Litclub.ge

სევერიანს
ვართ პოეტები ჩვენ უწინარეს 
და მასკარადში თავი გვეგონა.
ვიცვამთ ყოველთვის ნიღაბს მცინარეს
და პენსნედ აზის თვალს ირონია.

დავქრივარ ლუწად,მაგრამ კენტობა 
ხშირად გვამდიდრებს ჩვენ სმარაგდებით.
ბევრს გვაპატიებს ჩვენ სტუდენტობა,
ვით არლეკინებს თავის აგდებით.

ქვეყანა გვიჩანს როგორც სართველო,
გული-გიდელი დაგვაქვს მგზნებარად.
ო, ჩვენც გვიყვარდა სხვა საქართველო-
ესპანიაში მოსაძებარად.

შორეულ ქალზე თითქოს ვნებული, 
ყველა უცნობებს ვსდევდით სალამით.
და სახიფათოდ გაქანებული-
სოფელს ვსტიროდით ეპიტალამით.

მოდიან ჩვენსკენ ჩონჩხები ძნებად,
რომ შევუერთდეთ მგზავრებს მზიანში... 
ჩვენ ჯოჯოხეთშიც გადავალთ ძმებად-
როგორც გადვედით პოეზიაში!