Litclub.ge

მოქანდაკის მონოლოგი
სვანი ქალიშვილის პორტრეტისათვის
ძნელია შენი ტრფიალის ასე უჩუმრად ზიდვა,
ერთხელ... დილამდე გელოდი და გამოგჭერი...
მზიდან.
გაურკვევლობის ბურუსში გკენკე სულ
წერტილ-წერტილ,
ქარით ვლესავდი თეძოებს, მთვარით აგივსე მკერდი.
მიწის წრებრუნვა ჩაგიდგი მუხლებში.
შენი სული
ენგურის შხეფთა ფრთონაა, ლაჟვარდით შენისლული.
სად თვალშეუდგამ სიმაღლეს უფსკრულის ხახა უმზერს,
წყაროსთვალივით გადაგდის უშბის ციმციმი ზურგზე.
დალის წავარნებს აჰყვები, სხივებს დაიხვევ მკლავზე,
დილის გაბრუებს ზღაპარი, სიზმარ-ცხადით
რო ვკაზმე.
მთათა ულაღეს კონტურებს ისე თამამად ერწყმი,
ხის ტოტზე გადარწეული ვაზის მგონიხარ ლერწი.
და მიჭირს შენი ტრფიალის ასე უჩუმრად ზიდვა,
მთელი სიცოცხლე გელოდი და გამოგჭერი...
მზიდან.