვაგან.
თუშო ასულო,
მაგ თვალების სიწმინდეს ვფიცავ,
დავიგვიანე,
ვიცი ახლა შენთვის სულ სხვა ვარ,
გვერდს ჩამიარე, ყრმობავ ჩემო და ვეღარ მიცან.
რამდენი წელი არ მენახეთ, თუშეთის მთებო.
საჯიხვეებო, მიწავ ჩემო, ვალში ვარ შენთან,
ჩანჩქერო, კლდეზე ჩამოშლილო
ქალღმერთის თმებო,
ენით უთქმელო სილამაზევ, დიდება შენდა!
მუხლზე დაშვებით თაყვანსა ვცემ
წინაპრის სახელს,
ქართულ ვაზსა და
საქართველოს ზღაპრულ განთიადს,
ვუმღერებ მამულს,
სანამ ვსუნთქავ და თვალებს ვახელ,
სანამ ჩემი მზე საქართველოს ცაზე ანთია.