Litclub.ge

კოჯრის იები
იქნებ სიმღერის დამთავრდა ჟამი,
მაისს ამაოდ ვეალერსები,
და დაფარული ყვითელი შლამით
ფსკერს ეხებიან ჩემი ლექსები.
ქარში მიხმობენ იები კოჯრის,
თუ ბეთანიის თეთრი თაღები,
ამდევნებია რითმები კოჭლი,
და თითქოს გული მეთანაღრება...
ის შარშანდელი ფოთლები გახმა,
და თვალწინ ჩუმი სევდა მინთია,
რომ ისევ მთაა სხვა მთების გაღმა
და ყველაფერი პირობითია.
და სულ ერთია, სად გაშლი აფრას,
ღრუბელს დასტოვებ გზაზე თუ შროშანს,
ბოლოსდაბოლოს ოთხკუთხედ საფლავს
დაფარავს მწვანე ბალახის დროშა...
იქნებ სიმღერის დამთავრდა ჟამი,
მტკვარს სულ ამაოდ ვეალერსები,
და დაფარული ფიქრით და შლამით
მიწაზე ყრია ჩემი ლექსები.