Litclub.ge

ედგარ პოეს
შენი ოცნება დაჭრილ გონებით
ვეზუვის დუღილს მოსკდა ღვარულად
და პოეტისგან ეს სტრიქონები
გთხოვ შეიწირო მეტ სიყვარულად.
მოწაფეობა, კარტის თამაში,
შეშლილ ელენეს შორი ჩვენება,
შენ ჩაიხედე აკლდამაში
და სამუდამოდ არ გესვენება.
ვით ალბატროსმა ნახე ევროპა,
მზის საბერძნეთი და იტალია.
და როს გქანცავდა დაუდევრობა-
ხვდებოდი ლედის, წმინდა თვალიანს.
და ლიგეია საღვთო ღვლეფია,
რომ გიკიდებდა ტრფობის სიალეს,
ბოსტონ-რიჩმონდი ფილადელფია
ხშირად გიცქერდა მოხეტიალეს.
მაგრამ ლაჟვარდი დაიმსხვრა ჭექით, -
კვნესა გაისმა ჩამქრალ ხველებით.
ო, ვირგინია კვდებოდა ჭლექით
და გიჟდებოდი საშინელებით!
ეშერის სახლი დაეცა ძველი,
წითელ სიკვდილის გაჩნდა ლანდება.
მორგის ქუჩაზე გაიქცა მკვლელი 
და კომეტებით ცა ტორტმანდება.
ავარდა ტეხა შავ გრიგალების,
მთვარის მოგზაურს დაებნა გზანი
და სახელები ძვირფას ქალების
იყო ელმირა, მისტრის შ,უ ანნი.
მთები, მალსტრ,ომი, ზღვა და ქარები.
პოეზიაზე შენი ლექცია.
შესანდობელად დაჰკარ ზარები, -
გლოვა ლოცვებად რომ დაგექცია.
მაშინ საღამო იდგა ოლარით
და მეტეორი გადაქრა ცაზე.
და მიდიოდი ავი დოლლარით, -
შენ დაღუპულო, ნერვების წვაზე.
და სახარებას მერი მორანი 
ამაოდ შლიდა თეთრ არშიაში.
მიგასვენებდა ყბედი ყორანი
ნაზ ლენორასკენ ფრთების შრიალში!