Litclub.ge

ბოდლერის ოფორტი
ბოდლერს ამბოხით შეხვდა პარიზი,
როს დეკადანსით დასწვა ფრანგული.
მან აირჩია მზის ასპარეზი, -
მრუშ მირაჟებში გზა დაბანგული.
ქუჩის ყვავილთა გაბოროტებით
შავ ვენერაზე აშრიტა ჟინი.
შეხვდა იდეალსდაფნის ტოტებით,
როცა ქალაქებს მოედო სპლინი.
ცოდვიან ქალებს ეკაბადონა:
მათ ტანის სურნელს, პუდრს, სამკლაურებს.
ო, ბეატრიჩე! წმინდა მადონნა!
დაატარებდა სულში ლაურებს.
ხავერდის კატა, ბუ და ღამურა,
უალერსებდნენ კაინის ძმობილს.
ბოდლერის ლანდი ესაღამურა
მძაფრ საუკუნის დიდებას თრობილს!
მაგრამ დაეცა დამბლა მედგარი 
და ნუგეშინად ის ჰქონდა ნაღალს,- 
პოეტის სულზე მამა, ედგარი,-
შეევედროდენ მეუფეს მაღალს!
ხალხში შეიქმნა მიეთ-მოეთი,-
უხმოდ კვდებოდა დენდი ნარინდი,
აგონდებოდა კვლავ ინდოეთი,
ალბატროსები და ტამარინდი! 

1920